content
ლექცია 3. სტრატეგიული კომუნიკაციის ძირითადი პრინციპები
ლექცია 3. სტრატეგიული კომუნიკაციის ძირითადი პრინციპები
მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო! ვაგრძელებთ ჩვენს კომუნიკაციის კურსს. წინა ეპიზოდში განვიხილეთ, თუ რა არის კომუნიკაცია, რა მიზნები აქვს და რა სტადიებს გადის. ვილაპარაკეთ იმ ფაქტზე, რომ კომუნიკაციის საბოლოო მიზანია, ჩვენი მომხმარებელი ჩვენს ფანად აქციოს. როგორ ხდება ეს? აქ საქმე ეხება ორ მთავარ მცნებას, რომელთა გარეშეც შეუძლებელია გულწრფელი კომუნიკაციის აგება. ესენია ფასეულობები და ნდობა. ამ პრინციპებს თუ უარვყოფთ, კომუნიკაცია საკუთარ სახეს კარგავს და მანიპულაციად, ტვინის გამორეცხვად და პროპაგანდად იქცევა.

მართალი და გულწრფელი კომუნიკაცია უნდა ეყრდნობოდეს ფასეულობებს – პრინციპებს, რომლისთვისაც თქვენი ინიციატივა, პროექტი ან ორგანიზაცია მუშაობს და არსებობს. ნებისმიერ კომუნიკაციას თქვენს ორგანიზაცია უფრო ახლო უნდა მიჰყავდეს იმ მისიის განხორციელებასთან, რომელსაც თქვენ საფუძვლად დებთ. მისია ფასეულობათა სისტემის ჩამოყალიბებაა. რატომ დაუჭერს მუშტარი მხარს თქვენს იდეას, იმდენად, რომ მოინდომებს, უსასყიდლოდ დადგეს და ილაპარაკოს თქვენზე ყველასთან და ყველგან? იმიტომ, რომ თქვენი საქმიანობა არა მხოლოდ თქვენი მუშტრის საჭიროებების, მაგალითად, მუსიკალური მოთხოვნილების (თუ ისევ ჩვენს ჯაზ-ფესტივალის მაგალითს დავეყრდნობით) დაკმაყოფილებაა. თუ თქვენ საჭიროებების დონეზე დარჩებით, მაშინ თქვენი სამიზნე აუდიტორია უბრალო მომხმარებლის დონეზე დარჩება. მაგალითად, მე მჭირდება ყვავილები დაბადების დღისთვის. საჭიროებების დონეზე მე უბრალოდ მჭირდება ლამაზი, ახალი ყვავილები, სასურველია, არცთუ ძვირი. მაგრამ თუ გავცდები უბრალო საჭიროებათა დონეს, მაშინ მე უკვე მჭირდება არა უბრალოდ ყვავილები, არამედ ყვავილები, რომლებიც გახარებულია ქიმიკატების გარეშე ან მათი მცირე დოზის მოხმარებით, მისი მოკრეფისას არ იყო გამოყენებული ბავშვის შრომა და რომლებიც ჩემთან მოაქვთ მინიმალური გამონაბოლქვის წარმოქმნით. თუ მე ვიპოვი კომპანიას, რომელიც ყოველივე ჩამოთვლილს უზრუნველყოფს, მე მისი არა მხოლოდ მუშტარი, არამედ ფანიც გავხდები, რადგან ჩემი ფასეულობათა სისტემა სრულ თანხვედრაში აღმოჩნდება ამ კომპანიის ფასეულობათა სისტემასთან. ამგვარად, კომუნიკაციის საბოლოო სტადიის მისაღწევად თქვენ თქვენი ფასეულობათა სისტემა თქვენი სამიზნე აუდიტორიის ფასეულობების სისტემას უნდა შეუწყოთ.

ამას გარდა, იმისათვის, რომ კომუნიკაცია ყველა სტადიაზე წარმატებული იყოს, თქვენ უნდა დაიმსახუროთ ნდობა. როგორც კი თქვენი სამიზნე აუდიტორია თქვენ მიმართ ნდობას კარგავს, ის ამოვარდება თქვენი კომუნიკაციის წრიდან და თქვენგან მიდის. და ასეთ სიტუაციაში დაგჭირდებათ უზარმაზარი ძალისხმევა ამ ნდობის აღსადგენად. დაუშვებელია, თქვენს სამიზნე აუდიტორიას მოლოდინები გაუცრუოთ. რასაკვირველია, შეიძლება, კიდევაც მოიქცეთ ასე, და ეს საკმაოდ ჩვეული სიტუაცია იქნებოდა – ოღონდ ხანმოკლე ურთიერთობის სიტუაცია. აუდიტორიასთან ხანგრძლივი ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად მათ უნდა მისცეთ ნდობის საფუძველი, გაამართლოთ მოლოდინები და არ მანიპულირებდეთ. კომუნიკაცია ტერორიზმი არაა, არ შეგიძლიათ, თქვენს პარტნიორს ან მომხმარებელს ძალით გააკეთებინოთ რამე. ის საკუთარი ნებით უნდა მოიქცეს ისე, როგორც თქვენ გინდათ. რატომ მოიქცევა ასე? იმიტომ, რომ მხოლოდ თქვენ იცით, რა სჭირდება მას, და მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ამის მიცემა. და იმიტომ, რომ თქვენ და ის საერთო ფასეულობათა სისტემაში ცხოვრობთ. ყოველივე ეს შესაძლებლია მხოლოდ ფასეულობათა საფუძველზე და ნდობის მოხვეჭით.

მაშ ასე, უნდა გვახსოვდეს:

გულწრფელი კომუნიკაცია ეფუძნება ფასეულობებს და მიზნად ისახავს ნდობის ჩამოყალიბებას.

ნახვამდის, მომავალ შეხვედრამდე. მომდევნო ეპიზოდში ვისაუბრებთ კომუნიკაციის ძირითად შემადგენელ ნაწილებზე.

ვუამბოთ მეგობრებს