თბილისში, ევროკავშირის მხარდაჭერით, შემოქმედებითი საქართველოს ფორუმი გაიმართება

ფართომასშტაბიანი ფორუმი „კულტურა და შემოქმედებითობა ინოვაციისა და განვითარებისათვის: შემოქმედებითი საქართველოს გზამკვლევი“ საქართველოს დედაქალაქში 2016 წლის 8-9 დეკემბერს გაიმართება.

ევროკავშირისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიება მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას შემოქმედებითი ინდუსტრიების შესახებ და ადგილობრივი, რეგიონული და საერთაშორისო ექსპერტების, პოლიტიკის განსმსაზღვრელი და შემოქმედებითი პროფესიონალების, ბიზნესსექტორის წარმომადგენლების ერთმანეთთან დაკავშირებას.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს მდიდარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა აქვთ, რაც არაჩვეულებრივ საფუძველს წარმოადგენს ტურიზმის განვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის გაძლიერებაში. თუმცა, აუცილებელია, პროფესიონალთა შემოქმედებითი პოტენციალის, ახალი ინიციატივებისა და იდეების განვითარება. რეგიონის პატარა ქვეყნებისათვის ეს შესაძლოა დამატებითი შემოსავლისა და საერთაშორისო ცნობადობის წყარო გახდეს - გავიხსენოთ, რომ Skype ესტონეთში შეიქმნა, ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც მხოლოდ 1.3 მილიონ ადამიანს შეადგენს. აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანაში იგეგმება საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარება, რომელთაგან ფორუმი - „შემოქმედებითი საქართველო“ არის პირველი; ის წარმოადგენს პლატფორმას შემოქმედებითი სექტორის შემდგომი განვითარებისათვის„ - რაგნარ სილი, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამის სპეციალისტი.

ფორუმის ფარგლებში, სხვადასხვა სესიის განმავლობაში ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლები ერთმანეთს გაუზიარებენ სექტორის განვითარების ძირითად ტენდენციებსა და წარმატებულ გამოცდილებას. გაიმართება პრეზენტაციები, სემინარები და დისკუსიები ისეთ თემებზე, როგორებიცაა განათლების და ახალი ტექნოლოგიების როლი შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებაში, ადგილობრივი და რეგიონული პოლიტიკის განვითარების ინიციატივები, „საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების გზამკვლევი“, კულტურული და ისტორიული ძეგლების როლი, და ა.შ. ერთი სესია დაეთმობა ღია დისკუსიას თემაზე „რა ქმნის წარმატებულ შემოქმედებით ეკოსისტემას ქვეყანაში?“

აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანას შორის რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება ღონისძიების ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების თბილისის მანიფესტის“ მიღება აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, მოლდოვას, ბელარუსისა და საქართველოს დელეგაციათა მეთაურების მიერ გრძელვადიანი რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას ჩაუყრის საფუძველს.

უნდა აღინიშნოს, რომ ფორუმამდე, 2016 წლის 7 დეკემბერს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება სამუშაო შეხვედრა - „გზამკვლევი შემოქმედებითი საქართველოსთვის: რეკომენდაციები კულტურისა და შემოქმედებითი სექტორისათვის“. შეხვედრაზე ექსპერტთა 6 ჯგუფი წარმოადგენს ქვეყანაში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისათვის საჭირო რეკომენდაციებს ქვესექტორების მიხედვით.

ფორუმის დასრულების შემდეგ, 10 დეკემბერს, სტუდენტებისთვის გაიმართება ღონისძიება TeamLAB Georgia 2016. ინტერდისციპლინური ბიზნესის განვითარების სემინარის მიზანია ერთმანეთთან დააკავშიროს ხელოვნების, დიზაინის, ახალი ტექნოლოგიებისა და ბიზნესის ფაკულტეტების სტუდენტთა შემოქმედებითი ძალისხმევა და ცოდნა.

„შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებაში განათლების პროგრამები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. როგორც წესი, განათლების სისტემა შრომის ბაზრისთვის არ ამზადებს შემოქმედებით სპეციალისტებს. არსებობს მხოლოდ რამდენიმე ინტერდისციპლინური პროგრამა და ინიციატივა, რომლებიც სტუდენტებს უმაღლებს კომპეტენციებს ხელოვნებასა და დიზაინში, ახალ ტექნოლოგიებსა და ინტერნეტ ტექნოლოგიებში, ბიზნესსა და მარკეტინგში. TeamLAB Georgia 2016-ს საშუალებით ჩვენ ვეცდებით მსგავსი ტიპის ერთობლივი მუშაობის მაგალითის ჩვენებას და ერთობლივი შემოქმედებითი და ინოვაციური პროექტების განვითარებას“, რაგნარ სილი. 

ფორუმზე მოწვეულია საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მინისტრები ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, ევროკოავშირის სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლები, ექსპერტები და სპიკერები ევროპიდან, კულტურის პროფესიონალები, განათლებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები სახელმწიფო სტრუქტურებიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, სტუდენტები და ა.შ.

ფორუმი გაიმართება ტექნოპარკში, მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრში, რომელიც 2016 წლის იანვრიდან ფუნქცნიონირებს. მისამართი: ოქროყანა, ინოვაციების ქუჩა 7. (ტრანსპორტი კონფერენციის მონაწილეებისათვის, თბილისიდან ტექნოპარკამდე და უკან იქნება უზრუნველყოფილი).

ფორუმი ორგანიზებულია ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ, თბილისის მერიის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და შემოქმედებითი ევროპის საქართველოს დესკის მხარდაჭერით.

ფორუმზე რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://forum.culturepartnership.eu/ge/registration

ყურადღება: რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2016 წლის 9 ნოემბერი. ღონისძიებაში მონაწილეობისათვის შერჩეული აპლიკანტები რეგისტრაციის შესახებ დასტურს 15 ნოემბერს მიიღებენ.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: creativegeorgiaforum@gmail.com

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამა მხარს უჭერს შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებას და მათი კონტრიბუციის გაზრდას აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის სოციო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ განვითარებაში.

http://culturepartnership.eu/

Other interesting stories: