content
ლექცია 4. კრეატიული ეკონომიკა
ლექცია 4. კრეატიული ეკონომიკა
ბოლო ათწლედის განმავლობაში, კრეატიული წარმოებისა და მომსახურების სექტორების ბრუნვა ორჯერ გაიზარდა და შეადგინა 624 მილიარდი დოლარი. ეკონომიკურ სარგებელთან ერთად კრეატიული ეკონომიკა ქმნის არამატერიალურ ღირებულებებს და უზრუნველყოფს ადამიანზე ორიენტირებულ მდგრად განვითარებას.

ლოს ანჟელესის კრეატიული სული გამოიხატება ფართო სპექტრით - ბოილ ჰეითსის (Boyle Heights - ლოს ანჟელესის უბანი) მხატვრული სივრცით დაწყებული და  NASA-ს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიით დამთავრებული. ერთად ისინი წარმოადგენენ რეგიონის მთავარ ეკონომიკურ აქტივებს, რომლებიც განსაზღვრავს მის სამომავლო განვითარებას. 

ცნება „კრეატიული ეკონომიკა“ განიმარტება როგორც ცალკეული პირებისა და ბიზნესის ერთობლიობა, რომელიც აწარმოებს კულტურულ, მხატვრულ და ინოვაციურ პროდუქციას და მომსახურებას. მოცემული სისტემა აგრეთვე მოიცავს სივრცეს, სადაც შემოქმედნი თავისუფლად წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევარს, ურთიერთობენ მომხმარებელთან და უზიარებენ ერთმანეთს იდეებს.   

კრეატიული ეკონომიკის მთავარი თვისებაა ადამიანების მიერ შემოქმედებითი ფანტაზიის გამოყენება იდეის ღირებულების გაზრდის მიზნით. ჯონ ჰოუკინსმა წამოწია კრეატიული ეკონომიკის კონცეფცია 2001 წელს, რათა წარმოედგინა ეკონომიკური სისტემები, რომლებშიც ღირებულება დამოკიდებულია ორიგინალობაზე და კრეატიულობაზე, და არა ისეთ ტრადიციულ რესურსებზე, როგორიცაა მიწა, შრომა და კაპიტალი. კრეატიული ინდუსტრიებისაგან განსხვავებით, რომლებიც შემოიფარგლება კონკრეტული სექტორებით, ტერმინი „კრეატიული ეკონომიკა“ წარმოადგენს მთელი ეკონომიკის კრეატიულობას.  

სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღევანდელ დღეს წარმატებას, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პირადი კმაყოფილების გრძნობას განაპირობებს ახალი იდეები და არა ფული ან ტექნოლოგიები. კრეატიული ეკონომიკა ახალ სიცოცხლეს აძლევს წარმოების, მომსახურების, კომერციისა და გართობის სფეროებს. ის ცვლის გარემოს, რომელშიც ადამიანებს სურთ ცხოვრება, მუშაობა და სწავლა, და სადაც ისინი აზროვნებენ, იგონებენ და ქმნიან.

კრეატიული ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკის სწრაფად განვითარებადი სექტორია. მას ახასიათებს დინამიურობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა შემოსავლების წარმოება, სამუშაო ადგილების შექმნა და ექსპორტის განვითარება, ვინაიდან ის ნაკლებად არის დამოკიდებული მატერიალურ რესურსებზე. ეკონომისტი და თეორეტიკოსი პიერ ლუიჯი საკო ასევე აღნიშნავს, რომ კრეატიული ეკონომიკა საუკეთესოდ  ასახავს ადგილობრივ თავისებურებებს და ინარჩუნებს იდენტობას გლობალიზაციის ეპოქაში.  ის ასახელებს Ile-de-France პარიზში, ცენტრალურ ლონდონსა და მილანს, როგორც ადგილებს, სადაც ყველაზე აქტიურად ვითარდება კრეატიული ეკონომიკა. 

ვუამბოთ მეგობრებს