„ლიდერობა, უპირველესად, იდეის რწმენა და მისი სხვებისთვის გაზია­რე­ბის უნარია“

„კულტურის სფეროში შეუძლებელია, რისკის, ნდობის თუ გამჭვირვალობის გარეშე რამეს მიაღწიო. აუხსენით ადამიანებს, თუ რატომ აკეთებთ ამას თუ იმას, გახსნილი იყავით ყველაფერი ახლისთვის, იყავით გამჭვირვალე და გაუზიარეთ სხვებს ინფორ­მა­ცია“, – 18 თებერვალს თბილისში ჩატარებულ სემინარზე ფინეთის გოეთეს ინსტი­ტუ­ტის დირექტორმა მიკო ფრიტცემ და ქართულ-კავკასიური ფონდის დირექ­ტ­ორმა ზვიად მჭედლიშვილმა მსმენელებს მისცეს პრაქტიკული რჩევები და გააცნეს ლიდერობის ძირითადი პრინციპები.

„ისეთი გუნდი უნდა შექმნათ, რომ თავად გინდოდეთ მისი წევრობა“

მიკო ფრიტცემ აღნიშნა, რომ თანამშრომლებს ყოველთვის აძლევდა მუშაობის შესაძლებლობას, არასოდეს უსვამდა ხაზს, რომ მათზე მეტი იცის, და არ ელოდა მათგან იმას, რის გაკეთებაც თავად არ შეეძლო.

„ისეთი გუნდი უნდა შექმნათ, რომ თავად გინდოდეთ მისი წევრობა. იმისათვის, რომ ლიდერისთვის აუცილებელი თვისებები შეიძინოთ, ყოველთვის მზად უნდა იყოთ კოლეგებისგან ინფორმაციის მისაღებად, ასევე მნიშვნელოვანია, ენერგიული იყოთ და კომუნიკაცია არ გღლიდეთ“.

ზვიად მჭედლიშვილი მიიჩნევს, რომ მათ, ვისაც ლიდერობა სურს, უპირველესად, უნდა გაიაზრონ, თუ რას ნიშნავს „ლიდერი“.

„ლიდერი – ეს ის ადამიანია, ვინც, უპირველესად საკუთარ თავს აკონტროლებს და მხოლოდ ამის მერე — სხვებს; ისაა, ვინც შედეგს სხვების მეშვეობით აღწევს“, – თქვა ადგილობრივმა ექსპერტმა. მან კულტურის სფეროს ყველა მენეჯერს ურჩია, მეტი ინფორმაცია მიიღონ, იკითხონ ან ვიდეომასალებს გაეცნონ.

„ჩვენ თავდაპირველად უნდა განვსაზღვროთ ინფორმაციის წყარო, მერე კი ჩვენს ორგანიზაციაში მისი დანერგვის გარკვეული მეთოდიკა შევიმუშაოთ. ინფორმაცია პრაქტიკული გამოყენების გარეშე ემსგავსება დიდ ბიბლიოთეკას, სადაც არავინ შედის“, – თქვა მან.

ზვიად მჭედლიშვილი დარწმუნებულია, რომ თბილისში მიმდინარე ტრენინგი კულტურის სფეროს ლიდერებისთვის ნამდვილად დაეხმარება არტ-მენეჯერებს, რომლებიც მასში მონაწილეობას იღებდნენ.

ლიდერის უნარების გამომუშავება ძალიან მნიშვნელოვანია ვალერიან გუნიას სახე­ლო­ბის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირის აღმასრულებელი დირექ­ტორის ნინო გუნია-კუზნეცოვასთვის:

„ლიდერობა, უპირველეს ყოვლის, იდეის რწმენა და მისი სხვებისთვის გაზია­რე­ბის უნარია, ეს არის დიდი შრომა და ნიჭი, ამ შრომაში სხვებიც ჩართო. მე გუნდური მუშაობის მომხრე ვარ და ავტორიტარიზმი ხელმძღვანელობის საუკეთესო ფორმად არ მიმაჩნია. პირადად მე ზოგჯერ მაკლია ანალიზის და მომავალი ნაბიჯების წინასწარ გათვლის უნარი. ამის გამო ძალიან მოულოდნელ სიტუაციებში აღმოვჩნდები ხოლმე, მითუმეტეს მაშინ, როცა ბიუროკრატიას ვაწყდები. რაც შეეხება მიკო ფრიტცეს ტრენინგს, ვთვლი, რომ ამგვარი შეხვედრები ყოველთვის სასარგებლოა, რადგან სხვისი გამოცდილების გაცნობის კიდევ ერთ შესაძლებლობას იძლევა“, – აღნიშნა შეხვედრის მონაწილემ. 

„ზოგჯერ დიქტატურაა საჭირო, ზოგჯერ – კრეატიულობა და ნდობა“

მოზარდ მაყურებელთა თეატრის პროექტების მენეჯერი სოფია დეკანოზაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში მომუშავე არტ-მენეჯერებისთვის ძალიან სასარგებლოა უცხოური გამოცდილების გაცნობა, რადგანაც საქართველოში ამ სფეროში ჩართული ადამიანები უმეტესად თვითნასწავლები არიან.

„ლიდერისთვის აუცილებელი თვისებები ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური და განსხვავებულია, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ადამიანურ რესურსებთან მუშაობთ. ზოგჯერ დიქტატურაა საჭირო, ზოგჯერ – კრეატიულობა და ნდობა: გააჩნია, რა მიზანი გაქვთ, ხოლო მიზანი ყოველთვის ამართლებს საშუალებას. რაც შეეხება ლიდერის პირად თვისებებს, მე მგონია, რომ მნიშვნელოვანია, ლიდერს ყოველთვის შეეძლოს ადამიანებთან ურთიერთობის აგება და ადამიანური რესურსის სწორად განაწილება“, – გვითხრა სოფია დეკანოზაშვილმა.

ნინო ჩხაიძე, ახალგაზრდული ორგანიზაცია „არტ ვეის“ წარმომადგენელი, ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად ბათუმიდან ჩამოვიდა:

„ჩემი ორგანიზაცია ახორციელებს პროექტებს, რომლებიც კულტურულ პროცესებში ახალგაზრდობის ჩართვას ისახავს მიზნად. ეს სემინარი მთლიანად ორიენტირებულია ლიდერის პრაქტიკული უნარების გამომუშავებაზე. ჩემთვის ლიდერობა — ესაა მართვის ჯანსაღი პროცესი, რომელშიც საქმიანობა მხოლოდ დირექტივებს არ ეფუძნება. ლიდერი – ეს მთავარი, გუნდისთვის მოტივაციის მიმცემი ადამიანია, რომელიც გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად არ იღებს“.

„ლიდერი — ეს ის ადამიანია, ვისაც საინტერესო და ფასეული პროდუქტის შექმნა შეუძლია“

24-საათიანი თეატრალური ფესტივალის დირექტორი და თანამედროვე ხელოვნების კვლევის ლაბორატორიის დამაარსებელი ნინო მაღლაკელიძე ექსპერიმენტული ხელოვნების სფეროში მუშაობს და ამის გამო ხშირად უწევს ისეთი იდეების გაჟღერება და რეალიზება, რომლებიც ქართული სივრცისთვის ხშირად სრულიად ახალია.

„ჩემთვის ლიდერობა — ესაა ისეთი უნიკალური გამოცდილების ქონა, რომელიც, სავარაუდოდ, სხვა გარშემომყოფებს არ გააჩნიათ. ლიდერობა ჩემთვის ნიშნავს კადრების მართვას, ფინანსების ძიებას და ყოველ ეტაპზე იდეისთვის ხორცის შესხმის უნარს. ის, რომ საქართველოში ტარდება ტრენინგი კულტურის სფეროს ლიდერებისთვის, საქართველოს ერთ-ერთი მიღწევაა“, – ფიქრობს ნინო მაღლაკელიძე.

ნინო გამრეკელი მენეჯერი და პროდუსერია. მას მიაჩნია, რომ ლიდერი ის ადამიანია, ვისაც, უპირველესად, საინტერესო და ფასეული პროდუქტის შექმნა შეუძლია: „შეუძლებელია, შეიძინო ლიდერისთვის აუცილებელი თვისებები. შეიძლება, ისინი სკუთარ თავში აღმოაჩინო და განავითარო, მაგრამ შეუძლებელია, ისწავლო ლიდერად ყოფნა“, – ასე თვლის ნინო გამრეკელი.

Other interesting stories: