მაია დარჩია: ხელოვნებას დიდი ძალა აქვს და ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ

ბრიტანეთის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობა ყოველწლიურად ახორციელებს ათეულობით პროექტს, რომელიც უშუალოდ ხელს უწყობს ქვეყანაში კულტურული ინდუსტრიების გაძლიერებას. დიდ გეგმებზე და დიდ იმედებზე ხელოვნების პროგრამის მენეჯერი მაია დარჩია მოგვიყვა.

– როგორ შეიცვალა კრეატიული ინდუსტრიების მდგომარეობა ბოლო წლებში?

– ბევრად წინ ვართ გასულ რამდენიმე წელთან შედარებით, როდესაც თავად კულტურის სფეროში დასაქმებულებს უჭირდათ ამ ცნების გააზრება. მაგალითად, ხშირად ისმოდა კითხვა – „რა კავშირშია ერთმანეთთან ეკონომიკა და ხელოვნება?“ ჩემი აზრით, ჩვენ მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოვიშოროთ ასეთი სტერეოტიპები. თუმცა, მაინც ბევრი მუშაობა მოგვიწევს იმისათვის, რომ ეკონომიკაში კულტურის სექტორის ადგილი სწორად განისაზღვროს. ჩვენ გვიწევს სხვადასხვა სექტორებს ვუმტკიცოთ, რომ კულტურა და ხელოვნება მნიშვნელოვანია, რადგან ის არა მარტო ესთეტიური ფასეულობების მატარებელია, არამედ მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ფუნქციაც ეკისრება და ასევე ეკონომიკური სარგებლის მოტანის დიდი პოტენციალი გააჩნია, მითუმეტეს ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.

– რას დაასახელებდით 2018 წლის ყველაზე მნიშვნელოვან პროექტად?

– ბრიტანეთის საბჭომ დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი სახელწოდებით „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ (Creative Spark). ვფქირობ, ახალ დონეზე ავიყვანეთ კულტურისა და კრეატიულობის სექტორის განვითარებაზე ზრუნვა. ეს პროგრამა, რომელიც საქართველოს გარდა კიდევ ექვს პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ხორციელდება, ხელს უწყობს საგანმანათლებლო სექტორში კულტურისა და კრეატულობის როლის და, განსაკუთრებით შემოქმედებითი პროფესიების ადამიანებში ბიზნეს უნარების განვითარებას. სწორედ ამიტომ, ძალიან სასიამოვნოა, რომ პროგრამით დაინტერესდნენ არა მხოლოდ სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლები. შემოქმედებითი ინდუსტრიები ხომ არ გულისხმობს მხოლოდ ხელოვნების განვითარებას, არამედ ის სრულიად კოლაბორაციული სექტორია. შესაბამისად, ამ პროგრამის მეშვეობით ქართული უნივერსიტეტების ბაზაზე შეიქმნება ჰაბები, რომლებიც სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს დააკავშირებს და განუვითარებს მათ ბიზნეს (ანტრეპრენერულ) უნარებს.

– რა ნაბიჯებია დაგეგმილი პროგრამის დასაწყისისთვის?

– პირობების თანახმად, შერჩეული ორგანიზაციები მიიღებენ ორწლიან დაფინანსებას; მაგრამ პირველი წლის თავზე მოხდება დაფინანსებული ორგანიზაციების მიერ ჩატარებული საქმიანობის შეფასება, და მხოლოდ დადებითი შეფასების საფუძველზე ისინი მიიღებენ შემდგომ დაფინანსებას. ამასთანავე, ერთი წლის შემდეგ კვლავ გამოცხადდება კონკურსი მათთვის, ვინც წელს ვერ შეძლო კრიტერიუმების დაკმაყოფილება, ან ვერ მოიძია ბრიტანელი პარტნიორი.

– როგორია პროგრამის განხორციელების მექანიზმი?

– უპირველეს ყოვლისა, დაგეგმილია მონაწილეთა ბიზნეს უნარების, მაგალითად ბიზნეს იდესის ჩამოყალიბების, განვითარების და მისი პრეზენტაციის უნარების გასავითარებელი ტრენინგები. პროგრამაში გავითვალისწინეთ დღევანდელ სამყაროში ინგლისურის როგორც საკომუნიაციო ენის ფლობის საჭიროება. ამიტომ ბრიტანეთის საბჭომ ექსკლუზიურად „შემოქმედებითი ნაპერწკლის“ პროგრამის მონაწილეებისთვის შექმნა ინგლისურის ორი ონლაინ კურსი, რომელთა მიზანია ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესებასთან ერთად შემსწავლელთა დამოუკიდებელი მუშაობის უნარის განვითარებაც. კურსი ოცსაათიანია და მისი სრულად გავლის შემდეგ სტუდენტი მიიღებს სერტიფიკატს. დავამატებ, რომ იქნება ძალიან მკაცრი მონიტორინგი, რაც ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

– სულ რამდენი უმაღლესი შეირჩა საქართველოდან?

– სულ გვაქვს ექვსი პარტნიორობა, რაც ძალიან გვეამაყება. შედარებისთვის, უკრაინას და ყაზახეთს აქვთ 8-8 პარტნიორობა. სულ საქართველოდან შემოვიდა 10 განაცხადი, რაც კარგი შედეგია, თუ გავითვალისწინებთ, რომ დროში ვიყავით საკმაოდ შეზღუდულები და კონკურსში მონაწილეობა ნამდვილ გამოწვევად იქცა.

– მინდა გკითხოთ აჭარის პარტნიორობაზე. რამდენად მნიშვნელოვანია და შედეგიანი რეგიონებთან თანამშრომლობა?

– ვფიქრობ, რომ აჭარის შემთხვევაში ახალი მიდგომა იყო საჭირო. წლების მანძილზე მხოლოდ ხელოვნების ნიმუშების წარდგენა და შოუქეისები არ არის საკმარისი, თუ მას არ დაერთო პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები. აჭარის განათლების კულტურის და სპორტის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით აჭარაში განვახორციელეთ სახელოვნებო ორგანიზაციების ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობის პროგრამა. ხუთი წლის განმავლობაში ბევრი ტრენინგი ჩავატარეთ ზუსტად მენეჯერული უნარების გასაუმჯობესებლად, რომელთა შედეგად აჭარის თეატრებში გააქტიურდა მარკეტინგი, კომუნიკაცია, როგორც საერთაშორისო ისე ლოკალური თანამშრომლობა. ტრენინგების გარდა, პროგრამა ითვალისწინებდა შემოქმედებით კომპონენტსაც. ამიტომ ყოველთვის ჩამოგვყავდა ბრიტანული შემოქმედებითი კომპანია ან ბრიტანელი რეჟისორი, რომელიც თანამშრომლობდა ადგილობრივ თეატრებთან. ყოველ ასეთ თანამშრომლობით სპექტაკლში ჩვენ შემოგვქონდა რაღაც ახალი ელემენტი, რაც აქამდე აჭარის თეატრში არ განხორციელებულა.

– 2019 წლის გეგმებზე რას მოგვიყვებით?

– ამ წელს ჩვენ ვაკეთებთ UK Season in Georgia – დიდი ბრიტანეთის სეზონს. ზოგადად, ბრიტანეთის საბჭოს სათაო ოფისისგან დაფინანსების მისაღებად უნდა დავარწმუნოთ ჩვენი უმაღლესი მენეჯმენტი, რომ ესა თუ ის პროექტი მიზანშეწონილია საზოგადოებრივი, ეკონომიკური თუ პოლიტიკური თვალსაზრისით. ჩვენმა გუნდმა, ზაზა ფურცელაძის ხელმძღვანელობით, ეს შეძლო და მოვიპოვეთ დაფინანსება. გვაქვს დიდი გეგმები. საგულისხმოა, რომ 2019 წელს სრულდება დამოუკიდებელ საქართველოსა და დიდი ბრიტანეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 100 წელი.

– თქვენი მუშაობის ერთერთი პრიორიტეტი ბოლო წლებში შშმ პირების სახელოვნებო პროექტებში ჩართულობის ხელშეწყობაა. ამასთან დაკავშირებით რას გეგმავთ?

– ბევრ რამეს. მაგალითად, ჩვენ ჩამოვიტანთ სპექტაკლს, სადაც რიჩარდ მესამეს, რომელსაც სინამდვილეში ჰქონდა სქოლიოზი, ითამაშებს სქოლიოზით დაავადებული მსახიობი. მე ყოველთვის ვამბობ, რომ საერთო ჯამში შშმ პირების ინტეგრაციას სოციუმში არ სჭირდება დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები, უფრო მონდომების და მენეჯმენტის საკითხია. მარტივი მაგალითი – როცა რუსთაველის თეატრში ჩვენი დამკვირვებელი, თავად ეტლით მოსარგებლე მივიდა, ყველაფერი იდეალურად დახვდა, გარდა იმისა, რომ შშმ პირებისთვის სპეციალურად გამოყოფილი ლოჟის კარი აღმოჩნდა ძალიან ვიწრო. შეზღუდული მხედველობის მქონე ადამიანებისთვის აუდიო ტექსტების გაკეთება და სმენადაქვეითებულებისთვის საერთო ან ინდივიდუალური სუბტიტრების დამზადება ნამდვილად არაა დაკავშირებული უზარმაზარ ხარჯებთან, არადა მნიშვნელოვანი საქმეა ამ მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლების საზოგადოებაში ინტეგრაცისთვის. მნიშვნელოვანია შშმ ხელოვანების საქმიანობისთვის ხელის შეწყობა. ბრიტანული შშმ ხელოვნების წარმოდგენით ჩვენ ვაჩვენებთ რომ ჩვენმა საზოგადოებამაც, განსაკუთრებით სახელწიფოსაგან დაფინანსების მოსურნე ორგანიზაციებმა, უნდა იგრძნონ ვალდებულება – შექმნან შშმ პირების ხელოვნებაში საქმიანობისთვის და ხელოვნებასთან ზიარებისთვის შესაბამისი პირობები.

– ახალგაზრდობასთან მუშაობა თუ გესახებათ პროირიტეტულად?

– თავის თავად. ბრიტანული სეზონის ფარგლებში ვგეგმავთ კულტურისა და კრეატიულობის ახალგაზრდული ფორუმის ჩატარებას. სეზონის პროგრამის შედგენისას გვეყოლება ახალგაზრდული საბჭო (Youth Board) რომლის წარმომადგენელი ასევე შევა პროგრამის მრჩეველთა საბჭოში. ცხადია, რომ ყველა ასაკობრივ ჯგუფს თავისი ინტერესები აქვს, ამიტომ არც ჩვენ გვინდა ჩამოვრჩეთ დროს.

– მაია, თქვენ მუშაობაში ყველაზე რთულად რა მიგაჩნიათ?

– ყველაზე რთულია ტემპის დაცვა და ქართული მხარის მიდგომა ბევრი საკითხის მიმართ. მაგალითად თეატრალური სფეროს წარმომადგენლებისგან ხშირად მსმენია რომ მაყურებელი „უნდა მოვიდეს“ და რომ ,,მაყურებლის დაუინტერესებლობაა პრობლემა’’. ვერ დავეთანხმები ასეთ მოსაზრებას. განსაკუთრებით სახელმწიფო დაფინანსებით მომუშავე სახელოვნებო ორგანიზაციები ვალდებულები არიან იმუშაონ მაყურებელთან (თან არა მარტო ერთგულ მაყურებელთან, არამედ იმათთანაც ვისაც ერთი შეხედვით ხელოვნება არ აინტერესებს ვინაიდან ისინი პოტენციური მაყურებლები არიან). მაყურებელი და მსმენელი უნდა მიიზიდო, უნდა დაარწმუნო, რომ თანხა დახარჯოს შენს ნამუშევარზე. დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს. რა არის სახელმწიფო? სახელმწიფო ვართ ჩვენ – გადასახადების გადამხდელები. ხოლო სახელმწიფო დაფინანსებით მომუშავე ორგანიზაციები საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდნენ.

– ამ შემთხვევაში, გადამხდელმა როგორ უნდა გააკონტროლოს ეს პროცესი?

– ერთერთი საშუალებაა შეფასების ნათლად ჩამოყალიბებული ხარისხობრივი კრიტერიუმების შემუშავება. და სწორედ ამიტომ არის აუცილებელი შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება – რათა ხელოვნების წვლილი ეკონომიკაში ნათელი იყოს საზოგადოების წარმომადგენლებისთვის ანუ გადასახადის გადამხდელებისთვის. სწორედ შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებით შეგვეძლება წარმოავადგინოთ მყარი არგუმენტები იმაზე თუ გარკვეულმა დახარჯულმა თანხამ სახელმწიფოს თუ სპონსორის მხრიდან მოიტანა ესა თუ ის სარგებელი. აუცილებელი არაა ეს იყოს ფინანსური სარგებელი, მაგრამ შეიძლება ის გახდეს საზოგადოებრივი ცვლილების ინსპირატორი, როგორც, მაგალითად, საბჭოთა პერიოდში რობერტ სტურუას სპექტაკლები – მაშინდელი საზოგადოებისთვის. იმედი მაქვს, რომ ეს ცვლილებები აუცილებლად მოხდება.

– როგორ ფიქრობთ, რა არის აქ მთავარი?

– შემოქმედებითი ინდუსტრიის მნიშვნელობის გააზრება. შემოქმედებითი ინდუსტრია არის ყველაზე განვითარებადი სექტორი, ეს გაერომაც აღიარა. მნიშვნელოვანია საზოგადოებას ელაპარაკო ხელოვნების არა მარტო ესთეტიურ, არამედ მის საზოგადოებრივ და ეკონომიკურ მნიშვნელობაზე. ამ პროცესში ასევე დიდია პროფესიონალების როლი. ხელოვნებას დიდი ძალა აქვს და ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ.

Other interesting stories: