
საქართველოში საშემსრულებლო ხელოვნების სექტორის განვითარების ანგარიში
მთელ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საშემსრულებლო ხელოვნების სისტემა ჩამოყალიბდა საბჭოთა მოდელის მიხედვით: იყო სახელმწიფოს მიერ მართული რეპერტუარული თეატრების, ოპერების, ფილარმონიების და ა.შ. დიდი ქსელი, მუდმივი ვენიუებითა და მუდმივი დასით, ამასთან, მკაცრი კონტროლი წესდებოდა ხელოვნების სკოლებსა და ინსტიტუციებზე, რომლებსაც ეს თეატრები სამუშაო ძალით უნდა უზრუნველეყო. რკინის ფარდის გახსნიდან ორ ათწლეულზე მეტის გასვლის შემდეგ, ინსტიტუციური მართვის მიდგომა – როცა საჯარო საშემსრულებლო ხელოვნების ინსტიტუციები კულტურის სექტორში მთავარი ფიგურაა, ისინი მოიხმარენ საჯარო ფონდების უდიდეს ნაწილს და საკანონმდებლო თუ ფისკალური ჩარჩო ძირითადად შექმნილია სუბსიდირებული, მუდმივი ინსტიტუციებისთვის – რეგიონში ჯერაც დომინირებს, მაგრამ ასევე მიიჩნევა, რომ ის ხელს უწყობს მხატვრულ უწყვეტობას, კრეატიულობას, პროფესიონალიზმს და იძლევა მუდმივ საჯარო მომსახურებას. ბაზარზე ორიენტირებული სტრატეგიებით თავდაპირველი გატაცების შემდეგ (რომელიც, ხანდახან საშემსრულებლო ხელოვნების ინსტიტუციების საყოველთაო პრივატიზების იდეამდე მიდიოდა), ამ რეგიონის სახელმწიფოებმა გადაწყვიტეს, მხარი დაეჭირათ და დაემკვიდრებინათ კეინსიანური სამი სექტორის მოდელი, რომელშიც ფიგურირებს: საჯარო სექტორი (სხვადასხვა სტრატეგიების მიხედვით სუბსიდირებული საჯარო ინსტიტუციები), მესამე სექტორი (ე.წ. სამოქალაქო საზოგადოება; არაკომერციული ორგანიზაციები შერეული დაფინანსებებით – კერძო სპონსორობით და საჯარო გრანტებით ან სუბსიდიებით) და კერძო სექტორი (შემოქმედებითი და კულტურული ინდუსტრიები, კომერციული კომპანიები).
ამ რეგიონის სამივე ქვეყანაში (ესტონეთი, პოლონეთი და სლოვენია), რომლებიც წინმდებარე ანალიზში შესადარებელ მაგალითებად იქნება გამოყენებული, საშემსრულებლო ხელოვნების კერძო სექტორი არის არასაკმარისად განვითარებული, ხოლო საჯარო სექტორი – დომინანტური, მზარდი შუალედური სექტორით, რომელსაც მრავალი საჯარო დაფინანსების პროგრამა უწყობს ხელს. საშემსრულებლო ხელოვნებაში საჯარო (სახელმწიფო) ჩართულობის მაღალი დონე არ არის დამახასიათებელი მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპისთვის, არამედ ასეა ზოგადად ევროკავშირის ქვეყნებში, და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებულ მიდგომას მიჰყვება. ევროპაში საშემსრულებლო ხელოვნების მხარდაჭერის მიზნები უკავშირდება:
ხელმისაწვდომობას/ეკონომიკურ მისაწვდომობას (კლასიკური მუსიკა, ოპერა, ოპერეტა, ცეკვა და თეატრი ხელოვნების ყველაზე ძვირი ფორმებია);
მხატვრულ მრავალფეროვნებას (მრავალრიცხოვანი მხატვრული მიდგომებისა და ენების არსებობა, იმის მიუხედავად, თუ როგორია მათი უშუალო საბაზრო წარმატების);
წარმოების უფრო მაღალ სტანდარტებს; და დასაქმების უფრო მაღალ შესაძლებლობას (სოციოეკონომიკური ფაქტორი, რომელიც ითვალისწინებს საშემსრულებლო ხელოვნებაში მუშაობის არარეგულარულ ხასიათს).
დამატებით, ფინანსური მხარდაჭერა სუბსიდიების ფორმით იძლევა მხატვრული შეთავაზებების პროგნოზირებულობას და პროფესიული სტაბილურობის გარანტიას.
5 პირდაპირი ფინანსური მხარდაჭერა – სუბსიდიებისა და/ან გრანტების მეშვეობით – მხოლოდ ერთ-ერთია იმ ხერხებიდან, რომელსაც ევროპული სახელმწიფოები იყენებენ განვითარების და ხელმისაწვდომობის შესაძლებლობების შესაქმნელად როგორც შემქმნელებისთვის, ისე მონაწილეთათვის. სხვა ხერხები მოიცავს ფისკალურ შეღავათებს (როგორც მწარმოებლებისთვის, ინვესტორებისთვის, სპონსორებისთვის, ასევე კულტურის მუშაკებისთვის), სამუშაო პირობების და მობილობის ჩარჩოების რეგულირებას, განათლებასა და ტრენინგებს, ასევე, ზედმიწევნით ზუსტ საჯარო პოლიტიკას. წლების განმავლობაში ევროპული სახელმწიფოები და კომისიები მუშაობდნენ ისეთი კულტურული პოლიტიკის შემუშავებაზე, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა ხელმისაწვდომობასა და ინკლუზიაზე, კულტურული მრავალფეროვნების პოპულარიზაციაზე, კოოპერაციასა და მობილობაზე, დეცენტრალიზაციასა და ტრანსსექტორულ მიდგომებზე. კულტურის პოლიტიკა, თავისთავად, ორიენტირებულია კულტურული წარმოებისა და მონაწილეობის პირობების შექმნაზე, დასახული საჯარო ამოცანების შესაბამისად – დარგთაშორისი ამოცანების ჩათვლით, როგორიცაა სოციალური ერთიანობა, მდგრადი განვითარება, ეკონომიკური ზრდა, დასაქმება, სწავლება და პროფესიული რეკონვერსია – რომელთა მიზანია, კულტურა გაგებული იყოს არა როგორც საჯარო სახსრების მომხმარებელი, არამედ როგორც დამატებითი ღირებულების შემქმნელი და ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშემწყობი ფაქტორი. აუცილებელია აღინიშნოს, რომ ეროვნულ და ევროკავშირის დონეზე საჯარო პოლიტიკის დოკუმენტები რეკომენდაციას იძლევა, კულტურის სფეროში მკაცრი ეკონომიკური ლოგიკის მექანიკურ გამოყენებას სიფრთხილით მოვეკიდოთ, რადგან მიიჩნევა, რომ კულტურას, როგორც დარგთაშორისი დინამიკის ნაწილს, თავისი სამოქმედო არეალის მიღმაც აქვს ღირებულება. ამ სფეროზე გავლენა იქონია აგრეთვე იმ მიდგომამ კულტურისადმი, რომელიც მეინსტრიმული გახდა აღმოსავლეთ ევროპაში მას მერე, რაც რეგიონი (რუსეთის ფედერაციის ჩათვლით) წალეკა თავდაპირველმა ენთუზიაზმმა ლიბერალიზაციის და პრივატიზაციის მიმართ. კულტურული სისტემა – და, მით უფრო, საშემსრულებლო ხელოვნების სისტემა – ფაქტობრივად გარდაქმნის მუდმივ პროცესში იმყოფება, ითვალისწინებს რა, ერთი მხრივ, სოციალურ პრაქტიკასა და ტექნოლოგიაში არსებულ ცვლილებებს, ხოლო მეორე მხრივ, წონასწორობის დაცვას სახელმწიფოს ჩართულობასა და კერძო ინიციატივებს შორის, სოციალურ საჭიროებებსა და ბაზრის მოთხოვნებს შორის.