ნინო ქათამაძე: ეს არის შემოქმედება – როდესაც შენი გულისცემა ხელშესახები ხდება
— Black, White, Red, Yellow, Blue, Green. ფერების სახელები რატომ დაარქვით თვენს ალბომებს?
— დღემდე შინაგანად მაქვს ასეთი განცდა, რომ ნაკლები სიტყვით მეტის თქმა შეიძლება. როდესაც საქართველოში პირველი ორი ალბომი დავბეჭდეთ, სახელწოდებით “ნინო ქათამაძე და INSIGHT”, მისი ყდა თეთრი და შავი ფერის იყო. ამიტომ, ვიფიქრე, რატომაც არა, რომ ჩვენს ალბომებს დაერქმოდა ფერების სახელები. ფერების იდეა ერთხმად იყო მიღებული. კომპოზიციებს, რომლებსაც ერთად ვქმნიდით, დავარქვით ის სახელები, რაც ჟღერადობასთან, ხასიათთან იყო ახლოს. მაგალითად, “Blue” მთლიანად საორკესტრო ალბომია. შესაბამისად, ალბომის დასახელება ჟღერადი ხაზის გაგრძელებაა ფერში.
— INSIGHT რომ არ ყოფილიყო თქვენ ცხოვრებაში, როგორი იქნებოდით?
— არ ვიცი, იმიტომ რომ INSIGHT-ის შემთხვევაში მთავარი არ არის ჟღერადობა და ტემპერამენტი, რაც ჩვენ ერთად შეგვიძლია შევქმნათ. ეს უფრო ერთგულების დემონსტრირებაა მუსიკისადმი და ადამიანების ერთმანეთთან ყოფნის ტრადიციისადმი. შეიძლება, ჩემი შემოქმედება უფრო ხალისიანი და მრავალფეროვანიც ყოფილიყო, მაგრამ ყოველთვის რთულ გზას ვირჩევდი და უფრო სიღრმისეულს. ეს რთულია, თუნდაც იმ ადამიანებისთის, ვისთანაც 20 წლის განმავლობაში ყოველ ბგერას ვგრძნობ. ხან მეთანხმებიან, ხან არ მეთანხმერბიან, მაგრამ ყოველთვის ძალიან საინტერესო პროცესს გავდივართ.
— ოჯახის წევრები არიან?
— უფრო მეტიც. ისინი უფრო მეტხანს მხედავენ, ვიდრე ჩემი ოჯახი. და უფრო მნიშვნელოვან მომენტებში მხედავენ - დაბადების დღეა, თუ განცდაა, თუ ტკივილია, წარმატება თუ წარუმატებლობა.
— როგორ დაიწყო INSIGHT ამბავი თქვენ ცხოვრებაში?
— როდესაც პატარა ქალაქში ცხოვრობ, ეძებ იმას, რაც, ასე ვთქვათ, შენ ტემპერატურასთან ახლოს არის. ან როდესაც შენი საყვარელი ქუჩები გაქვს, და გინდა რომ გქონდეს მისამართი, სადაც მიხვალ და შენი სული დაისვენებს, სადაც სუნთქავ ამ ჰარმონიით. იგივე გამოვიდა INSIGHT-თან. ის ადამიანები აღმოჩნდნენ, რომლებიც ჩემი ცხოვრების პარალელურ სივრცეს ქმნიდნენ და მათთან სიჩუმე მიხაროდა. დღემდე ასეა.
— ახლა რაზე მუშაობთ?
— ჩვენ არ ვიცით მუშაობა. საერთოდ, ყველა ჩვენი ალბომი ზუსტად განსაღზვრავს იმ სიტყვას, რაც არის INSIGHT — გაცისკროვნება. არასდროს არ გამოგვდის იმაზე უკეთესად, ვიდრე პირველი ემოცია. და ეს პირველი ემოცია იმდენად ზუსტად გვესმის ერთმანეთის, ისეთი ცოცხალია. შეიძლება დიდი ხანი ვმუშაობდეთ რაღაცაზე და არ გამოვიდეს, და მერე ერთი აკორდით სულ ახალი ამბავი დაიბადოს, მოიხატოს.
— შემოქმედებითი ადამიანის მთავარი თვისება რა არის?
— ის თავისუფალია. და თავისუფლება კი არის სიმშვიდე და პასუხები შენ გადადგმულ ნაბიჯებზე. ძალიან ბუნებრივი და ორგანული მდგომარეობაა. ყველაფერი რაც შენში ხდება, გააზრებულად ხდება. და როდესაც ამ შენ ნაფიქრს დასვავ მიწაზე, მაშინვე ხედავ იმათ, ვინც მოგყვება. ვფიქრობ, ეს არის შემოქმედება - როდესაც შენი გულისცემა ხელშესახები ხდება. საბედნიეროდ თავისუფლად მოაზროვნე და კრეატიული ადამიანები არიან ჩვენს ირგვლივ. თუ გადართავთ არტარეაზე (www.artarea.ge) ნახავთ ბევრ ახალგაზრდას, რომელთა გულისცემა მიმართულია მუსიკის, საუნდის, ზოგადად არტის განვითარებაზე.
— საქართველოსთვის კულტურა რა არის, როგორ ფიქობთ?
— კულტურა არის საქართველოს გულისცემა. ჩვენ იმდენი რამე გვაქვს, რითაც შეგვიძლია საკუთარი თავი წარმოვაჩინოთ - წარსულიც, დღევანდელი დღეც, და მომავალიც. პირველ რიგში, კანონმდებლობა უნდა შეიძვალოს, და შეიქმნას ფონდები, რომლებიც იმუშავებენ არა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, არამედ შექმნილი კულტურული პროდუქტის ხარჯზე.
— თქვენ ხართ საქართველოს კულტურული ბრენდი საზღვარგარეთ. როგორია?
— ქართულ მუსიკას წარმოადგენს ფოლკი, ავთენტური მუსიკა, კლასიკური მუსიკა. ყველაფერი ის, რაც შექმნილია ციფრულ სამყარომდე. რაც გახსაზღვავს ერის ხასიათს. ქართულ მუსიკაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს პოეზიას, მის ფონეტიკას. და ფოლკის და პოეზიის ხარჯზე არის ის ასეთი ინდივიდუალური. მე მინდა წარმოვაჩინო ძველის და ახლის სინთეზი. დიდი სურვილი მაქვს, რომ ყოველ კონცერტზე პარალელურად მიდიოდეს იმ ტექსტების თარგმანი, რაც გამოყენებული გვაქვს ნაწარმოწბებში. ოთარ ჭილაძის, ვაჟას, ნატო ინგოროყვას და სხვა საოცარი პოეტების ტექსტები. მნიშვნელოვანი იქნებოდა მათი წარმოჩენა. სამწუხაროდ, ტექნიკურად და ფინანსურად რთულია ამ იდეის განხორციელება.
— კონცერტის დღეს ნერვიულობთ?
— ძალიან. საერთოდ, კონცერტი რომ მთავრდება, და მეორე კონცერტი რომ ვიცი, უკვე ვნერვიულობ. სინამდვილეში სულ ვუბრუნდები საკუთარ თავს, ვინაიდან ჩემთვის მნიშვნელოვანია, რა მაქვს მსმენელისთვის მოსაყოლი. მზადება კონცერტისთვის ჩემ თავში მაბრუნებს. როაილის აწყობას ჰგავს, სიმებს რომ აწყობ შენში, შენ ამბებში.
— კაბებზე მინდა გკითხოთ.
— ჩემი კაბები ჩემი ფორმების შედეგია. თანაც ყველაფერი არ უხდება სცენას. ჩემი კაბების ავტორები არიან დათუნიკა სულიკაშვილი, ავთანდილ ცქვიტინიძე, ლიუდმილა სმირნოვა. ვენდობი მათ, ვინც კაბას მიკერავს. ჩემი “მე” ქრება, მე რომ მუსიკას ვეხები, ამიტომ კაბა, განათება, სცენის ვიზუალი - ყველაფერი უნდა იყოს იდეალური. თქვენ არ იცით, ტექნიკურ ნაწილში როგორ ვერკვევი, საუნდის მოდელებიც კი ვიცი, რომელიც მჭირდება. ამავდროულად, მე არ ვფლობ მენეჯმენტის ენას. უფრო სწორად, არ მინდა შევიჭრა ამ სფეროში, რადგან ის ბევრ სხვა ფერს მართმევს.
— მომავალ წელს რას ისურვებდით?
— მე ვისურვებდი, რომ ადამიანებისთვის კონცერტი და მუსიკასთან შეხვედრა იყოს მხოლოდ ბედნიერების მომტანი და არა საკუთარი პრობლემებისგან გაქცევის საშუალება. ვისურვებდი, რომ ყველა ვიყოთ მზად ერთმანეთის ღიად მისაღებად. ისეთები, როგორებიც ვართ. იცით, კლასიკური მუსიკა ზუსტად იმიტომ მიყვარს, რომ ამ თითქოს ჩარჩოებში არის უსასრულო თავისუფლება - ბგერაში, პაუზაში. სასვენ ნიშნებშია ყველაფერი. ამ თავისუფლებაზე ვსაუბრობ ახლა. და მე არ ვარ ჩემ ქვეყანაში თავისუფალი, სამწუხაროდ. და როდესაც მინდა გამოვხატო პროტესტი მრავალი უსამართლობის გამო, ვფიქრობ როგორ ჯობია ეს გავაკეთო, და ვხვდები, რომ ჩემი ენა არის მუსიკა, და მას ვირჩევ ისევ და ისევ.