ანა რიაბოშენკო: „კრეატიული ინდუსტრია: კლასტერიდან სამზარეულომდე“

ინოვაციური იდეების განვითარება, კულტურისა და შემოქმედებითი სფეროს კომერციალიზაცია და მათი მხარდაჭერა - შემოქმედებითი საქართველოს მუშაობის მთავარი ამოცანებია. როგორ აპირებს ორგანიზაცია მათ მიღწევას და რა საშვილიშვილო საქმეებს ეჭიდება, შემოქმედებითი საქართველოს დირექტორმა ანა რიაბოშენკომ მოგვიყვა.

- მოგვიყევით პროექტზე „შემოქმედებითი ნაპერწკალი“. რა არის მისი მთავარი მიზანი?

- 2018 ივნისში ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით გახლდით ბრიტანეთში. მოგეხსენებათ, რომ ბრიტანეთს აქვს მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კრეატიული ინდუსტრიების ეფექტურობის თვალსაზრისით. ძირითად განვითარების წყაროს წარმოადგენენ უმაღლესი სასწავლებლები. ისინი უზრუნველყოფენ დაახლოებით წლიური ეკონომიკური ზრდის 9 პროცენეტს, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია, თუნდაც ისეთი განვითარებული ქვეყნისთვის, როგორიცაა გაერთიანებული სამეფო. იქ ყველა უმაღლესი პირდაპირ ორიენტირებულია საწარმოების განვითარებაზე, რაც ხორციელდება ინკუბატორების, ლაბების, ჰაბების, სტარტაპების მეშვეობით, და საბოლოო ჯამში გადაიქცევა რეალურ პროექტებად, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკას ამოძრავებენ. „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ ზუსტად ამისთვის შეიქმნა, რათა მისცეს საშუალება ქართულ უმაღლეს სასწავლებლებს ბრიტანელებთან პარტნიორობით აქ, საქართველოში შექმნან მსგავსი ჰაბები და განავითარონ შემოქმედებითი ინდუსტრიები. პროექტს მთლიანად ახორციელებს ბრიტანეთის საბჭოს სათაო ოფისი, საქართველოს წარმომადგენლობის კოორდინირებით. შემოქმედებითი საქართველო, როგორც ამ პროექტის წევრი, ყველნაირად ხელს უწყობს ქართულ უმაღლესებში ინფორმაციის გავრცელებას. ჩვენ ჩავატარეთ რამდენიმე პრეზენტაცია, ვეცადეთ ხმა მიგვეწვდინა ყველა დაინტერესებულ ჯგუფამდე, და გვეპასუხა ყველა შეკითხვაზე. უშუალოდ რამდენიმე სახელოვნებო უმაღლესს ვეხმარებით. თუმცა, პროექტში მონაწილეობა შეუძლია არა მხოლოდ უმაღლესებს, არამედ ნებისმიერ სახელოვნებო ორგნიზაციას და არასამთავრობო სექტორს. ძალიან ველით პროექტისგან დადებით შედეგებს.  

- ზაფხულში შემოქმედებითმა საქართველომ გააფორმა მემორანდუმი ბრიტანეთის საბჭოსთან. რას ეხება ეს მემორანდუმი?

- მემორანდუმი ეხება უნარების განვითარების თემას. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან NESTA, რომელიც კვლევით საქმიანობას ეწევა და ატარებს ტრენინგებს. მათ შექმნეს ერთერთი საუკეთესო სახელმძვანელო კრეატიულ ინდუსტრიებზე - „შემოქმედებითი მეწარმეობის ინსტრუმენტთა კრებული“. უკვე ნოემბერში გამოვა ქართული თარგმანის ელექტრონული ვერსია, რომელიც ჩვენს ვებ-გვერდზე ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება. 2019 წლის ზაფხულში NESTA-სთან ერთობლივად გვექნება ტრენინგი მენტორებისთვის თბილისში და ბათუმში. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტი უკვე განახორციელდა მოლდოვაში, უკრაინაში და  ბელორუსიაში. 

- ბევრს საუბრობენ საქართველოში პირველი კლასტერის შექმნაზე. რა ეტაპზეა ეს პროექტი?

- კლასტერი არის სხვადასხვა მიმართულებითა და კომპონენტით გაერთიანებული ორგანიზაციების ერთობლიობა, რომლებიც კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გზით აწარმოებენ ერთობლივ პროდუქტს და იღებენ ბენეფიტს. კულტურის სფეროში ასეთი მოდელი არ გვაქვს, მაგრამ ძალიან გვჭირდება. ბაზარი ძალიან შეზღუდულია. თუ მე ვარ, მაგალითად, ვიზუალური არტისტი, უნდა დავიარო მთელი თბილისი, რომ ვიპოვო ის მასალა ან ხელოსანი, რაც მჭირდება. ეს დიდ ხარჯებთან, რესურსებთან და დროსთან არის დაკავშირებული, და საბოლოო ჯამში, ბევრი თავს ანებებს და სხვა სექტორში გადადის სამუშაოდ, ან სულაც საზღვარგარეთ მიდის. 

- კლასტერი გადაჭრის ამ პრობლემას?

- არსებობს კლასტერის სხვდასხვა მოდელი. საქართველოში მხოლოდ მრავალფუნქციური კულტურული ცენტრი Fabrika წარმოადგენს ბიზნეს კლასტერს, მაგრამ მას არ აქვს სექტორული და სოციალური დატვირთვა. ამიტომ, ჩვენ გვინდა საპილოტე პროექტის შექმნა, რომელიც იქნება PPP-ზე (pubic private partnership) დაფუძნებული და გააერთიანებს ბევრ ორგანიზაციას. ეს მრავალკომპონენტიანი პროცესია, რომელსაც ყველაფერთან ერთად არსებული კანონმდებლობის დახვეწაც სჭირდება.

- რა ნაბიჯები დაისახეთ პირველ რიგში?

- ჩვენ ავირჩიეთ მრავალსაფეხურიანი მოდელი. პირველ ეტაპზე ჩავატარეთ ონლაინ-გამოკითხვა სხვადასხვა ფოკუს-ჯგუფებს შორის (არტისტები, კულტურის მენეჯერები, დაინტერესებული პირები) და მინდა გითხრათ, საკმაო ინფორმაცია მივიღეთ. მეორე ეტაპია საერთაშორისო ფონდებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, როგორებიცაა ბრიტანეთის საბჭო, გოეთეს ინსტიტუტი და სხვა. ამასთანავე ვთანამშრომლობთ სახელმწიფო სტრუქტურებთან, როგორებიცაა მერია, ეკონომიკის სამინისტრო და ა.შ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა ბიზნეს სექტორი - როგორც მომხმარებელი და როგორც მომავალი კლასტერის შემქმნელი. 2018 წლის ბოლოს ვაპირებთ კლასტერის საჯარო პრეზენაციის გამართვას. საბოლოო ჯამში, სახელმწიფოს ჩართულობით, ჩვენ ვგეგმავთ უნივერსალური კლასტერის მოდელის შექმნას, რომელიც შემდგომში რეგიონებს მოერგება.

- რეგიონებთან მუშაობას როგორ აპირებთ?

- კლასტერის პროექტის ფარგლებში, ჩვენ შეგვიძლია თანამშრომლობა სხვადასხვა ორგანიზაციებთან, მაგალითად ტექნოპარკთან (საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო), ვინაიდან ისინი უშუალოდ რეგიონულ განვითარებაზე არიან ორიენტირებულები. საქმე ის არის, რომ რეგიონებში მრავლადაა შესაბამისი შენობები, ძირითადად კულტურის ყოფილი სახლები. ეს კაპიტალური ნაგებობებია ინფრასტრუქტურით, მეტწილად ქალაქის თუ დასახლებული პუნქტის ცენტშრი, რომლებიც არანაირად არაა ათვისბული. მაშინ, როდესაც შესაძლებელია ისინი მრავალფუნქციურ ობიექტებად იქცნენ, იმ  მიმართულებით, რაც კონკრეტულ რეგიონს სჭირდება. 

- გარდა კლასტერზე მუშაობისა, რას მიიჩვენთ შემოქმედებითი საქართველოს ყველაზე დიდ გამოწვევად? 

- ამ ეტაპზე ჩვენ ორი დიდი მიზანი გვაქვს: პირველი - საქართველოში არსებული კრეატიული ინდუსტრიების თავმოყრა ერთ ვებ-პლატფორმაზე, და მეორე - ინდუსტრიების კლასიფიცირება და იმის დაზუსტება, თუ რა სექტორები ითვლება შემოქმედებით ინდუსტრიად ჩვენს ქვეყანაში. ეს კლასიფიკაცია სულ მალე ჩვენ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება. მომავალ წელს კი ვგეგმავთ ვებ-პლატფორმის საპილოტე ვარიანტის ჩაშვებას, სადაც საქართველოში არსებული ყველა კრეატიული ინდუსტრია იქნება თავმოყრილი.

- როგორ აფასებთ კრეატიული ინდუსტრიის დონეს საქართველოში? 

- შეიძლება, ტრაფარეტულად ჟღერს, მაგრამ პოტენციალი დიდი გვაქვს, უნარები კი ცოტა. ისევ ბრიტანეთის მაგალითს მოვიყვან, სადაც ჩვენ შევხვდით ერთ სტუდენტს, რომელმაც შექმნა საცურაო ეკიპირება და დღეს მისი კომპანიის წლიური ბრუნვა შეადგენს ერთ მილიონ ფუნტს. რატომ გამოუვიდა? იმიტომ რომ გამოდიოდა მომხმარებლის საჭიროებიდან. თავად იყო მოცურავე და იცოდა, რა იყო საჭირო. ასეთი მიდგომა მან თავისი უნივერსიტეტის ბაზაზე შეიძინა. ჩვენთან ეს მიდგომა არ არის მიღებული: ყველა გამოდის საკუთარი იდეოლოგიიდან და სწრაფი მოგების შოვნის სურვილიდან. მომხმარებლის მოთხოვნებზე და გრძელვადიან პერსპექტივზე არავინ ფიქრობს. მაშინ როდესაც მთავარია პროდუქტის სიცოცხლისუნარიანობა და კომპანიის გრძელვადიანი ხედვა.

- როგორ ფიქრობთ, რამ უნდა შეცვალოს ეს ვითარება? 

- საქართველოს კულტურა წარმოადგენს უდიდეს პოტენციალს, რომელიც უნდა სწორად შეფუთო და შესაბამისად წარმოაჩინო ბაზარზე. ავიღოთ ბიო ღვინო: ის უნიკალურია იმიტომ, რომ მზადდება მცირე რაოდენობით, განსხვავებული მეთოდით და ერთ კონკრეტულ ადგილას. ჩვენ ვერასოდეს ვერ გავუწევთ კონკურენციას საფრანგეთს ან ჩილეს ღვინის წარმოების რაოდენობით, სულ რომ მთელი საქართველო ვენახად ვაქციოთ. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვაწარმოოთ ღვინო, ისე, როგორც არავის არ შეუძლია. ან რატომ არის ქართული სამზარეულო ასეთი პოპულარული და რატომ მივიჩნევთ კრეატიული ინდუსტრიის პროდუქტად? იმიტომ რომ ტრადიციული ქართული კერძები, შეფუთული თანამედროვე ფორმაში, შესაბამისი ლეგენდით და ბრენდირებით, წარმოადგენს დასრულებულ კულტურულ პროდუქტს. მაგალითად, ცნობილი შეფ-მზარეული თეკუნა გაჩეჩილაძე, რომელიც წარმატებით წარმოადგენს საერთაშორისო დონეზე ქართული კერძების და ევროპული მიდგომის ნაერთს. შესაბამისად, კულტურას შეუძლია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მამოძრავებლად იქცეს.

Other interesting stories: