
განცხადება წინადადებების წარდგენის თაობაზე: ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა „კულტურა და კრეატიულობა“ - საპილოტე ქალაქები და რეგიონები კრეატიული ქალაქებისა და რეგიონების ინიციატივისთვის
მოკლე აღწერილობა:
კრეატიული ქალაქებისა და რეგიონების ინიციატივა ხაზს უსვამს კულტურისა და კრეატიულობის მნიშვნელობას მცირე და საშუალო ზომის ქალაქებსა და რეგიონებში. ინიციატივის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ქალაქებისთვის და რეგიონებისთვის შემოთავაზებულია პრაქტიკული მიდგომა, რომელიც გულისხმობს ადგილობრივი კულტურული და კრეატიული პოტენციალის გამოყენებას სოციალური და ეკონომიკური განვითარების მიზნით. პროგრამის მიზანია კულტურული და კრეატიული სექტორის ყველა ძირითადი დაინტერესებული მხარის ცნობიერების ამაღლება, ადგილობრივი კულტურული და კრეატიული რესურსების შესახებ მონაცემების შეგროვება და კონკრეტული სამოქმედო გეგმების შემოთავაზება კულტურული და კრეატიული ინდუსტრიის პოტენციალის განვითარების მიზნით, რაც აგრეთვე მოიცავს ადგილობრივი კულტურული ლანდშაფტის განვითარებას, ადგილობრივ ბიზნესებთან გაერთიანებას, ტურისტული სექტორის ხარისხის გაზრდასა და სხვა ქვეყნების მსგავს ქალაქებთან და რეგიონებთან ძლიერი ქსელების შექმნას.
უპირატესობები და მონაწილეობის უფლება:
ექვსი არჩეული საპილოტე ქალაქი/რეგიონი (თითო ქალაქი/რეგიონი აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეული ქვეყნიდან) გახდება ცენტრი, სადაც სწავლებას განხორციელებენ კვალიფიციური ექსპერტები თანამედროვე ტექნოლოგიების საფუძველზე. აღნიშნული პროცესის შედეგად, არჩეული ქალაქები ან რეგიონები მიიღებენ:
-
მიმდინარე კულტურული და კრეატიული რესურსების ანალიზს;
-
მათზე მორგებულ სტრატეგიულ გეგმას კულტურული და კრეატიული სექტორების სამომავლო განვითარებისთვის;
-
მედია დაფარვას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ფარგლებში და არჩეული ქალაქების/რეგიონების მოწინავე გამოცდილების დემონსტრირებას;
-
პოტენციალის განვითარების შესაძლებლობებს ქალაქების/რეგიონების წარმომადგენლებისთვის და მათი თემებისთვის, სპეციალიზირებულ ექსპერტებთან მუშაობის შესაძლებლობას;
-
აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებისა და ევროკავშირის ქვეყნების კოლეგებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას, როგორც ინტერნეტის მეშვეობით, ისე პირისპირ.
დაინტერესების შემთხვევაში, წინადადების წარდგენა შეუძლიათ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მცირე და საშუალო ზომის ქალაქებსა და რეგიონებს. ვინაიდან მცირე და საშუალო ზომის ადგილების ცნება განსხვავდება სხვადასხვა ქვეყნებში, ადგილობრივი ტრადიციებიდან და მთლიანი მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, დაინტერესება შეუძლიათ გამოხატონ იმ მუნიციპალიტეტებმა, რომლებიც არ არიან მათი სახელმწიფოების დედაქალაქები ან მნიშვნელოვანი სამრეწველო ცენტრები დიდი აგლომერაციებით. სასურველია, რომ განმცხადებლის ქალაქის ან რეგიონის მოსახლეობის რაოდენობა (სახელმწიფოს სიდიდიდან გამომდინარე) იყოს 15,000-დან 250,000-მდე.
ინიციატივის ძირითადი საფეხურები:
-
განცხადებები წინადადებების წარდგენის თაობაზე: კულტურული და კრეატიული პოტენციალის მქონე ექვსი მცირე და საშუალო ზომის ქალაქის ან რეგიონის გამოვლენა, რომლებიც მზად იქნებიან განახორციელონ ინიციატივა მათ სახელმწიფოში;
-
მეთოდოლოგიის შემუშავება: შეფასების მეთოდოლოგიის შემუშავება ადგილობრივი კონტექსტით;
-
ექვსი დეტალური ანგარიშის მომზადება: ძირითად ადგილობრივ დაინტერსებულ მხარეებთან ერთად ადგილობრივი კულტურული და კრეატიული რესურსების შერჩევა და სამოქმედო გეგმის შემუშავება ტერიტორიის კულტურული და კრეატიული პოტენციალის განვითარების მიზნით;
-
კრეატიული ქალაქებისა და რეგიონების გრძელვადიანი ქსელის შექმნა: ეფექტურობის გაზრდა კარგი პრაქტიკისა და ცოდნის გაზიარების კუთხით, პროფესიონალების გაცვლა და ერთობლივი პროექტების წამოწყება რეგიონში და ევროკავშირის სხვა შემოქმედებით ქალაქებთან და რეგიონებთან ერთად.
ვადები:
-
განცხადების წარდგენა საპილოტე ქალაქებისთვის/რეგიონებისთვის: ნოემბერი 2016-იანვარი 2017
-
მდგომარეობის შესწავლა ექვსი ქვეყნის მასშტაბით: მარტი-ივნისი 2017
-
შედეგებისა და სამოქმედო გეგმების წარმოდგენა 2017 წლის სექტემბერში
განცხადების შეტანის პროცედურა:
იმისათვის, რომ თქვენი ქალაქის ან რეგიონის სახელით გამოხატოთ დაინტერესება, რათა ის გახდეს ინიციატივის განხორციელების ერთერთი ცენტრი, გთხოვთ წარმოადგინოთ დაინტერესების წერილი, რომელიც ხელმოწერილი იქნება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის მიერ და მოიცავს:
-
ქალაქის/რეგიონის მიერ ინიციატივაში მონაწილეობის მიღების სურვილის მკაფიო მოტივაციას (1 გვერდამდე);
-
სტატუს კვოს მიმოხილვას ქალაქში/რეგიონში კულტურული და კრეატიული ორგანიზაციების, სივრცეებისა და აქტივობების კუთხით (2 გვერდამდე);
-
ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების მიერ პროცესში ჩართულობის აღწერილობა (1 გვერდამდე, შესაძლო ორგანიზაციების, დაწესებულებების ან ექსპერტების მითითებით);
-
სასურველია განმცხადებლებმა დაურთონ ვებ გვერდების ბმულები ან ვიზუალური მასალა (ვიდეოები, სურათები) კულტურული და კრეატიული პროექტების, ინიციატივებისა და ურბანული გარდაქმნების დემონსტრირების მიზნით.
გთხოვთ გაუგზავნოთ თქვენი დაინტერესების წერილი ქვეყნის კოორდინატორის, გიორგი რაზმაძის, სახელზე შემდეგ მისამართზე - georgia@culturepartnership.eu
ბოლო ვადა:
მონაწილეობის თაობაზე განცხადების შემოტანის ბოლო ვადა არის 2017 წლის 31 იანვარი.
შერჩევის კრიტერიუმები:
საპილოტე ქალაქებისა და რეგიონების შერჩევა განხორციელდება ექსპერტთა ჯგუფის მიერ, რომლის შემადგელობაში იქნება: პროგრამის ექსპერტი, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამის ქვეყნის კოორდინატორი და კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი. შერჩევის შედეგები ცნობილი გახდება 2017 წლის თებერვლის ბოლოს.
შერჩევა დაფუძნებული იქნება შემდეგ ასპექტებზე:
-
განმცხადებელი ქალაქის/რეგიონის მოტივაცია მიიღოს მონაწილეობა ინიციატივაში;
-
გათვითცნობიერება იმისა, თუ რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს კულტურასა და შემოქმედებითობაზე ფოკუსირებამ ქალაქის/რეგიონის ადგილობრივ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას;
-
საჯარო და კერძო სექტორის დაინტერესებული პირების ჩართულობის დონე.
კრეატიული ქალაქებისა და რეგიონების ინიციატივის შესახებ კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდით ქვეყნის კოორდინატორს (georgia@culturepartnership.eu)
დეტალური ინფორმაცია ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის შესახებ იხილეთ ვებ გვერდზე: www.culturepartnership.eu/en