როგორ გავაუმჯობესოთ ქალაქის ცხოვრება: ექსკურსი მსოფლიოს კულტურული ცენტრების დიზაინში

როგორ იქმნება კულტურული ცენტრები ნულიდან, როგორია მათი სტილიზაციის ძირითადი მიმართულებები და ვინ ავითარებს ქალაქის შემოქმედებით ცხოვრებას? ეს და საკითხები განიხილებოდა თბილისში, პრეზენტაციაზე წიგნისა „დიზაინის სახელმძღვანელო კულტურის ცენტრებისათვის“, რომლის ავტორიცაა პეტერ ლენი – მოდური სლოვაკი არქიტექტორი.

როგორ გავაუმჯობესოთ ქალაქის ცხოვრება: ექსკურსი მსოფლიოს კულტურული ცენტრების დიზაინში

როგორ იქმნება კულტურული ცენტრები ნულიდან, როგორია მათი სტილიზაციის ძირითადი მიმართულებები და ვინ ავითარებს ქალაქის შემოქმედებით ცხოვრებას? ეს და საკითხები განიხილებოდა თბილისში, პრეზენტაციაზე წიგნისა „დიზაინის სახელმძღვანელო კულტურის ცენტრებისათვის“, რომლის ავტორიცაა პეტერ ლენი – მოდური სლოვაკი არქიტექტორი.

წიგნი მრავალი ფოტოთია ილუსტრირებული, ის მოგვითხრობს თანამედროვე კულტურული სივრცეების შესახებ, სადაც ერთმანეთს ხვდებიან შემოქმედი ადამიანები, ეწყობა ფესტივალები, გამოფენები და უამრავი სხვა ღონისძიება თანამედროვე კულტურის სფეროდან.

წიგნი გამოიცა ორგანიზაცია „ტრანსევროპული სივრცეების“ (Trans Europe Halles) და სლოვაკური კულტურული ცენტრის ჟილინა-ზარეჩიეს (Žilina-Záriečie) დახმარებით. ქართულ ენაზე კულტურის ცენტრების შექმნის სახელმძღვანელო ითარგმნა და საზოგაროებას წარედგინა ევროკავშირის პროგრამის „კულტურა და კრეატიულობა“ ხელშეწყობით. წიგნი შეგიძლიათ მიიღოთ პროგრამის კოორდინატორისგან ან ჩამოტვირთოთ ელექტრონული სახით პროგრამის საიტიდან.

პეტერ ლენი: ეს გრძელი და საინტერესო მოგზაურობა იყო

პეტერ ლენი – სლოვაკეთის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Slovak University of Technology) კურსდამთავრებული 31 წლის ბრატისლაველი არქიტექტორი და სტუდია „20-21 architects“-ის ერთ-ერთი დამაარსებელია. მან ბევრჯერ გაიმარჯვა სხვადასხვა კონკურსში და იყო არაერთი პრემიის ლაურეატი. 2016 წელს ჟილინას მახლობლად გორაკზე გადასახედი ნაგებობის დიზაინში აიღო სლოვაკეთის არქიტექტორთა პალატის პრემია, ხოლო ექსპერიმენტული კომუნიკაციის საშუალების – ქალაქ ჟილინას ისტორიული ცენტრის შესასვლელთან დასაყენებელი სადემონსტრაციო ეკრანის – მისეული დიზაინი ნაციონალური პრემიით აღინიშნა.

სლოვაკმა არქიტექტორმა მოისურვა, საკუთარი შთამბეჭდავი დიზაინერული გამოცდილება სხვებისთვის გაეზიარებინა წიგნით „დიზაინის სახელმძღვანელო კულტურის ცენტრებისათვის“. წიგნში თავმოყრილია „ტრანსევროპული სივრცეების“ წევრი კულტურული ცენტრების ურბანული, არქიტექტორული და დიზაინერული მახასიათებლები.

„წიგნზე სამუშაოდ მოვიწვიეთ არქიტექტორები, გრაფიკული დიზაინერები, ჟურნალისტები და დირექტორები შვეციის, იტალიისა და ესპანეთის ხუთი კულტურული ცენტრიდან. დაახლოებით ერთი კვირა ვმსჯელობდით, თუ რა უნდა მოეთხრო ჩვენს წიგნს მკითხველისთვის, ხოლო მასზე მუშაობას მთლიანად ორი წელიწადი დასჭირდა. იცით, უბრალოდ წავიყვანე სამი მეგობარი, ჩავსხედით მანქანაში და გავწიეთ ამ კულტურის ცენტრების შემოსავლელად, ერთი ქალაქიდან მეორეში. ეს გრძელი და საინტერესო მოგზაურობა იყო“, ამბობს ლენი.

წარსულის მქონე შენობების სიყვარული

ისე გამოვიდა, რომ თანამედროვე ხელოვნების წარმომადგენელ ადამიანებს ყოველთვის იზიდავდა აურის და ისტორიის მქონე შენობები. ამიტომ შემოქმედებითი საქმიანობისთვის ადგილის შერჩევისას დიდ უპირატესობას ანიჭებდნენ ინდუსტრიულ სივრცეებს, კერძოდ – მიტოვებულ ქარხნებს, საწარმოებს და სამკერვალო ფაბრიკებს. იმიტომ, რომ ამ შენობებს წარსული ჰქონდათ.

რა დასამალია, რომ ამ შენობებში ქირა ყოველთვის უფრო იაფია, ხოლო დიზაინერების ამბიცია, ნანგრევებიდან ორიგინალური და თანამედროვე კულტურის ცენტრი შექმნან – უფრო მეტი. მით უმეტეს, რომ ამგვარი მრავალფუნქციური სივრცეების შექმნა შეიძლება არა მხოლოდ შენობებში, არამედ გემებზეც, მატარებლებში, გაზის საცავებში, ბუნკერებში, გვირაბებში, სარდაფებში და ეკლესიებსა და სხვა, ერთი შეხედვით, კულტურისთვის შეუფერებელ ადგილებშიც კი.

პეტერ ლენიმ თავის წიგნში შეიტანა ინგლისის, ავსტრიის, ჰოლანდიის, საფრანგეთის, შვეციის, ესპანეთის, იტალიის, უნგრეთის, ფინეთის, პოლონეთის, ლიტვის, სლოვაკეთის და სხვა ქვეყნების სწორედ ამგვარი ცენტრები, ასევე – მათი ნულიდან შექმნის ამბები. ავტორის თქმით, იგი არ ცდილობდა, წიგნისთვის მეცნიერული ფორმა მიეცა, არამედ სურდა, უბრალოდ ეამბნა, როგორ შეიძლება, ლამის არარეალურიდან შექმნა რეალურად ლამაზი, სტილური და ფუნქციური ადგილი შემოქმედებითი საქმიანობისთვის.

„თანამედროვე კულტურის ცენტრის საუკეთესო და ყველაზე წარმატებულ მაგალითად მიმაჩნია მანიფატურე კნოსი (Manifatture Knos) იტალიის ქალაქ ლეჩში. მის მენეჯმენტს ძალიან ინოვაციური იდეები აქვს: ის კი არა, რომ დიდად არ მართავდნენ ცენტრს; ისინი არ ადგენენ კონკრეტულ პროგრამას. ეს იმიტომ, რომ მათ ცენტრი აღიარეს ღია პლატფორმად ნებისმიერისთვის, ვინც კი მოისურვებს, მივიდეს და აქ თავისი კულტურული ღონისძიება გამართოს საკუთარი გემოვნებით. ეს ხელოვანების თავისუფლების უიშვიათესი მაგალითია“, – თქვა პეტერ ლენიმ.

მარეკ ადამოვი: მომწონს მათი თავისუფლება

მარეკ ადამოვი არქიტექტორი არ არის, ის აქტივისტია კულტურის ცენტრში, რომელიც მოქმედი სარკინიგზო სადგურ ჟილინა-ზარეჩიეს შენობაშია განლაგებული. ის სლოვაკურ ქალაქ ჟილინაში მდებარეობს და თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა მოვლენებს: ფესტივალებს, სპექტაკლებს, პერფორმანსებს, სემინარებს, ჩვენებებს, გამოფენებსა და კონცერტებს აძლევს ასპარეზს.

36 წლის სპეციალისტი ადამოვი ამ არტ-გარემოში უკვე ოცი წელია ტრიალებს და მას თავის ცხოვრების პროექტს უწოდებს. „მე ძალიან დაინტერესებული ვარ ხელოვნებით და ხელოვანთა დახმარებით, იმიტომ, რომ ისინი გასაოცარ იდეებს ქმნიან, ისინი კრიტიკულად უდგებიან შეხედულებებს, თუ რა ხდება ჩვენ გარშემო. და მე მომწონს მათი თავისუფლება, რასაც ბიზნესგარემოში ვერ ნახავ“.

მარეკის თქმით, ეს უაღრესად სასიამოვნო და ამავე დროს სასარგებლო საქმეა: როცა ასეთ ეკლექტურ კულტურულ სივრცეში ერთმანეთს ხვდება მრავალი ადამიანი, რომლებიც, როგორც აქტივისტს მიაჩნია, გამოთქვამენ ახალ იდეებს, ამყარებენ შემოქმედებით კავშირებს და წყვეტენ, თუ როგორ გააუმჯობესონ ქალაქის ცხოვრება. „საშინლად მომწონს კულტურული ცენტრის შექმნის თავად პროცესი, როცა მოხალისეების და დაინტერესებული ადამიანების ერთობლივი ძალისხმევით იქმნება იდეა, გამოინახება მისი განხორციელების და ოცნების სინამდვილედ ქცევის გზები. როცა ხედავ, რა დიდია სურვილი, გაკეთდეს მართლაცდა შთამბეჭდავი სივრცე კარგი დროსტარებისთვის, საინტერესო ურთიეთობებისთვის, იდეების, აზრების და ემოციების გაცვლა-გამოცვლისთვის“.

როგორია კულტურული ცენტრების გამოცდილება საქართველოში?

საქართველოში მსგავსი ფორმატის მრავალფუნქციური კულტურის ცენტრი პირველად 2016 წლის 1 ოქტომბერს გაჩნდა. ასეთად იქცა Fabrika, რომელიც მოთავსებულია ყოფილ საბჭოთა სამკერვალო ფაბრიკაში, 8 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზე. ცენტრ Fabrika-ის გაჩენა – ეს ძველი საწარმოო სივრცის თანამედროვე არტ-ცენტრად ქცევის გასაოცარი გამოცდილება გახლავთ.

ქართველმა არქიტექტორებმა გადაწყვიტეს, რადიკალურად არ შეეცვალათ საბჭოთა ეპოქის სულისკვეთება, მათ შეინარჩუნეს წარსულის პიკანტური ატმოსფერო და სივრცეს დაუმატეს კომფორტი, მიმზიდველი მინიმალიზმი, ურბანული ელემენტები, აგრეთვე – ერგონომიულობის და დახვეწილი ესთეტურობის დეტალები.

„იდეის ავტორი თავდაპირველად იყო ორი ახალგაზრდა Multiverse Architecture-დან: დევი ქიტუაშვილი და გოგიტა საყვარელიძე. ისინი დიდხანს ეძებდნენ შესაფერის შენობას და ბოლოს ამ ფაბრიკაზე შეაჩერეს არჩევანი. ამის შემდეგ იპოვეს პარტნიორები „აჭარა ჯგუფის“ და „გრატო მენეჯმენტის“ სახით. სწორედ ამ ჯგუფმა მშენებლებთან ერთად წელიწადნახევარში შექმნა ცენტრი Fabrika“ – გვითხრა ცენტრის ბრენდ-მენეჯერმა მარიკა კვირკველიძემ. 

დღეს ცენტრში გახსნილია რესტორნები, კაფე-ბარები, ჰოსტელი, სამხატვრო სტუდიები, გალერეები, ქოვორქინგ-ზონები. აქ ტარდება სემინარები, გამოფენები, პრეზენტაციები და მრავალი სხვა კულტურული ღონისძიება. თბილისის Fabrika-ს მიიჩნევენ საქართველოს კულტურულ და შემოქმედებით სფეროში ჩაბმული ადამიანებისთვის განკუთვნილ უნიკალურ ადგილად და გამოცდილების გაზიარების, მხარდაჭერის და განვითარების შესანიშნავ საშუალებად თანამედროვე ხელოვნების ქართველი წარმომადგენლებისთვის.

design-handbook (EN)

design-handbook (GE)

design-handbook (AM) 

design-handbook (UA)

design-handbook (AZ)

design-handbook (RO)

design-handbook (BY)

Other interesting stories: