content
ლექცია 2. “კულტურული ლანდშაფტის გაგება“
სტრატეგიის შექმნა იწყება გათვლების ანალიზით - სად ვართ ამჟამად, სად გვსურს რომ ვიყოთ, როგორ მოვხვდეთ იქ.

კარგი სტრატეგია ეყრდნობა შიდა ძალას, შიდა სისუსტეების გადალახვას, გარე შესაძლებლობების გამოყენებას და გარე საფრთხეების  უპირატესობებად გარდაქმნას. SWOT-ანალიზი ხშირად გამოიყენება ძლიერი მხარეების, სუსტი მხარეების, შესაძლებლობების და საფრთხეების შესაფასებლად. SWOT-ანალიზი კარგი ინსტრუმენტია შედეგების წარსადგენად, თუმცა ის არ წარმოადგენს საკმარისად დეტალურ მეთოდს არსებული ვითარების გასაანალიზებლად, რომელიც გავლენას ახდენს კულტურის სექტორებსა და ორგანიზაციებზე.

როცა განიხილავთ გარე ტენდენციებს, რომლებმაც შესაძლოა დადებითად ან უარყოფითად იმოქმედონ კულტურის სტრატეგიაზე, შეგიძლიათ გამოიყენოთ PESTLE -ანალიზის მოდელი:  

  • P - პოლიტიკური ტენდენციები
  • E -  ეკონომიკური ტენდენციები
  • S - სოციალურ-კულტურული ტენდენციები
  • T - ტექნოლოგიური ტენდენციები
  • L -  სამართლებრივი ტენდენციები
  • E - გარემოს დაცვის ტენდენციები

არასოდეს არ არის საკმარისი მხოლოდ ძლიერი მხარეების, სუსტი მხარეების, შესაძლებლობებისა და საფრთხეების ჩამოთვლა. უნდა იყოს მკაფიო კავშირი ძირითად სტრატეგიასთან, უნდა ვაჩვენოთ როგორ ვუმკლავდებით გამოწვევებს საკუთარი ძალის გამოყენებით. თავისთავად არც ერთი ტენდენცია არ არის მთლიანად დადებითი ან უარყოფითი, ეს იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ შეგვიძლია ამაზე რეაგირება და ჩვენ სასარგებლოდ გამოყენება.  

სამთავრობო და საორგანიზაციო დონეზე სტრატეგიის შემუშავებისთვის ერთერთი ყველაზე ეფექტური ანალიზის ინსტრუმენტია „პრობლემების ხის“ მეთოდი. პრობლემების ჩამოთვლის მთავარი სუსტი მხარეა მიზეზების და შედეგების ერთმანეთში არევა. მაგალითად, მუზეუმი ამბობს, რომ მისი მთავარი პრობლემაა ვიზიტორების ნაკლებობა, თუმცა სინამდვილეში ვიზიტორების ნაკლებობა შესაძლოა გამოწვეული იყოს რეალური პრობლემებით - სუსტი კომუნიკაციით, მოსაწყენი გამოფენებით ან არა მოქნილი სამუშაო საათებით.

პრობლემების ხის მეთოდი საშუალებას გვაძლევს შევკრიბოთ ყველა პრობლემა და ჩავსვათ მიზეზ-შედეგობრივ კავშირში. შედეგად, მივიღებთ ერთგვარ ხეს ფესვის პრობლემებით, რომლებიც არ ექვემდებარება უშუალოდ ჩვენ კონტროლს, და ძირითადი პრობლემებით, რომლებიც თავის მხრივ წარმოშობს ყველა სხვა პრობლემებს. თუ გადაჭრით 3-4 ძირითად პრობლემას, ეს ავტომატურად აისახება ყველა სხვა შედეგზეც. 

კულტურის სტრატეგიის შემუშავება ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა ანალიზს - ვიზეა მიმართული სტრატეგია? ვინ არის ჩემი აუდიტორია? ამ მიზნობრივი ჯგუფებიდან რომელია უფრო მეტად მნიშვნელოვანი ჩემი ძირითადი სტრატეგიისათვის და რომელია უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი? როგორი სახის კომუნიკაცია უნდა მქონდეს თითოეულ მიზნობრივ ჯგუფთან?

სტრატეგია უნდა წარმოადგენდეს მკაფიო მისიას (არსებობის მიზეზს) და ხედვას (სასურველი სამომავლო მდგომარეობა). კარგი მისია კონკრეტული და უნიკალურია. კარგი ხედვა ამბიციური და მკაფიოდ გამოხატულია. ხშირად ეს შეუმჩნეველია, ისინი აღიქმება როგორც უმნიშვნელო ფრაზები, თუმცა ეს მთლიანი პროცესის მხოლოდ საწყისი წერტილია. იმისათვის, რომ ამაზე ვიფიქროთ, საჭიროა პროვოკაციული კითხვის დასმა - რა მოხდებოდა, ჩემი ინსტიტუტი რომ არ არსებობდეს? რა შეიცვლებოდა (იმედი ვიქონიოთ, რომ პასუხი არ არის შემდეგნაირი - არაფერი არ შეიცვლებოდა, რადგან ამ შემთხვევაში თქვენ ნამდვილი პრობლემა გაქვთ).

ვუამბოთ მეგობრებს