მუსიკალური ფესტივალი - შემოსავლის წყარო სახელმწიფოსთვის თუ ბიზნესისთვის

ხარისხიანი მუსიკალური ფესტივალის ჩატარება ძვირი სიამოვნებაა. ამ სიამოვნებისთვის თანხის მოძიება - რთული. თუ სპონსორი არ დარწმუნდება, რომ ფესტივალი კომერციულად მომგებიანია, მას ფულის დახარჯვა უჭირს; და სანამ ღონისძიება სპონსორისთვის საინტერესო გახდება, მანამდე მისი განვითარებაა საჭირო.

კარგი იდეის ავტორს ხშირად მხოლოდ იდეა აქვს, ფული - არა. ამ დროს ითხოვს იგი სახელმწიფოსგან დახმარებას. მაგრამ არც სახელმწიფოს დარწმუნებაა მარტივი იმაში, რომ ფესტივალისთვის ხალხის ფულის დახარჯვა ღირს. კომპანია Alter Vision-ის დამფუძნებელი აჩიკო გულედანი ამბობს, რომ მას სახელმწიფოს დასარწმუნებლად 4 წელი დასჭირდა. საბოლოოდ, მან 800 ათასლარიანი ბიუჯეტით პირველი Open Air-ის ჩატარება შეძლო.

რითი შეიძლება სახელმწიფოს დარწმუნება? პირველი, კარგი მუსიკალური ფესტივალი ქვეყნის იმიჯზე დადებითად აისახება. იმიჯი ბიუჯეტში ფულის იმ წელსვე დაბრუნებას არ გულისხმობს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი და პოზიტიური შედეგის მოტანა შეუძლია, ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით.

მეორე - ეს შეიძლება იყოს კონკრეტულ ღონისძიებაზე მყოფი ვიზიტორის მიერ დახარჯული ფული, რომელიც საბოლოოდ სახელმწიფო ბიუჯეტში დაიდებს ბინას. რაც უფრო მეტი ვიზიტორი ჰყავს ფესტივალს, მით უფრო მეტი თანხა შევა ბიუჯეტში. რაც უფრო მეტი ფული დაიხარჯება ფესტივალის ორგანიზებისთვის, მით უფრო ხარისხიანი იქნება იგი და შესაბამისად, მით უფრო მეტი ვიზიტორი დაესწრება. წრე სახელმწიფო ბიუჯეტში თანხის დაბრუნებით იკვრება.

თუ ფესტივალი წარმატებულია, ამას მხოლოდ ვიზიტორები არ ამჩნევენ. ჩნდებიან კომპანიები, რომლებიც ღონისძიებაში, საკუთარი პროდუქციის სარფიანი რეალიზებისთვის, მიმზიდველ ბაზარს ხედავენ. მეტი ფული კერძო სექტორიდან კი სახელმწიფოს წილის ეტაპობრივ შემცირებას შესაძლებელს ხდის. სახელმწიფოს ნაკლები მონაწილეობა რომ უფრო მომგებიანი შეიძლება იყოს, ამას Open Air ადასტურებს. როგორც ფესტივალის ორგანიზატორი აჩიკო გულედანი ამბობს, იმ წლებში, როცა სახელმწიფოს ფული არ დაუხარჯავთ, ფესტივალს ყველაზე დიდი ბიუჯეტი ჰქონდა. ვარაუდი, რომ კერძო სექტორს ურჩევნია, ბიზნესში (საქმეში) სახელმწიფო არ ეცილებოდეს, სამართლიანად არსებობს: კომპანიას უფრო მეტი სივრცე აქვს, საკუთარი სახელი გააპიაროს, მით უმეტეს, თუ ფესტივალმა უკვე დაიმკვირდა საკუთარი ადგილი მუსიკალურ ბაზარზე.

მხოლოდ სახელმწიფო დაფინანსებაზე ყოფნა რომ ნაკლებად მომგებიანია, ამას სახელმწიფო ბიუჯეტზე მყოფი ფესტივალების ორგანიზატორიც ამბობს. Eastern Promotion-ის დამფუძნებელი გიორგი კერესელიძე აცხადებს, რომ ფესტივალი ისევ სახელმწიფოსთვისაა მომგებიანი, რადგან იგი დახარჯული ფულის დაბრუნებას ტურიზმითაც ახერხებს და ბილეთებიდან შესული თანხაც ბიუჯეტში ბრუნდება.

თუ გადასახადის გადამხდელი ხედავს, რომ მის რეგიონში ტურისტების რაოდენობა ფესტივალის განმავლობაში იმატებს, ასკვნის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის დახარჯვა მის ფლანგვას არ ნიშნავს. მაგრამ მეორე მხრივ, თუ ეს კერძო სექტორს ხელს უშლის, თანხის დახარჯვით კონკრეტული სარგებელი თავადაც მიიღოს, კითხვას იმაზე, უნდა მიიღოს თუ არა სახელმწიფომ მონაწილება ფესტივალების ორგანიზებაში, არ ხსნის.

საბოლოო ჯამში, ყველა თანხმდება, რომ სახელმწიფომ მუსიკალური ფესტივალების განვითარებას ბიძგი უნდა მისცეს, მაგრამ დახმარება ზღვარს არ უნდა გაცდეს - უნდა დარჩეს ადგილი არამხოლოდ სპონსორებისთვის, არამედ სერვისკომპანიებისთვისაც, რომლებიც ფესტივალების მიმდინარეობისას საკუთარ პროდუქციას გაიტანენ ბაზარზე. აჩიკო გულედანი სწორედ ამ მიმართულებით მიღწეულ შედეგზე საუბრობს. 2009 წლიდან, როცა ფესტივალის ორგანიზებისთვის სცენის დაქირავებაც კი უკრაინიდან იყო საჭირო, ვითარება შეიცვალა და დღეს, საჭირო მომსახურებისა თუ პროდუქციის შეთავაზება ადგილობრივ კომპანიებსაც შეუძლიათ.

ფესტივალები შემოსავლის წყარო ხდება მცირე მეწარმისთვისაც, რომელიც მცირე დროში, ვიზიტორების დიდი რაოდენობისთვის საკუთარი ნაწარმის შეთავაზებით, გარკვეულ მოგებას იღებს. იმ შემთხვევაში, თუ ფესტივალი მთელი ღამის განმავლობაში გრძელდება, სტუმრების კვებაზე ზრუნვა აუცილებელი ხდება და ამაზე სწორედ ადგილობრივი მეწარმეები ზრუნავენ.

უღირს თუ არა სახელმწიფოს, ფული დახარჯოს ისეთი მუსიკალური ფესტივალების ორგანიზებისთვის, რომლებსაც მოგება არ მოაქვთ, მაგრამ ამ ფულზე კონკრეტული დარგის შენარჩუნებაა დამოკიდებული - ღირს, მაგრამ არა მუდმივად.

კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა ოპტიმალურ გამოსავალს ხედავს კერძო ბიზნესის მოტივირებაში, დააფინანსოს კულტურა. მოტივირება კი, როგორც რურუა აცხადებს, შესაძლებელია საგადასახადო შეღავათების დაწესებით.

სტატია მომზადებულია ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის - „კულტურა და კრეატიულობა“ - ფარგლებში. პროგრამა მიზნად ისახავს უზრუნველყოს კულტურის და შემოქმედებითი სექტორების მხარდაჭერა, და ასევე ხელი შეუწყოს სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში მდგრად ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში ამ სექტორების წვლილის გაზრდას.

The article was drawn up in cooperation with the EU-Eastern Partnership Culture and Creativity Programme

Learn more at http://news.ge/ge/news/story/189215-musikaluri-festivali-shemosavlis-tsyaro-sakhelmtsifostvis-tu-biznesistvis 

Other interesting stories: