content
ლექცია 3. გადაკვეთები: ეფექტიანი ბიზნესდაგეგმარების კატალიზატორი
ამ ვიდეოში განვიხილავთ ახალი სახელოვნებო ორგანიზაციის წამოსაწყები ბიზნესგეგმის მთავარ სტრუქტურას და შინაარსს. ჩვენ გავეცნობით თანამშრომლობით შესაძლებლობებს გადამკვეთ თანამშრომლობით ნიმუშში.

ბიზნესგეგმა არის დეტალური დოკუმენტი, რომელიც იძლევა საკმარის ინფორმაციას საერთაშორისო სახელოვნებო წამოწყების სტრატეგიის, აგრეთვე, მისი ფუნქციური ნაწილების შესახებ. ბიზნესგეგმები სხვადასხვა მოცულობის შეიძლება იყოს: ორიოდე გვერდში ეტეოდეს ან რამდენიმე თავად იყოს გაწერილი. გეგმა იმგვარად უნდა იყოს შედგენილი, რომ მასში აისახებოდეს ოთხი მთავარი თვალთახედვა:

  • მეწარმის თვალთახედვა: ეს გეგმა მიმზიდველია ჩვენთვის, როგორც მეწარმეთათვის? შეესაბამება იგი ჩვენს მისწრაფებებს, მიზნებსა და კომპეტენციებს?

  • კლიენტის/აუდიტორიის თვალთახედვა: ვინ იყიდის, მონაწილეობას მიიღებს, ნახავს, დახარჯავს ფულს და დროს ამ კონკრეტული შემოქმედებითი საქონლის თუ მომსახურებისთვის?

  • ინვესტორის თვალთახედვა: რატომ მოინდომებს გარე ინვესტორი ამ ახალ ბიზნესში ჩართვას?

  • პარტნიორის თვალთახედვა: რა პოტენციურ სარგებელს მიიღებენ თანამშრომლები და გარე დაინტერესებული მხარეები, ჩვენს ახალ წამოწყებაში ჩართვით?

ჩვენ შეგვიძლია, ხელოვნების მიმართულებით ახალი წამოწყების ბიზნესგეგმის მთლიანი სტრუქტურა დავყოთ ოთხ მთავარ ნაწილად, რაც დეტალურად მაქვს განხილული ჩემს წიგნებში, ხელოვნების სფეროში საერთაშორისო მეწარმეობის და ხელოვნების სფეროში სტრატეგიული მენეჯმენტის შესახებ:https://www.amazon.com/International-Entrepreneurship-Arts-Lidia-Varbanova/dp/1138844357, https://www.amazon.com/Strategic-Management-Arts-Lidia-Varbanova/dp/0415530032

  • შესავალი ნაწილი. ეს მოიცავს სამენეჯერო რეზიუმეს და მოცემული სახელოვნებო საწარმოს მოკლე წარდგინებას – მის მისიას, ხედვას, მიზნებს, პროგრამულ არეალს, კონკურენტულ უპირატესობას და უნიკალურობას, შეთავაზებულ კულტურულ საქონელს და მომსახურებას, აგრეთვე მუშაობის მომავალ მიმართულებას.

  • ანალიზური ნაწილი, იძლევა საკმარის მონაცემებს მაკრო- და მიკროგარემოს კვლევის შედეგების შესახებ, მათ შორისა – ბიზნესის იდენტიფიკაციის თუ სოციალური შესაძლებლობების შესახებ. ინდუსტრიისა და ბაზრის ანალიზის შედეგი ადგენს კონკურენციის დონეს, ბაზარზე შესვლის დაბრკოლებებს და პოტენციური ბაზრის ზომასა და სეგმენტაციას.

  • კონცეპტუალური ნაწილი. ეს მოიცავს შესაძლებლობების აღწერას, სახელოვნებო საწარმოს დაარსების მთავარ მიზეზებსა და მოტივაციებს, აგრეთვე იდეის ამომწურავ გაშლას, რომელიც შეესაბამება გარე ტენდენციებს, შესაძლებლობებსა და საჭიროებებს.

  • ოპერაციული ნაწილი. ეს ნაწილი ეხება შემოქმედებითი და ბიზნესოპერაციების ძირითად ფუნქციურ არეებს, როგორიცაა: შემოქმედებითი პროცესის მართვა, ადამიანების მართვა, მარკეტინგი, ფინანსები, და სხვა შიდა ფუნქციებს.

ამ ვიდეოს მეორე ნაწილი შეეხება გადაკვეთებს და თანამშრომლობის სტრატეგიებს ხელოვნების სფეროში, რაც ინოვაციური იდეების და ახალი ბიზნესმოდელების მძლავრი წყარო გახლავთ. ხელოვნების სფეროში ბიზნესგეგმის შემუშავება გადაკვეთის და თანამშრომლობით რეჟიმში შედეგად ბევრად უფრო მაღალ ეფექტიანობას იძლევა.

გადაკვეთები

21-ე საუკუნის სახელოვნებო და კულტურული პროექტების თუ ორგანიზაციების ძალა, მათი გავლენა და წარმატებული ბიზნესმოდელები ბევრად სცდება თავისთავად ხელოვნების და შემოქმედებით სფეროს და უკავშირდება სხვა ინდუსტრიულ დარგებს და სოციალურ სფეროებს. „გადაკვეთები“ აღნიშნავს დარგთა შორის გადამფარავ გამოცდილებას როგორც ხელოვნების სხვადასხვა ფორმებსა და შემოქმედებით დარგებს შორის, ასევე – სახელოვნებო-შემოქმედებით სფეროსა და სხვა სექტორებს შორის, როგორებიცაა: კომერციული ორგანიზაციები, ტექნოლოგიური კომპანიები, ქალაქის დაგეგმარება და განვითარება, საგანმანათლებლო და სატრენერო ინსტიტუციები, მდგრად განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციები და მრავალი სხვა. ჩვენ შევეხებით ამ გადამკვეთი ურთიერთთანამშრომლობის ზოგი ფორმის არსსა და მათ მოტანილ სარგებელს.

  • გადაკვეთები შემოქმედებითი ინდუსტრიის დარგებს შორის

    შემოქმედებითი ინდუსტრიის დარგების მშვენიერება მდგომარეობს იმაში, რომ ისინი ყველა ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ხელოვნების სფეროში ბევრი ბიზნესმოდელი ამ დაკავშირებულობას ეფუძნება. მაგალითად, ჰარი პოტერი, რომელიც თავდაპირველად წიგნი იყო, შემდეგ განვითარდა ფილმად, კომპიუტერულ თამაშად, სათამაშოებად, მოდად, დიზაინად და სხვა. დარგთაშორისი თანამშრომლობა შესაძლებლობებს იძლევა უნართა ახალი კომბინაციებისთვის, აჩენს ახალ პროდუქტს, ხდება ისეთი ახალი კომპანიის დაარსების წყარო, რომელსაც ბიზნესიც აქვს და სოციალური დანიშნულებაც, ამავე დროს, ბევრად უკეთ ემსახურება მომხმარებელსა და მყიდველს. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ შემოქმედებითი ინდუსტრიების ზრდას გადაკვეთის ეფექტი შემოაქვს რეგიონის თუ ქალაქის ეკონომიკურ განვითარებაში: მაგალითად, კულტურული ფესტივალი არის კატალიზატორი სასტუმროთა ქსელის, სატრანსპორტო სერვისების, ადგილობრივი რესტორნების და მრავალი სხვა დარგის ბიზნესის განვითარებისთვის. ამას ზოგჯერ კულტურისა და ხელოვნების „ზეგავლენის ეფექტი“ (“spillover” effect) ეწოდება – ესაა „პროცესი, რომლის შედეგადაც საქმიანობას სახელოვნებო და შემოქმედებით ინდუსტრიებში აქვს შემდგომი უფრო ფართო გავლენა ადგილებზე, საზოგადოებაზე ან ეკონომიკაზე – კონცეფციების, იდეების, უნარების, ცოდნის და სხვადასხვა სახის კაპიტალის გადადინების გზით“.

  • თანამშრომლობა ხელოვნებას, ბიზნესსა და საგანმანათლებლო ორგანიზაციებს შორის

ამგვარი თანამშრომლობის მაგალითები გახლავთ ინკუბატორები და ამაჩქარებლები დამწყები მეწარმეებისთვის. მაშინ, როცა ინკუბატორები უკავშირდება არაკომერციულ ორგანიზაციას თუ უნივერსიტეტს და პროდუქტის მონეტიზაციას შეიძლება წლები დასჭირდეს, ამაჩქარებლები იდეის კომერციულ პროდუქტად გარდაქმნის უფრო სწრაფი გზა გახლავთ. როგორც წესი, ამაჩქარებლები ეძებენ ისეთ სტარტაპებს, რომლებსაც ზრდის მაღალი პოტენციალი აქვთ და მენტორები ან ტრენერები დამწყებ კომპანიებს მათში წილის სანაცვლოდ სთავაზობენ საჭირო მომსახურებას, სივრცეს, ინფორმაციას.

  • გადაკვეთები ხელოვნებას, კვლევასა და ტექნოლოგიას შორის

შემოქმედებითი კლასტერები თანამშრომლობის ერთ-ერთი სახეა. ეს ტერმინი დაკავშირებულია შემოქმედებითი ინდუსტრიის ორგანიზაციათა გეოგრაფიულ კონცენტრირებასთან. ისინი ქმნიან საერთო რესურსებს, მთლიანი წარმოების და შემოქმედებითი პროდუქტის გავრცელების ოპტიმიზაციის მიზნით. შემოქმედებითი კლასტერები ხელს უწყობენ კულტურის და ხელოვნების შეღწევას სხვა სფეროებში, როგორიცაა კვლევა, მეცნიერება, ტექნოლოგიები, გარემო, ბიზნესი და სხვა. შემოქმედებითი კლასტერები თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ფორმაა, რადგანაც ისინი ქმნიან ახალ კავშირებს და ახალ ალიანსებს; აადვილებენ რესურსების შესწავლას კონკრეტულ ლოკაციაში და სინერგიაში მოჰყავთ მასში ჩართული ორგანიზაციების კომპეტენციები, რომლებსაც საერთო აქვთ როგორც საჭიროებები და შესაძლებლობები, ასევე – დაბრკოლებები და რისკებიც.

  • გადაკვეთები სახელოვნებო და სოციალურ სფეროებს შორის

ხელოვნების და შემოქმედების გზით გამოხატული იდეით შეგვიძლია შევცვალოთ საზოგადოებაში მიღებული ბევრი შეხედულება და ავანთოთ ახალი იდეები, შთაგონება და შემოქმედებითი ხედვა, გავაძლიეროთ კრიტიკული აზროვნება. ხელოვნება შეიძლება გამოყენებული იქნეს ცნობიერების ასამაღლებლად ისეთ საკითხებში, რომლებიც ყოველდღიურად ახდენენ ჩვენზე გავლენას – ასეთია, მაგალითად, სოციალური სამართლიანობა, ეკოლოგია, საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, ნარკოტიკების ავადმოხმარება, უმუშევრობა და ბევრი სხვა. ხელოვნება ხდება გააზრებული ძალისხმევა სოციალური ცვლილებების ხელის შესაწყობად და მასში მონაწილეობის მისაღებად, ისეთ სფეროებში, როგორიცაა ხელოვნებით და მუსიკით თერაპია, კულტურა და მდგრადობა.

  • გადაკვეთები სახელოვნებო და კულტურის სექტორსა და მთლიანად ქალაქის განვითარებას შორის

21-ე საუკუნეში ქალაქის დაგეგმარების მიმართ კომპლექსური მიდგომა სახელოვნებო და კულტურის სექტორებს არ აყენებს განცალკევებულ პოზიციაში, არამედ განუყოფელ ნაწილად რთავს ქალაქის განვითარების სხვა სტრატეგიებში, მაგალითად, ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში, გარემოს დაცვის გეგმაში, სოციალურ გეგმაში და ა.შ.

ცნება „შემოქმედებითი ქალაქი“ და „ადგილების შემოქმედებითი მოწყობა“ არა მხოლოდ ხაზს უსვამს ამ გადაკვეთებს სახელოვნებო და სხვა სოციალურ თუ ეკონომიკურ არეალებს შორის, არამედ ხელოვნებას, კულტურას და შემოქმედებითობას ჩვენი ქალაქების მდგრადი განვითარების და ხალისიანი ცხოვრების არსად მიიჩნევს.

რაში მდგომარეობს ის მცირედი განსხვავება, რომელიც არსებობს ამ ცნებებს შორის: „შემოქმედებითი ქალაქი“ და „ადგილების შემოქმედებითი მოწყობა“?

  • შემოქმედებითი ქალაქი არის ადგილი, რომელიც იძლევა ფანტაზიის მოხმობით ფიქრის, დაგეგმვის და მოქმედების შესაძლებლობას: ანუ საჯარო სექტორის როლი მდგომარეობს იმაში, რომ შექმნას ამის პირობები, იყოს ხელის შემწყობი“ (Charles Landry). ის ხაზს უსვამს ფაქტს, რომ ხელოვნების და კულტურის სექტორის, აგრეთვე ზოგადად შემოქმედებითობის განვითარება მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქების მომავლისთვის.

  • როგორც პროფ. ან მარკუზენი (Ann Marcusen) ამბობს: „ადგილების შემოქმედებითი მოწყობა“ არის სტრატეგია უბნების გასაცოცხლებლად, სამუშაო ადგილების და კერძო ინვესტიციების გასაზრდელად. ის ჩვეულებრივ ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელოვნების გამოცდილება ჰქონდეთ. ადგილების შემოქმედებითი მოწყობის ზოგი მაგალითი, რომლებშიც თვალსაჩინოა გადაკვეთის ეფექტები, არის: ხელოვნების უბნის შექმნა, თემებისთვის დახმარების გაწევა, ჩაერთონ საზოგადოებრივ ხელოვნებაში, კინოფესტივალები, დიზაინის ცენტრები და მრავალი სხვა.

გადაკვეთების, მათი მრავალფეროვანი ფორმებისა და მოდელების გააზრება და გამოკვლევა ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეებზე ინოვაციური იდეების მძლავრი კატალიზატორია. ის ასევე არის ეფექტიანი ხერხი ბიზნესგეგმის შესამუშავებლად სინერგიულ თანამშრომლობით რეჟიმში, რომელშიც ყველა პარტნიორი წვლილს შეიტანს შემოქმედებითი პროდუქტების და მომსახურების დაფინანსების, ხილვადობის, მყიდველთა და კლიენტების მატების საქმეში.

ვუამბოთ მეგობრებს