content
შიდა ანალიზი
ეს არის თქვენი საწარმოს მახასიათებლების ობიექტური შემოწმება, იგი განსაზღვრავს ძლიერ და სუსტ მხარეებს, რომლებიც განიხილება, როგორც შედარებითი – მეტოქეებთან და სხვადასხვა ბაზრის კონტექსტებში.

კლასიკური „SWOT ანალიზი“ გულისხმობს ორგანიზაციაში ძლიერი და სუსტი მხარეების შეფასებას, ე.წ. „შიდა ანალიზს“.

ძლიერი და სუსტი მხარეები – თუ მახასიათებლები

მნიშვნელოვანია, შევაფასოთ ჩვენი ბიზნესის ძლიერი და სუსტი მხარეები, განსაკუთრებით გავამახვილოთ ყურადღება ძლიერ მხარეებზე, გამორჩევით – იმ სიძლიერეზე, რაც კონკურენტებს არ გააჩნიათ. ეს შედარებითი სიძლიერე თქვენი კონკურენტული უპირატესობის უმნიშვნელოვანესი ელემენტია.

ისარგებლეთ თქვენი ძლიერი მხარეებით

ძლიერი და სუსტი მხარეების ამ „შიდა ანალიზთან“ მიდგომის კიდევ ერთი ვარიანტია, გამოვიყენოთ უფრო ნეიტრალური ტერმინი და თქვენი და თქვენი საწარმოს „მახასიათებლები“ ჩამოწეროთ. შემდეგ შეიძლება, დასვათ კითხვა: ეს მახასიათებლები რა ბიზნესსიტუაციებში ან რომელ კონკრეტულ მომხმარებელთან წარმოჩინდება სიძლიერედ? ბიზნესსტრატეგია – ესაა თქვენი მახასიათებლების გაშლა ისეთ ბაზრებზე ან სხვა სიტუაციებში, სადაც ისინი კონკურენტებთან შედარებით ძლიერ მხარედ წარმოჩნდება.

იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ ვცადოთ, ცარიელ ფურცელზე ჩამოვწეროთ ყველა ძლიერი და სუსტი მხარე, რაც კი გაგვახსენდება, ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ ქვემოთ მოცემული პრაიმფაქტორების სია, რომელიც ამომწურავი ანალიზისთვის სასარგებლო სტრუქტურას გვთავაზობს.

იმისათვის, რომ „ვიცნობდეთ საკუთარ თავს“, საჭიროა, ჩვენი ამჟამინდელი სიტუაციის ფაქტები მაქსიმალურად ობიექტურად შევაფასოთ. სასარგებლოა, სხვებს სთხოვოთ ამაში დახმარება, რადგანაც მათ შეუძლიათ, ვითარებას განსხვავებული პერსპექტივიდან შეხედონ.

ეს სია საგანგებოდ შემოქმედებითი და კულტურის ინდუსტრიებისთვის შევადგინე და წარმატებით მაქვს იგი გამოყენებული ბევრ კლიენტთან, მათ შორის – შემოქმედებითი ბიზნესების და კულტურის ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

პრაიმფაქტორების სია

ხალხი

რა არის ჩვენი ხალხის ძლიერი და სუსტი მხარეები? დაქირავებული პერსონალი, დირექტორები, წევრები, პარტნიორები, მრჩეველები და სხვა დაინტერესებული პირები.

რეპუტაცია (ან ბრენდი)

რა არის ჩვენი რეპუტაცია ჩვენს სამიზნე მომხმარებლებს შორის? რა არის ჩვენი ბრენდის ან ბრენდების ძლიერი – ან სუსტი – მხარე?

ინტელექტუალური საკუთრება

რა ინტელექტუალურ საკუთრებას ვფლობთ? როგორ არის ის დაცული? რამდენად იოლად შეიძლება მისი გადაქცევა შემოსავლის წყაროდ?

ბაზრის კვლევა/საბაზრო ინფორმაცია

რა ინფორმაცია მოგვეპოვება ბაზრის სეგმენტების და ბაზრის ტენდენციების შესახებ? რა ვიცით ცალკეულ კლიენტებზე მათ კონკრეტულ საჭიროებებზე?

ეთოსი (ან ფასეულობა, ან კულტურა)

რა არის ჩვენი ეთოსი, ჩვენი ფასეულობები და ჩვენი ორგანიზაციის კულტურა? ყველა დაინტერესებული პირი ერთსა და იმავე ეთოსში ერთიანდება?

ფინანსები ანუ ფული

როგორია შემოსავლიანობის, ფულის ბრუნვის და აქტივების მიმდინარე მდგომარეობა? რამდენი ფული გვაქვს ინვესტიციისთვის ან რამდენი შეგვიძლია ვისესხოთ?

სისხარტე (ან სისწრაფე ან ცვლილების უნარი)

საკმარისად სხარტი ვართ ახალი შესაძლებლობების მოსახელთებლად? ადამიანები მომზადებულები და გახსნილები არიან ცვლილებისთვის? თუ არ შეგვიძლია ცვლილება?

თანამშრომლები (მოკავშირეები, პარტნოირები და ქსელები)

რა არის სხვა ბიზნესებთან და ორგანიზაციებთან (მათ შორის, მთავრობასთან) ჩვენი კავშირების ძლიერი და სუსტი მხარეები?

ტალანტური ადამიანები (კომპეტენცია და უნარები)

რა არის ჩვენი ძირითადი კომპეტენცია? რა უნარებს ვფლობთ და რა ხარვეზები გვაქვს? თუ შეგვიძლია ახალი უნარების შეძენა?

გულწრფელი იყავით სუსტი მხარის შეფასებისასაც. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ყველა სისუსტე არ არის გამოსასწორებელი. შეიძლება, იპოვოთ ბაზარზე ახალი პოზიცია, რომელშიც თქვენი სისუსტე არცთუ არსებითი იქნება.

აქ მნიშვნელოვანია, თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები კონკურენტებთან შედარებით აღიქვათ. თქვენ შეიძლება გქონდეთ ესა თუ ის ძლიერი მხარე, მაგრამ თუ მეტოქეებიც იმავეში არიან ძლიერი ან კიდევაც გჯობნიან, მაშინ ეს კონკრეტული ძლიერი მხარე არ გაძლევთ კონკურენტულ უპირატესობას.

ვუამბოთ მეგობრებს