22 რეკომენდაცია საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებისთვის

რეკომენდაციები შემუშავდა ექვს სუბსექტორულ შეხვედრაზე, რომელიც 2017 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე გაიმართა საქართველოში, კულტურული ფორუმის ფარგლებში. მსჯელობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს კულტურული და შემოქმედებითი სექტორის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. კონსულტაციების მიზანი იყო, წამყვანი პროფესიონალების პრაქტიკული რჩევების გამოყენებით ბიძგი მისცემოდა საქართველოში შემოქმედებითი სექტორის განვითარებას.

 ცენტრალური ხელისუფლებისთვის (კულტურის, ეკონომიკის და განათლების სამინისტროები)

  1. შემოქმედებითი ეკონომიკის ინტეგრირება სახელმწიფო პოლიტიკაში ქვეყნის საერთო კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და მდგრადი განვითარებისთვის.რაც ნიშნავს:

    • ცენტრალური ხელისუფლების  მიერ  განაცხადის გაკეთებას სექტორის პრიორიტეტულობის შესახებ და საკუთარი წილი პასუხისმგებლობის აღებას სექტორის განვითარებაზე,

    • სექტორის განვითარების საერთაშორისო გამოცდილების გაცნობას და ანალიზის საფუძველზე დაინტერესებულ მხარეებთან ერთად მიზანმიმართული ნაბიჯების გადადგმას. 

  1. უწყებათაშორისი კომისიის შექმნა, რომელიც სხვა პარტნიორ ჯგუფებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად შეიმუშავებს ერთობლივ სამოქმედო გეგმას და დაიწყებს მის განხორციელებას. აღნიშნული გეგმა პირველ რიგში უნდა მოიცავდეს სექტორის კვლევის საფუძველზე განათლების სისტემის შესაბამისობაში მოყვანას, შემოქმედებითი ინდუსტრიების ინფრასტრუქტურაში ინვესტირების მეთოდიკის განსაზღვრას და შემოქმედებითი ინიციატივების ფინანსური მხარდაჭერის ინსტრუმენტების შემუშავებას.

  1. პოლიტიკის გატარებისა და ფონდების დისტრიბუციის უფლებამოსილების გაყოფა. აღნიშნული თანამედროვე პოლიტიკის აუცილებელი ატრიბუტია და განაპირობებს დაბალანსებულ გარემოს სექტორის განვითარებისთვის.

  1. ინტერდისციპლინური კვლევების პრაქტიკის დანერგვა,რომელიც შემოქმედებით ეკონომიკას გამოყოფს ფართო ეკონომიკისგან და მოახდენს  სახელოვნებო პრაქტიკისა და შემოქმედებითი აზროვნების ღირებულების იდენტიფიცირებას ქვეყნის ეკონომიკაში. აუცილებელია სექტორის კვლევების ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა სხვადასხვა მახასიათებლისა და კომპონენტის გამოსავლენად.

  1. სექტორში ანალიტიკური საქმიანობის მხარდაჭერა, საერთაშორისო პრაქტიკის საუკეთესო მოდელების დანერგვასაც ესაჭიროება წინასწარი ანალიზი და შესაბამისი ადაპტირება ქვეყანაში არსებულ გარემოებებთან. აუცილებელია შესწავლილ იქნეს, ეროვნული თვითმყოფადობის მახასიათებელი კრიტერიუმები, შემუშავდეს საზოგადოების, სახელმწიფოსა და შემოქმედი ინდივიდების  ინტერესების თანხვედრის მოდელები და აღნიშნულის საფუძველზე შეიქმნას სასწავლო პროგრამები.

  1. კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ინფრასტრუქტურაში ინვესტირება. დღევანდელი არასტაბილური ეკონომიკის პირობებში შემოქმედებით ინდუსტრიებში  ინვესტიციების განხორციელება ნიშნავს ქვეყნის სამომავლო კონკურენტუნარიანობის საფუძვლის ჩაყრას, საზოგადოებაში სოციალური მდგრადობის გაძლიერებას და მათი ცნობიერების ამაღლებას თუ რა შეუძლია კულტურას და შემოქმედებას მათივე კეთილდღეობისთვის და მომავალი თაობებისთვის. ლაპარაკია მოთმინებით აღჭურვაზე ინვესტიციების ჩადებისას და საჯარო-კერძო პარტნიორობის (PPP or P3) პრინციპის სრულფასოვნად ამოქმედებაზე.

  1. დაფინანსების მეთოდიკის განახლება ბენეფიციარების ინტერესების გათვალისწინებით. აუცილებელია სპეციალური კომისიის შექმნა, რომლის წევრებიც იქნებიან როგორც საჯარო მოხელეები, ისე - პოტენციური ბენეფიციარები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ყველა მხარის ინტერესის გააზრებისა და ახალი დაფინანსების მეთოდიკის დანერგვისათვის, საქართველოს მოსახლეობის ფინანსური რესურსების მართლზომიერი დისტრიბუციისთვის.

  1. კულტურის დარგების და შემოქმედებითი განათლების ინტეგრირება საგანმანათლებლო პროცესის ყველა საფეხურზე - სკოლამდელი, სასკოლო, უმაღლესი თუ პროფესიული გადამზადების პროგრამებში, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების გასავითარებელი მეთოდიკის დანერგვა. პოლიტიკაზე პასუხისმგებელი სამინისტროების (კულტურის, განათლების, ეკონომიკის) და სფეროს წარმომადგენლების (ექსპერტები, მოქმედი პროფესიონალები) მონაწილეობით ყველა ეტაპის სასწავლო პროცესის ანალიზი, კულტურის დარგების და შემოქმედებითი მიდგომების ინტეგრირების შესაძლებლობების განსაზღვრა, სასწავლო პროგრამების შედგენა და პოტენციური პედაგოგების გადამზადება.

  1. სექტორის დაფინანსების ახალი წყაროების განვითარება. შეიქმნას ხელსაყრელი იურიდიული და ფინანსური გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ალტერნატიული გზებით კულტურის და შემოქმედებითი სექტორის დაფინანსებას. „სახელმწიფო ლატარიის“  შესახებ 2007 წელს დაწყებული რეფორმის წარმატებით დასრულება და ,,საქართველოს კანონში ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის  შესახებ“  საზოგადოებრივი ინტერესის აღდგენა.

  1. სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი კულტურის ორგანიზაციებში მენეჯმენტის როტაციული ცვლის დანერგვა. აღნიშნული ამაღლებს კულტურის მოღვაწეთა მოტივაციას და ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის პროფესიონალების გააქტიურებას სექტორში.

ადგილობრივი ხელისუფლებისთვის (რეგიონები და ქალაქები)

  1. კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების მიზნით ადგილობრივი სტრატეგიების და პროგრამების შემუშავება. აღნიშნული დოკუმენტების ინტეგრირება უნდა მოხდეს რეგიონის თუ ქალაქის საერთო განვითარების სტრატეგიებში, რაც გააძლიერებს რეგიონის და ქალაქის არსებულ ბიზნეს-მიმართულებებს და ხელს შეუწყობს მათი თვითმყოფადობის წარმოჩენას.

  1. ყოველ ქალაქში თუ რეგიონში შემოქმედებითი კომისიის შექმნა, შემოქმედებითი ინდუსტრიების და სხვა ბიზნესის წარმომადგენლების მონაწილეობით. სტრატეგიის განხორციელებისა და პოლიტიკის გასავითარებლად სექტორში აუცილებელია დაინტერესებული მხარეების ერთობლივი მუშაობა. აღნიშნული გააძლიერებს საჯარო-კერძო პარტნიორობას, აგრეთვე ხელს შეუწყობს სოციალურ ფაქტორებზე ორიენტირებული, შემოქმედებითი ინიციატივების გამოვლენას და რეგიონის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას შემოქმედებითი ეკონომიკის შესაძლებლობების შესახებ.

  1. პატარა ქალაქებისთვის შემოქმედებითი ეკონომიკის განვითარების გზამკვლევის შემუშავება, რაც საშუალებას მისცემს ადგილობრივ ხელისუფლებას, საკუთარ თანამოქალაქეებთან ერთად განსაზღვროს ქალაქის განვითარების სტრატეგია, შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა და დაგეგმოს განხორციელების ფაზები.

კულტურის ორგანიზაციებისა და პროფესიონალებისთვის

  1. კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.საზოგადოებაში რადიკალურად უნდა შეიცვალოს ცნობიერება კულტურის და შემოქმედების მნიშვნელობისა და პოტენციალის (ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი, ეკონომიკის გაჯანსაღების ინსტრუმენტი, ინტერდისციპლინარული კოოპერირების პროცესი და დასაქმების მნიშვნელოვანი წყარო) შესახებ. კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების პროცესის ყველა მხარდამჭერმა ორგანიზაციამ თუ ინდივიდმა თავისი მოღვაწეობის სპეციფიკის მიხედვით, შესაძლებლობის ფარგლებში, საზოგადოებასთან კომუნიკაციის დროს უნდა მოახდინოს აქცენტირება სექტორის შესაძლებლობების შესახებ.

  1. კულტურის და შემოქმედებითი ორგანიზაციების და სექტორში დასაქმებული პროფესიონალების ქსელური გაერთიანებების შექმნა. სექტორში აქტიური კომუნიკაცია და ქვესექტორალურიკოოპერაცია არის პირველადი აუცილებელი პირობა, რომლის გარეშეც შეუძლებელია განვითარება. ქსელური გაერთიანებები იძლევა საშუალებას, განხორციელდეს ფართომასშტაბიანი პროექტები და წარიმართოს ცნობიერების ამაღლების კამპანიები, უზრუნველყოფილ იქნას პროცესებში საზოგადოების ჩართულობა და ლობირება მოხდეს სახელმწიფო ინსტიტუტებთან სექტორის განვითარებისთვის აუცილებელი ნაბიჯების გადადგმისათვის. აღნიშნული პროცესები შემოქმედებით ჯგუფებს საშუალებას მისცემს, დაგეგმონ თავიანთი მომავალი საზოგადოების ინტერესებთან თანხვედრაში, რაც ქვეყნის მდგრად განვითარებას განაპირობებს.

საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის

  1. უმაღლესი განათლების სექტორმა უნდა ითამაშოს უფრო აქტიური როლი შემოქმედებითი მეწარმეობის და ლიდერობის უნარ-ჩვევების განვითარების საქმეში.რაც ნიშნავს მიზანმიმართულ  პარტნიორობას ინდუსტრიებთან,  სტუდენტებში ლიდერობის და მეწარმეობის ჩვევების გაძლიერებას, შემოქმედებითი ინკუბატორების შექმნას და ახალი ბიზნეს-მოდელების განვითარებას თავად ინსტიტუტებში, აქტიურ კოორდინაციას გარეთ მყოფ ბიზნეს ორგანიზაციებთან. სოციალური ჩართულობის პრაქტიკის დანერგვას ადგილობრივ მოსახლეობაში და მათში შემოქმედებითი  აზროვნების  და  ინოვაციური  მიდგომების  განვითარებას.

  1. უნივერსიტეტებში სტუდენტების პროექტების განვითარების ფონდის შექმნა. აუცილებელია მხარდაჭერის აღმოჩენა სასწავლო დაწესებულებებში დაბადებული სტუდენტური იდეებისა, რადგან  აუცილებელია მათ წინაწარ შეძლონ სამუშაო ჯგუფების ფორმირება და პროექტების განვითარებაზე ერთობლივი მუშაობა, სანამ აღმოჩნდებიან პირისპირ რეალური ბაზრის სირთულეების წინაშე.

  1. უწყვეტი პროფესიული განათლების უზრუნველყოფა ზრდასრული საზოგადოებისთვის - ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების უნარების შესწავლა, ისე, რომ შემოქმედებით მეწარმეებს ჰქონდეთ საშუალება ახალი გზები გაიკვალონ და განავითარონ საკუთარი კომპეტენცია, ბაზარზე მდგრადობის შესანარჩუნებლად, ახალი კარიერის დასაწყებად და თაობათა შორის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მაღალხარისხიანი პროდუქტებისა და სერვისების შექმნაში.

  1. მიზანმიმართული საგანმანათლებლო ინიციატივების შემუშავება ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და ახალგაზრდების მდგრადი კარიერული წინსვლის უზრუნველსაყოფად. საქმიანობა შემოქმედებით ინდუსტრიებში ხელს უწყობს კრიტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას, რომელთა გამოყენება მნიშვნელოვანია სხვა სექტორებში. შემოქმედებით მეწარმეობას აქვს შესაძლებლობა, რომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ახალი სამუშაო ადგილების ფორმირებაში.

  1. შემოქმედებით ინდუსტრიებში  ახალგაზრდობის აქტიური ჩართულობისთვის შემოქმედებითი მეწარმეობის გზამკვლევების შემუშავება დარგების მიხედვით - აღნიშნული გზამკვლევების არსებობა მისცემს სტუდენტებს, დარგის მიხედვით, ბაზარზე არსებული გამოწვევების წინასწარი ანალიზის საშუალებას და მომავლისთვის რეალურ გარემოსთან დაახლოებული ბიზნეს-გეგმების შემუშავების შესაძლებლობას. თავად გზამკვლევების შემუშავების პროცესი ხელს შეუწყობს დარგში არსებული ბარიერების გამარტივებას.

შემოქმედებითი ინდუსტრიებისა და სხვა ბიზნესის წარმომადგენლებისათვის

  1. ქვეყანაში კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის ყველა დაინტერესებული მხარის გამაერთიანებელი ალიანსის ჩამოყალიბება. ალიანსის ფორმირება განაპირობებს ყველა პოტენციური პარტნიორის იდენტიფიცირებას; თანამშრომლობის მეთოდოლოგიაზე შეთანხმებას; პროცესის მონაწილე მხარეების შეთანხმებული ნაბიჯებით სვლას; ნათელი, მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრას; გადაწყვეტილების მიღებისა და ალიანსის მართვის სტრუქტურის შექმნას. აღნიშნული განვითარებულ ქვეყნებში წარმოადგენს ქმედით ინსტრუმენტს სახელმწიფო ინსტიტუტებთან სექტორის განვითარებისთვის აუცილებელი ცვლილებების ლობირებისთვის და მთელი სექტორის ერთობლივი აზრის დასაფიქსირებლად.

  1. ონლაინ ცოდნის ბანკის შექმნა - წარმატებული მაგალითების გაზიარება და ნაკლებად წარმატებულების ანალიზი, როგორც პოლიტიკის, ასევე ინდივიდუალური პროექტების თვალსაზრისით; კვარტლური ბიულეტენის გავრცელება ადგილობრივი და საერთაშორისო მიღწევების შესახებ; სხვადასხვა ბიზნეს-სექტორთან კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების თანამშრომლობის მაგალითების პოპულარიზაცია; ბიზნეს-სექტორში დიზაინ-აზროვნების და სხვა შემოქმედებითი მიდგომების ინტეგრირების მაგალითების გამოვლენა და გაზიარება.

  1. ქვეყანაში „შემოქმედების დღის“ აღნიშვნა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით. კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების პოტენციალის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის ყოველწლიური ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების დაგეგმვა, ქვეყნის რეგიონების და პატარა ქალაქების ჩართულობისთვის „შემოქმედებითი ქალაქის“ კონკურსის ორგანიზება საუკეთესოს გამოსავლენად.

More info: http://forum.culturepartnership.eu/page/forum 

Other interesting stories: