content
ლექცია 5. ადვოკატირების კამპანიის შეფასება
ადვოკატირების მიზნების დასახვის გარდა, მნიშვნელოვანია თავიდანვე გაარკვიოთ, რა შედეგების მიღება გსურთ, შემდეგი მიზეზების გამო:

შედეგები ამცირებს მოქმედებაზე ზედმეტად ფოკუსირების საშიშროებას, ანუ, ზოგჯერ მიზნები გადაიქცევა  ‘საქმეების სიად, რომლის გაკეთებასაც ვაპირებთ’. ამას შეუძლია მიგვიყვანოს M+E პროცესამდე, რაც გულისხმობს მხოლოდ ‘გავაკეთეთ თუ არა ის, რის გაკეთებასაც ვაპირებდით’. 
თუ ხართ ‘შედეგზე ორიენტირებული’, თქვენ უფრო მეტად აქცევთ ყურადღებას საქმიანობის ეფექტს, ვიდრე თავად საქმიანობას.
მნიშვნელოვანია შევადაროთ რეალური შედეგები და მოსალოდნელი შედეგები - ცვლილებები არ არის ყოველთვის პროგნოზირებადი. ვინაიდან ფართომასშტაბიანი ცვლილება იშვიათად არის მყისიერი და ძალზედ რთული მისაღწევია, თქვენ უნდა განსაზღვროთ უფრო მოკლევადიანი მნიშვნელოვანი მიღწევები.

ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი ფაქტორები, რომლებიც შეიძლება შეფასდეს როგორც შედეგები:

პოლიტიკის მიღწევები: კონკრეტული ცვლილებები პოლიტიკაში, პრაქტიკული და/ან ინსტიტუციონალური რეფორმები;

განხორციელების მიღწევები: როგორ ხდება აღნიშნული  პოლიტიკის განხორციელება, რა ცვლილებები მოხდა, რა გავლენა იქონია (ან არ იქონია) ცვლილებამ ადამიანებზე და თემებზე;

პოლიტიკური და დემოკრატიული მიღწევები: საზოგადოებრივი ჯგუფები იძენენ სულ უფრო დიდ აღიარებას კანონიერი მოთამაშეების სახით, სამთავრობო და სხვა ინსტიტუტები უფრო ხელმისაწვდომი ხდება;

სამოქალაქო საზოგადოების მიღწევები: უკეთესი თანამშრომლობა სამოქალაქო ჯგუფებს შორის;

პარტნიორობის მიღწევები: ადვოკატირება  განაპირობებს რეგიონალური და საერთაშორისო ქსელების შექმნას, რომლებსაც შეუძლია ეფექტურად მიმართონ საერთაშორისო ინსტიტუტებს;

ორგანიზაციული მიღწევები: გაზრდილი პროფილი, პატივისცემა, როგორც ინფორმაციის სანდო წყარო, გაზრდილი დაფინანსება და სხ.
ახლა, როცა გავეცანით ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვის, განხორციელების და შეფასების ეტაპებს, განვიხილეთ ზოგიერთი ინსტრუმენტი და მეთოდი, მოდით შევაჯამოთ მიღებული ცოდნა და შევეცადოთ შევადგინოთ ადვოკატირების კამპანიის სრული საგზაო რუკა.

წარმოვიდგინოთ, რომ გვაქვს ორწლიანი ადვოკატირების პროექტი, რომელიც მიმართულია სახელმწიფო ჰუმანიტარული განათლების სტანდარტების განვითარებასა და დამკვიდრებაზე საჯარო დაწყებით და საშუალო სკოლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ჩვენი პროექტის პირველი 6 თვის განმავლობაში:
გაკეთდება საკითხის შეფასება, მათ შორის ძირითადი მიზეზის ანალიზი, საკითხის ანალიზი და ხედვა, რაც განაპირობებს ადვოკატირების მიზნების და ამოცანების ფორმულირებას. დასახული მიზნების საფუძველზე შემუშავდება მოქმედების გეგმა და დამყარდება საჭირო კავშირები;

წლის მეორე ნახევარი დაეთმობა:
დიალოგის გამართვას პასუხისმგებელ პირებთან და სხვა მნიშვნელოვან მხარეებთან, მათთან ურთიერთობის დამყარებას, მედია სამუშაოს გატარებას, სემინარებს და ღონისძიებებს მიზნობრივი ჯგუფების ცნობიერების ასამაღლებლად. საკითხი გახდება საჯარო განხილვის თემა, ჩვენ გავაფართოებთ კავშირებს და ჩავატარებთ კამპანიას საკითხის გაშუქების მიზნით. შემდეგ დადგება გავლენიან პირთა ლობირების დრო, ვინც იღებს გადაწყვეტილებას. უნდა აღინიშნოს, რომ ლობირება უნდა გადაიდოს, სანამ საკითხი გახდება საჯარო დებატების თემა, რათა პოლიტიკოსებს მეტი მიზეზი ჰქონდეთ მიაქციონ მას ყურადღება.

მე-13 თვიდან მე-18 თვემდე ჩვენ:
გავაგრძელებთ ლობირებას - მოვიწვევთ დაინტერესებულ პირთა სემინარებს, რათა პასუხისმგებელმა პირებმა გაიგონ ჩვენი საქმის მნიშვნელობა - შემდეგ, მოვამზადებთ სტანდარტულ პროექტს და გადავცემთ განსახილველად განათლების სამინისტროს.

მე-19 თვიდან 24-ე თვემდე ველით, რომ:
სამინისტროს გადაწყვეტილების და ხელმოწერის შემდეგ, ახალი სასწავლო სტანდარტი შევა ძალაში, რათა დადებითად შეცვალოს ადამიანების ცხოვრება.
ამით დავასრულეთ ადვოკატირების კურსი. იმედი მაქვს, გაეცანით ახალ კონცეფციებს, დაეუფლეთ ახალ მეთოდებს და მიიღეთ სასარგებლო რჩევები. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვიმედოვნებ, უფრო ახლოს გაეცანით ადვოკატირების ძალას. და ბოლოს, მოცემული კურსიდან შეიძლება გამოვიტანოთ ოთხი ძირითადი დასკვნა: პირველი, ადვოკატირება არ ნიშნავს მხოლოდ ზეგავლენას სახელმწიფო პოლიტიკაზე, ის აგრეთვე გულისხმობს ზეგავლენას საზოგადოებრივ აზრზე; მეორე, ჩვენს მიერ არჩეული საკითხები ადვოკატირების მიზნით უნდა შეესაბამებოდეს ჩვენ ცოდნას, შესაძლებლობას და გამოცდილებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ წინაშე მდგარი პრობლემები შეიძლება გადაიჭრას იმ რესურსებით, რის მობილიზებასაც შევძლებთ; მესამე, მნიშვნელოვანია გამოვავლინოთ ის მოთამაშეები, ვისაც შეუძლია გავლენა მოახდინონ ინიციატივაზე, ისევე, როგორც ის მოთამაშეები, ვისაც გავლენა აქვთ გადაწყვეტილების მიღებაზე, მოვნახოთ მათთან დაკავშირების  ყველაზე ეფექტური გზა ძალთა სქემის საშუალებით; მეოთხე, დიდი სიფრთხილით უნდა შევარჩიოთ ადვოკატირების ინსტრუმენტები და დავამყაროთ კომუნიკაცია არჩეული აუდიტორიის ცოდნის საფუძველზე, აუდიტორიისთვის შესაფერის ენაზე, მოკლედ და კონკრეტულად მივაწოდოთ საქმის არსი. ადვოკატირების მრავალი კურსი არსებობს, რომელიც უფრო დეტალურად განიხილავს აღნიშნული ზეგავლენის ინსტრუმენტს, გირჩევთ ბევრი იკითხოთ, ისწავლოთ და მუდმივად განავითაროთ თქვენი ადვოკატირების უნარები უკეთესი შედეგების მისაღებად.
მადლობას გიხდით მონაწილეობისთვის. 

ვუამბოთ მეგობრებს