7 მნიშვნელოვანი დეტალი საქართველოს კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესიდან
პირველი ნაბიჯი
პირველი ნაბიჯის გადადგმა ყოველთვის ძალზედ რთულია და საჭიროებს პარტნიორთა მიერ პასუხისმგებლობის გადანაწილებას ყველა პოტენციურ შედეგზე, რომელიც აღნიშნული ნაბიჯის შედეგად შეიძლება განვითარდეს. რეალურად, 2015 წლის 30 ინვარს საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებული განაცხადი გულისხმობს კულტურის სფეროსთან ხელისუფლების დამოკიდებულების კარდინალურ ცვლილებას. კულტურის ვიწრო კონცეფციიდან ფართო განსაზღვრებაზე გადასვლას, სადაც კულტურა და შემოქმედება არის საზოგადოებრივი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, ეკონომიკის და ქვეყნის სტრატეგიული განვითარების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. ეს არის ამბიცია უარი ეთქვას პოსტ-კომუნისტურ მიდგომებს, სადაც კულტურის სფერო წარმოადგენს მმართველი გუნდის პოლიტიკური ინტერესების გასამართლებელ ინსტრუმენტს და მის ნაცვლად, განმტკიცდეს თანამედროვე, ევროპული მიდგომა, სადაც კულტურის პოლიტიკა წარმოადგენს საზოგადოებრივი პოლიტიკის ნაწილს და პოლიტიკის მთავარი მიზანია საზოგადოების განვითარებისთვის საერთო, ნაყოფიერი და შემოქმედებითი კლიმატის შექმნა ქვეყანაში.
არსებული გარემოება
აღნიშნული ნაბიჯის მომწიფებას ხელი შეუწყო მრავალმა გარემოებამ. მათ შორის, ყველაზე ცხადი და პრობლემური იყო თანამედროვეობასთან შეუსაბამო, მოქმედი კულტურის პოლიტიკა, რომელიც ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი შემაფერხებელი კომპონენტი გახდა. სამინისტროს ინიციატივამ, პოლიტიკის განახლებასთან დაკავშირებით, პოტენციური პარტნიორები გამოავლინა. ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პირველი პროგრამა, ინიციატივის გაჟღერებიდანვე, ჩართულნი იყვნენ პროცესში და მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მეთოდოლოგიური პრაქტიკის და მთელი პროცესის პრინციპების განსაზღვრაში. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ტერმინი - „პარტნიორობა“ გასაგებია ბიზნესში, მისაღებია არასამთავრობო სექტორში, მაგრამ როდესაც საუბარია სამთავრობო ინსტიტუტების, კერძო და არასამთავრობო სექტორის, მედია საშუალებების და თავად საზოგადოების პარტნიორობაზე, პროცესის მონაწილეთა უმრავლესობა მოუმზადებელი აღმოჩნდა ასეთი გამოწვევისთვის. მოცემულობა, სადაც გაერთიანების მისაღწევად პარტნიორებისთვის პროცესის საბოლოო შედეგი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს ვიდრე დღევანდელი მოკლევადიანი ინტერესები და ყოველი პარტნიორის ძლიერება თუ სისუსტე სხვათა საზრუნავია, რადგან განსაზღვრავს პროცესის წარმატებას ან წარუმატებლობას, მონაწილეთათვის რთული მისაღები აღმოჩნდა. არადა, ამ ათწლიანი პროცესის წარმატებისთვის სწორედ საყოველთაო პარტნიორობა არის საჭირო. საქართველოს შემთხვევაში ერთეული გამონაკლისების გარდა, სრულფასოვანი „პარტნიორობა“ ჯერჯერობით ვერ შედგა, აღნიშნული ნაკლოვანების აღმოფხვრა საჭირო გახდება მომდევნო ეტაპებზე, რისი პოტენციური შესაძლებლობა გამოვლინდა ახლახან დასრულებული კონსულტაციების მეორე ფაზაზე. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ხელისუფლებათა მრავალწლიანი იზოლირებული მმართველობის შემდეგად გაჩენილი ნაპრალი მთავრობასა და საზოგადოების შორის საკმაოდ დიდია და პირველივე ინიციატივაზე მისი ამოვსება შეუძლებელია, მაგრამ პროცესის დაწყებამდე, წინასწარ ნიადაგის დამუშავებამ ურთიერთობების დათბობაზე შესაძლებელია დადებითად იმოქმედოს.
მეთოდი
სამინისტროს შეეძლო აერჩია ადვილი გზა და დაექირავებინა საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც მართლაც მაღალი ხარისხის დოკუმენტს მოამზადებდნენ, მაგრამ ეს სტრატეგია დარჩებოდა როგორც სხვა მრავალი დოკუმენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამთავრობო სტრუქტურების თაროებზე და მისი განხორციელება ვერ შედგებოდა. იმისთვის, რომ დოკუმენტი იყოს სიცოცხლისუნარიანი და გამოყენებულ იქნას როგორც ათწლიანი პროცესის გზამკვლევი, მისი ფუნქცია, შედგენის მეთოდიკა და მიზნამდე მიმავალი გზა უნდა იყოს გასაგები ყოველი ინდივიდისთვის, რომელიც მოიაზრება საერთო პროცესის თანამონაწილედ. რეალურად აღნიშნულში არაფერია ახალი, ათასწლეულების წინაც ადამიანის შემეცნების ამაღლების საუკეთესო მეთოდი პროცესის თანამონაწილეობა იყო.
„მითხარი და დამავიწყდება. მანახე და შეიძლება დავიხსომო. (პროცესში) ჩამრთე და გავიგებ“. კონფუცი, დაახლოებით 450 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
საზოგადოებრივ კონსულტაციებს და ჩართულობას აქვს რამდენიმე ძირითადი მიზანი:
ინფორმირება - საზოგადოების ინფორმირება მთავრობის მიერ დაგეგმილი აქტივობებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ;
აზრის გაგება - საზოგადოების დამოკიდებულების გაგება პოლიტიკაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით;
მონაწილეობა და პარტნიორობა - აქტივობები და მოსალოდნელი შედეგები საჭიროებს ერთობლივ განხილვას და შეფასებას.
სამინისტრომ პარტნიორებთან ერთად შეარჩია ყველაზე რთული გზა, რომელიც დაფუძნებულია ევროგაერთიანების ქვეყნების საუკეთესო გამოცდილების მაგალითებზე; რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ინსტიტუტების, კერძო და არასამთავრობო სექტორის, მედია საშუალებების და საზოგადოების მონაწილეობით კულტურის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას. აღნიშნული არჩევანი როგორც საქართველოსთვის, აგრეთვე მთელი რეგიონისთვის რეალურად პროგრესული ნაბიჯია და წარმოადგენს საზოგადოებისა და მთავრობის ურთიერთთანამშრომლობის თანამედროვე მოდელს, რომელიც დაფუძნებულია საყოველთაო ჩართულობაზე, პროცესის გამჭვირვალობაზე და პარტნიორების თანასწორობაზე. ეს არის მეთოდი, სადაც პროცესი შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს ვიდრე თავად დოკუმენტი და წარმოადგენს საფუძველს ახალი, განსხვავებული გარემოს შესაქმნელად, სადაც გადაწყვეტილების მიღების მეთოდიკა სრულიად იცვლება; სადაც პროცესის ყოველი მონაწილე არის თანასწორი როგორც უფლებებში, აგრეთვე პასუხისმგებლობებში; სადაც გამარჯვებული ან დამარცხებული აღარ არსებობს და თუ გამარჯვებაა, ის მთელი საზოგადოების მონაპოვარია; სადაც დოკუმენტს ავტორი არ ჰყავს, ის ქვეყნის საზოგადოების პროდუქტია და საყოველთაო ძალისხმევის მთავარი მიზანია ქვეყნის თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა.
ინსტრუმენტები და სამუშაოები
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ კონსულტაციების წარმართვის მიზნით, კულტურის სფეროს წარმომადგენლებისაგან ღია წესით შეარჩია კულტურის სტრატეგიის საკოორდინაციო ჯგუფი (34 წევრი); კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დეპარტამენტების წარმომადგენლებით დააკომპლექტა შიდა საკოორდინაციო ჯგუფი (10 წევრი); საჯარო უწყებებს შორის კომუნიკაციისთვის ჩამოყალიბდა სამთავრობო კომისია, სადაც შევიდა ყველა სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, ავტონომიური რესპუბლიკების და თბილისის მერიის წარმომადგენლები (41 წევრი). შეიქმნა სპეციალური ვებგვერდი www.culturepolicy.ge. სადაც არის განთავსებული სრული ინფორმაცია მთელი პროცესის შესახებ და დაინტერესებული მოქალაქეებისთვის ონლაინ კითხვარები. აღნიშნული კითხვარები საჯარო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინსტიტუტებს დაეგზავნათ წერილობით (სულ 297 წერილი); კონსულტაციების პირველ ფაზაზე ორგანიზებულ იქნა 11 რეგიონალური და 17 სექტორული სესია; კონსულტაციების და გამოკითხვის შედეგად შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე შეიქმნა დოკუმენტის სამუშაო ვერსია. კონსულტაციების მეორე ფაზაზე სამინისტრომ გამართა 11 რეგიონალური სესია, რომლის პარალელურად აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამის ორგანიზებით შედგა 13 სექტორული სესია.
ზემოხსენებული სამუშაოების მოცულობა გამოწვეულია საქართველოში კულტურის სფეროში კომუნიკაციის არხების არარსებობით. კომუნისტურ წარსულში მოქმედი სექტორული გაერთიანებები აღარ არსებობს და ახალი ე.წ. „ქოლგა ორგანიზაციები“ თუ ასოციაციები, სამწუხაროდ, არ შექმნილა. შესაბამისად, არ არსებობს ერთი ინსტიტუცია რომელსაც აქვს უფლებამოსილება ისაუბროს სექტორის სახელით. აგრეთვე არ არის ბეჭდური პუბლიკაცია, რომლის მეშვეობითაც გახდებოდა შესაძლებელი სფეროს წარმომადგენლებთან, თუნდაც ცალმხრივი, კომუნიკაცია. არ ფუნქციონირებს ტელე-რადიო მაუწყებლობა, რომელიც სრულად ორიენტირებულია კულტურის სფეროზე. აღნიშნული ინსტრუმენტების არსებობის აუცილებლობაზე საუბარი თავად სტრატეგიის დოკუმენტშია, მაგრამ მათ ამოქმედებას არსებითი მნიშვნელობა პროცესის დაწყებამდე აქვს.
სტრატეგიის დოკუმენტი
ბოლო ათწლეულების მანძილზე საქართველოში მოქმედმა არამართლზომიერმა პოლიტიკამ კულტურის სფეროს შეუქმნა უამრავი პრობლემები, რომელთა მოგვარება მოკლევადიან პერსპექტივაში შეუძლებელია; ამიტომაც სტრატეგიის დოკუმენტი ორიენტირებულია 10 წელზე, რაც იძლევა საშუალებას არსებული პრობლემები ეტაპობრივად გადაიჭრას. სტრატეგიის დოკუმენტი აღწერს საქართველოს კულტურის სფეროში მოსალოდნელ გარემოს 2025 წლისთვის, სადაც კონსულტაციების გზით იდენტიფიცირებული პრობლემები აღარ არსებობს და დოკუმენტში გაწერილი ამოცანების გადაჭრის გზით მიიღწევა. კონსულტაციების საფუძველზე განისაზღვრა 8 ძირითადი მიზანი, რომელთა მიღწევით ყალიბდება გარემო სადაც:
- კულტურისა და შემოქმედების ღირებულება გაცნობიერებულია საზოგადოებაში და ინტეგრირებულია განათლების სისტემის ყველა დონეზე.
- კულტურა ხელმისაწვდომია საზოგადოების ყველა წევრისთვის, ადგილმდებარეობის განურჩევლად, კულტურული მრავალფეროვნება დაცულია და მხარდაჭერილი;
- კულტურა და შემოქმედებითობა ქვეყნის განვითარების ინტეგრირებული ნაწილია, რაც დამატებით ინოვაციურ შესაძლებლობებს ქმნის სხვა დარგების გაძლიერებისთვის და ხელს უწყობს საქართველოს საზოგადოების მდგრადობასა და კეთილდღეობას;
- კულტურის სფეროში დასაქმება მიმზიდველია და სფეროს მუშაკთა ღვაწლი სათანადოდაა დაფასებული;
- კულტურის ინფრასტრუქტურა შეესაბამება მომხმარებლისთვის თანამედროვე, მაღალხარისხიანი პროდუქტის და მომსახურების მიწოდების მოთხოვნებს;
- კულტურის სფეროს ფინანსური მხარდაჭერა სტაბილურია, დაფინანსების მექანიზმები - მრავალფეროვანი და გამჭვირვალე;
- კულტურის პოლიტიკა დაფუძნებულია კვლევებზე, პოლიტიკის ღია და გამჭვირვალე პროცესში ჩართულია პროფესიული წრეები და ფართო საზოგადოება;
- კულტურა და შემოქმედება სამუშაო ადგილების შექმნის, ეკონომიკის ზრდისა და ინოვაციის მნიშვნელოვანი წყაროა; ინდივიდის შემოქმედებითობის გამოსავლენად შექმნილია საუკეთესო გარემო.
კონსულტაციების მეორე ფაზა
საქართველოს კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესში აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამის მიერ ორგანიზებული სექტორული შეხვედრების მეორე ფაზამ საზოგადოება დაარწმუნა პროცესის სერიოზულობაში და გააღვივა მოლოდინი, რომ 2015 წელს გაჟღერებული ინიციატივა შეიძლება მართლაც რეალური ცვლილებებით დასრულდეს. პროგრამის მიერ აღებულმა შუამავლის როლმა კონსულტაციებს ააცილა ზედმეტი ემოციები და პროცესი გადაიყვანა კონსტრუქციულ დიალოგის რეჟიმში. ეს არ ნიშნავს რომ ყველა კმაყოფილია, რომ აღარ არის კულტურის სფეროში პარტნიორთა შორის უნდობლობა ან ცინიზმი, მგრამ ეს ნიშნავს იმას რომ გაჩნდა იმედი საყოველთაო ჩართულობით და პარტნიორობით ქვეყანაში რეალური ცვლილებების განხორციელებისა. აუდიტორიიდან იყო გამოთქმული საკმაოდ კრიტიკული კომენტარები დოკუმენტის შესახებ, იყო დაფიქსირებული ახალი საკითხები, რომლებიც აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული დოკუმენტში, იყო მოულოდნელი კმაყოფილებაც, როდესაც აუდიტორიის წარმომადგენლებმა კონსულტაციების პირველ ფაზაში დაფიქსირებული საკუთარ კომენტარები ამოიცნეს სამუშაო დოკუმენტში. მაგრამ ყველაზე მთავარი იყო ის, რომ მიუხედავად დაძაბული დისკუსიისა, სესიის ბოლოს ყველა თანხმდებოდა, რომ სტრატეგიის დოკუმენტი მნიშვნელოვანია, კონსულტაციების გზა არის საუკეთესო არჩევანი და კომპრომისის გზით შესაძლებელია შეთანხმების მიღწევა. 13 სესიის მონაწილეების უმრავლესობამ გამოთქვა მზაობა სამოქმედო გეგმის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობის მისაღებად.
გამოწვევები
მიმდინარე ეტაპზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა მოქალაქეთა შეზღუდული მონაწილეობა სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების და მის განხორციელების პროცესში. კულტურის სტრატეგიის შემუშავების მეთოდოლოგიური პრაქტიკა შეიძლება გამოყენებულ იქნას ყველა დარგში და მისი მეშვეობით შესაძლებელია საერთო საზოგადოებრივი კონსესუსის მიღწევა. თუ რაიმე მიზეზით მოხდა პროცესის შეჩერება ან იმპლემენტაციის ფაზაზე შეიცვალა მეთოდოლოგია, ეს არ იქნება მხოლოდ კულტურის სფეროს გამოწვევა. საქართველოში დაიკარგება ყველანაირი მოტივაცია „რთული გზის არჩევანისა“. თუ საყოველთაო ჩართულობაზე, გამჭირვალობაზე და პარტნიორების თანასწორობაზე დაფუძნებული პროცესი არ შედგება, ეს ნიშნავს საზოგადოებაში ყოველგვარი იმედის დაკარგვას, რომ ამ გზით შესაძლებელია რაიმე ცვლილების მიღწევა და შესაბამისად მრავალი წლით გადაიდება საზოგადოების დემოკრატიული განვითარება. აღნიშნული არ წარმოადგენს იდეალისტური თეორიის თეზისებს, უბრალოდ ეს თანამედროვე რეალობაში ერთადერთი არჩევანია. ჩვენი ქვეყნების კონსტიტუციური მოწყობა აგებულია დემოკრატიულ პრინციპებზე. აღნიშნულ პრინციპებზე დაფუძნებული სახელისუფლებლო ინსტიტუტები საჭიროებენ მმართველობის დემოკრატიულ მეთოდიკას. არც ცენტრალურ და არც ადგილობრივ ხელისუფლებას არ შეუძლია მათი ამომრჩევლების ყველა მოლოდინის დაკმაყოფილება. ყოველთვის არსებობს გადაუჭრელი პრობლემები, საკითხები არასაკმარისი ფინანსური რესურსის პირობებში, რომლებიც მოგვარებას საჭიროებენ. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უახლოეს ისტორიაში არაერთხელ დადასტურდა, რომ უკმაყოფილო ამომრჩევლისგან დასაცავად, ხელისუფლების მცდელობა განმუხტოს სიტუაცია, აუცილებლად იწვევს დანაშაულებრივი გადაწყვეტილებების მიღებას. საზოგადოების ჩართულობა სამთავრობო გადაწყვეტილების პროცესში წარმოადგენს ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც არის შესაძლებელი დემოკრატიის პირობებში ქვეყანაში ბალანსის შენარჩუნება. აღნიშნული პირობა წარმოადგენს აუცილებლობას სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესისთვის. სამოქალაქო საზოგადოება წარმოადგენს გამტარ რგოლს მთავრობასა და მოსახლეობას შორის და ხშირად მთავრობის ფარს უკმაყოფილო ამომრჩევლისგან დასაცავად. პარტნიორული, თანასწორი ურთიერთობა მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის არის ერთადერთი გზა თანამედროვე რეალობაში დემოკრატიული გარემოს შესანარჩუნებლად.
საზოგადოების დემოკრატიული განვითარება არის კაცობრიობის განვითარების ერთ-ერთი ეტაპი, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია. დღევანდელ ევროპაში მიმდინარე კრიზისი გამოწვეულია საზოგადოების განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის აუცილებლობით, არსებული პრინციპები და ღირებულებები ვეღარ პასუხობს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში არსებული გარემოს და საზოგადოების განვითარების დონეს. დღევანდელი მსოფლიოს ინტეგრალურობა გამორიცხავს ინდივიდუალურ კეთილდღეობას, ყველა დონეზე. საჭიროა ახალი ინტეგრირებულ ღირებულებებზე აგებული იდეოლოგია, რომელიც ორიენტირებულია საერთო კეთილდღეობაზე. აღნიშნული ეტაპი მიღწევადია მხოლოდ იმ საზოგადოებისთვის, რომელმაც დემოკრატიული ღირებულებები აღიქვა, შეიგრძნო და მომწიფდა ახალი საფეხურისთვის. სამწუხაროდ, საფეხურის გამოტოვების შემთხვევაში მომდევნო საფეხურზე გადახტომა შეუძლებელია. სიტყვა კრიზისი ორმხრივი მნიშვნელობისაა, ერთის მხრივ ის გარკვეული ეტაპის დასასრულს მოასწავებს, ხოლო მეორეს მხრივ, ახალი ეტაპის დაწყებას განსაზღვრავს.