როგორ მიიღო ქართულმა თეატრალურმა პროექტმა შემოქმედებითი ევროპის €100 000 გრანტი

პროექტ „ქოროს“ განხორციელება ევროკავშირის პროგრამა „კრეატიული ევროპის“ ფარგლებში 2015 წელს დაიწყო და მასში საქართველოს, საფრანგეთის, პორტუგალიის, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და მაროკოს ორგანიზაციები მონაწილეობენ. რას ითვალისწინებს პროექტი და რა იდეის ირგვლივ გაერთიანდნენ მისი მონაწილეები, ამის შესახებ პროექტის  საქართველოს კოორდინატორი, თეატრმცოდნე ლევან ხეთაგური საუბრობს.

ბატონო ლევან, პირველ რიგში, გვიამბეთ თქვენიპროექტის იდეის შესახებ. 

„კრეატიული ევროპის“  გამარჯვებული პროექტის სახელწოდება „ქორო“  ბერძნული თეატრალური ქოროდან მომდინარეობს. სპეცუალურად ამ პროექტისთვის ჩვენ შევქმენით ალიანსი პორტუგალიის, მაროკოს, ბოსნია-ჰერცოგოვინას, საფრანგეთისა და საქართველოს შემადგენლობით და მისი მთავარი იდეა არის ქალაქებისა და რეგიონების ერთმანეთთან დაკავშირება. ქალაქებიდან კი პროექტში აქცენტი პორტოზე (პორტუგალია),  ლიონზე (საფრანგეთი), კასაბლანკაზე (მაროკო) და სარაევოზე (ბოსნია–ჰერცოგოვინა)  გავაკეთეთ. რაც შეეხება საქართველოს, რადგან აქ ცოტა განსხვავებული სიტუაცია გვქონდა,  თბილისთან ერთად პროექტში ბათუმი და წეროვანი ჩავრთეთ. ეს უკანასკნელი არის დასახლება, სადაც ძირითადად 2008 წლის საქართველო–რუსეთის ომის შედეგად ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობა ცხოვრობს. წეროვანის ჩართვას ჩვენი მხრიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი  განაპირობებდა. კერძოდ:  გვინდოდა დაგვენახებინა, რომ არა მხოლოდ მოქალაქეებს ევალებათ კულტურის სფეროს დაფინანსება მათ მიერ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების მეშვეობით, არამედ კულტურასაც გააჩნია გარკვეული სოციალური პასუხისმგებლობა საკუთარი  მოქალაქეების წინაშე. ამასთან ერთად,  ის პრობლემები, რაც ევროპას ბოლო დროს აღმოაჩნდა ლტოლვილების სახით მნიშვნელოვნად ცვლის მანამდე არსებულ მსოფლმხედველობას. თუმცა ჩვენ ცოტა უცნაურ მდგომარეობაში ვართ, რადგან გვყავს იძულებით გადაადგილებული საკუთარი მოქალაქეები და არა უცხო ქვეყნის  მოქალაქეები როგორც ეს  ევროპის შემთხვევაში მოხდა. ამიტომაც წეროვანის ჩართვა ამ პროექტში ჩვენთვის  გარკვეულწილად იყო ჩვენივე გამოცდილების დანახვა. ამას ისიც დაემატა , რომ „კრეატიულ ევროპაში“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი აუდიტორიის განვითარებაა.  

რა ფორმით და ხერხებით უნდა განგეხორციელებინათ პროექტის იდეა? 

პროექტი გაერთიანებულია თეატრალური ჯგუფის გარშემო, რომელიც მუშაობს ინტერაქტიური თეატრის პრონციპით. უფრო გასაგებად რომ ვთქვეათ, ეს არის ფორუმ–თეატრი, რომლის მიზანია სოციალური პრობლემებისა და კონფლიქტური სიტუაციების  წარმოჩენა  და მის მოგვარებაში  საზოგადოების აქტიურად ჩართვა.

მიუხედავად იმისა, რომ  ჩვენი პროექტი რამდენიმე კომპონენტისგან შედგებოდა, პორტუგალიის გარდა ყველა ქვეყანაში ძირითადად სპექტაკლებით და ვორქშოფებით შემოვიფარგლეთ. აქ საუბარია ფორუმ–თეატრის წარმოდგენებზე, რომელთა მიზანი სოციალური პრობლემებისა და კონფლიქტური სიტუაციების წარმოჩენა და მათ მოგვარებაში  საზოგადოების აქტიურად ჩართვაა. პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ფოტოგამოფენის მომზადება და  რამდენიმე კრებულის გამოცემა.

და, მაინც, რომელია პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი? 

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე ქვეყანაში ვორქშოფების შედეგად შეირჩა ახალგაზრდები მსახიობები, რომლებიც ლიონში  დაგეგმილ პროქტის შემაჯამებელ ნაწილში მიიღებენ მონაწილეობას.  საქართველოდან სამი  მსახიობია შერჩეული,  ორი  ბათუმიდან და ერთი ახლაგაზრდა თბილისიდან. ისინი ივლისის თვეში გაემგზავრებიან ლიონში, რათა  მონაწილეობა მიიღონ   ვორქშოფში და  სპექტაკლში. ასევე  გათვალისწინებულია ხუთი შეხვედრა აუდიტორიასთან, აქედან სამი რეპეტიციების დროს. სპექტაკლი რამდენიმე  მოკლე იგავისგან  შედგება, სადაც ტექსტი თითქმის არ არის. აქ სხვადასხვა სიტუაციებია გათამაშებული ძალაუფლებაზე, შიმშილზე, საზღვრებზე.  სპექტაკლი აგებულია საინტერესოდ, რადგან ყველა ამ ყოფით პრობლემას საპირწონედ აქვს ხელოვნება. საინტერესოა ის, რომ  მაყურებელი მას   ყველგან სხვანაირად ხედავს. ჩვენ საქართველოს სამ ქალაქში ვაჩვენეთ ეს სპექტაკლი და სამივეგან მაყურებელთან დისკუსიის დროს სულ სხვადასხვა შედეგები მივიღეთ. თბილისში მაყურებელი ხედავდა თანამდებობისთვის ბრძოლას, რაც ალბათ ლოგიკურია რადგან დედაქალაქში თითქმის ყველა კარიერის შესაქმნელად ჩამოდის, ბათუმში ყველა ხედავდა, რომ მნიშვნელოვანია პირადი სივრცის დაცვა  და მარტო წეროვანი აღმოჩნდა ადგილი, სადაც მაყურებელმა რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს ეს,  სამივე თემა დაინახა.  უფრო მეტიც, მხოლოდ მათ ჰქონდათ იმედი, რომ საზღვრებსაც , შიმშილსაც და ძალაუფლებასაც ხელოვნება დაამარცხებს და ეს  ემოციურადაც ძალიან საინტერესო იყო. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო გაგვეგო თუ როგორ განსხვავდებიან ადამიანები  სხვადასხვა მდგომარეობისგან გამომდინარე. ეს პროქტი  ასევე  კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ მასში ჩართულმა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა  შემდგომშიც გააგრძელონ ურთიერთობა. ასეთ პროექტებს რა თქმა უნდა  ვერ ექნება გლობალური ამოცანები, მაგრამ ხშირად ლოკალური მოქმედებს ხოლმე გლობალურზე. ამავე დროს, ჩვენ იმედი გავქვს,  რომ ივლისის თვეში როდესაც მოხდება პროექტის ყველა მონაწილის შეკრება ეს ჩვენთვის  დამატებითი გამოცდილება იქნება.

როგორ იპოვეთ პარტნიორები? 

ჩვენ  ძალიან ბევრი პარტნიორი გვყავს  სხვადასხვა ქვეყანაში, რომლებთანაც  ურთიერთობას მუდმივად ვინარჩუნებთ, მიუხედავად იმისა ვახორციელებთ თუ არა  პროექტებს.  გასაგებია, რომ ჩვენ პარტნიორებს ხშირად ვეძებთ პროექტიდან გამომდინარე, მაგრამ მათთან დამოკიდებულება მაინც ისეთივეა, როგორც მეგობრების მიმართ. ჩვენ მრავალწლიანი ურთიერთობა გვქონდა საფრანგეთთან, სხვები კი იდეიდან გამომდინარე მოვიწვიეთ. ამ შემთხვევაში მაროკო  საინტერესო იყო იმით, რომ  პრაქტიკულად სხვა კონტინენტს წარმოადგენდა, პორტუგალიას ერთ-ერთი ძალიან კრეატიული მდგომარეობა აქვს ქალაქების განვითარების თვალსაზრისით. სარაევო საინტერესო იყო იმით რომ ეს არის საკმაოდ მძიმე შედეგებ გამოვლილი ქალაქი.  საქართველო ამ შემთხვევაში იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ ევროპისა და აზიის  გასაყარზე მდებარეობს, აქვს  გამოცდილება ლტოლვილებთან და სხვა ქვეყნის აგრესიასთან დაკავშირებით.   ამ პროექტის ერთ–ერთი მიზანი მაინც  ის იყო, რომ ჩვენ შეგვექმნა  პლატფორმა კულტურის  გაცვლისთვის ამ ქვეყნებს შორის და მოსახლეობის, როგორც მაყურებლის განვითარება.

გვიამბეთ იმ  სირთულეების შესახებ, რომლებსაც პროექტის მომზადების პროცესში წააწყდით? 

ყველაზე დიდი სირთულე ეს მაინც ადგილობრივი თანხების მოზიდვა იყო. როგორც ცნობილია,  „კრეატიული ევროპის“ ერთ-ერთი მთავარი საკვანძო კომპონენტი ევროკავშირის დაფინანსებაა, რომელიც პროექტის ბიუჯეტის  60% შეადგენს, ხოლო მონაწილე ქვეყნის ფინანსური ვალდებულება 40% –ით განისაზღვრება. როდესაც ჩვენ დედაქალაქიის მერიას მივმართეთ,  მათგან სრულიად არაპროფესიული პასუხი მივიღეთ, თქვენ ევროპული გრანტი მიღებული გაქვთ და რაში გჭირდებათ დაფინანსებაო. ანალოგიური სიტუაცია დაგვხვდა ბათუმის მერიაშიც. ამ შემთხვევაში მთავარი სირთულეს არაპროფესიონალი კადრები წარმოადგენდნენ. საბოლოო ჯამში პროექტის განხორციელება საქართველოს კულტურის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  კულტურის სამინისტროს დახმარებით გახდა შესაძლებელი. სამინისტროს უფრო მეტი კომპეტენცია აღმოაჩნდა, ვიდრე ურბანულ უწყებებს , რაც მთელ მსოფლიოში პირიქით ან თანაბრად არის ხოლმე.

რა დრო დახარჯეთ პროექტისა და განაცხადის  მომზადებაზე და რა იყო ყველაზე რთული ამაში?  

ჩვენ თითქმის ექვსი თვე ვმუშაობდით განაცხადზე. ინფორმაციის სწრაფად გასაცვლელად ვიყენებდით  თანამედროვე ტექნოლოგიებს: Skype-კონფერენციებს, შექმნილი გვქონდა საერთო ინტერნეტ სივრცე და ეს დროის დიდ ეკონომიას გვაძლევდა. ჩვენ ამ გაერთიანებამ მოგვცა ის,  რომ,  პროექტი პასუხობდა  ევროკავშირის მხრიდან დასმულ მოთხოვნებს.  რა თქმა უნდა განაცხადების მომზადება ახლად შექმნილი ორგანიზაციებისთვის გაცილებით უფრო რთულია, რადგან მათ მუშაობის პროცესში  საკმაოდ კრეატიული მიდგომებიც და გამოცდილება სჭირდებათ.

რას ურჩევდით სხვა ორგანიზაციებს, პროგრამა „კრეატიულ ევროპასთან" თანამშრომლობის საქმეში წარმატების მისაღწევად? 

პირველ რიგში პროექტს მოკლევადიანი მიზნები უნდა ჰქონდეს, და ის მხოლოდ რამდენიმე პრობლემის გადაჭრაზე უნდა იყოს ორიენტირებული. რადგანაც  ძალიან დიდი მიზნები, როგორც წესი არ ფინანსდება. ჩვენ რაც არ უნდა გვჯეროდეს, რომ  შევძლებთ მათ მიღწევას, მეორე მხარეს ამისი არ სჯერა. გარდა ამისა, ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენი ორგანიზაციებისთვის და ეს თანაბრად ეხება როგორც  საქართველოს ასევევ მთელ აღმოსავლეთ პარტნიორობის  ქვეყნებს, არის ნაკლები  ჩართულობა პროფესიულ ქსელებში. ამის გამო ორგანიზაციები პირველ რიგში პარტნიორების ძებნის პრობლემის წინაშე დგებიან და ამავე დროს რეალური პრობლემების დანახვა უჭირთ. ჩვენ ძალიან ხშირად გვგონია, რომ ჩვენი სახლის წინ გაჩენილი ორმო  შეიძლება იქცეს გლობალურ პრობლემად და უფრო მეტიც, ჩვენ ვერ ამოვავსებთ მას თუ არ შეიცვალა იმ ხალხის ცნობიერება, „ვისაც ეს ეხება“. ამ შემთხვევაში  ისევ კულტურა უნდა გახდეს ის  ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც ჩვენ შევძლებთ  მაყურებლის ცნობიერების შეცვლას, რომ მას ორმოს ამოვსების მოთხოვნა გაუჩნდეს და ეს არის ამ შემთხვევაში ყელაზე მნიშვნელოვანი.

Other interesting stories: