content
ლექცია 1. რა არის ადვოკატირება და რა დახმარების გაწევა შეუძლია მას?
ადვოკატირების და მისი პირველადი მნიშვნელობის აღწერის დროს შევხვდებით ბევრ სხვადასხვა მნიშვნელობას, რომელიც ინდივიდუალურია სხვადასხვა ქვეყნებისთვის, კულტურებისთვის, ათწლეულებისთვის და პოლიტიკური რეჟიმისთვის.

ამიტომ არის მნიშვნელოვანი დავიწყოთ სიტყვის თავდაპირველი მნიშვნელობით: სიტყვა “advocacy” წარმოიშვა სიტყვიდან ‘advocare’ და ნიშნავს „მოწოდება მხარდაჭერისთვის“. ადვოკატირება წარმოიშვა ძველ რომსა და საბერძნეთში, როცა კარგად მომზადებული ორატორები გამოდიოდნენ ადვოკატების სახით ან წერილობით მიმართავდნენ შუამავლობით კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ცნობილ რომაელ ადვოკატებს და დამცველებს შორის იყვნენ ციცერონი და კეისარი.

რიტუ რ შარმამ განათლების განვითარების აკადემიიდან აღწერა ადვოკატირება, როგორც „პრობლემის დღის წესრიგში დასმის, პრობლემის გადაჭრის უზრუნველყოფის და პრობლემაზე და მის გადაჭრაზე მოქმედების მხარდაჭერის“ ინსტრუმენტი. მოცემული განსაზღვრა გამოხატავს მნიშვნელოვან აზრს: ციფრულ და ქსელურ ეპოქაში ადვოკატირება არ ნიშნავს მხოლოდ საზოგადოებრივ პოლიტიკაზე ზემოქმედებას, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ზემოქმედებას საზოგადოებრივ აზრზე.

როგორც დოქ. შარმამ აღნიშნა, იმის მიუხედავად, რომ ძირითადად ადვოკატირება განისაზღვრება, როგორც სხვების სახელით ლაპარაკი, მისი ერთერთი მიზანი უნდა იყოს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით.

ადვოკატირების სოციალური ფენომენის უკან მდგარი ფილოსოფია უკეთ არის ახსნილი ადვოკატირების დაგეგმვის სახელმძღვანელოში, რომელიც შექმნილია ბავშვთა გადარჩენის ფონდის მიერ (გაერთიანებული სამეფო). მასში ნათქვამია, რომ „ადვოკატირება არის სოციალური ცვლილების პროცესი, რომელიც მოქმედებს მიდგომებზე, სოციალურ ურთიერთობებზე და სხვადასხვა ძალების ურთიერთობებზე, რაც აძლიერებს სამოქალაქო საზოგადოებას და ხსნის დემოკრატიულ სივრცეებს“. თავისი მისწრაფებების ასასრულებლად ადვოკატირებას ესაჭიროება ძალისხმევის კოორდინირება, სტრატეგიული აზროვნება, ინფორმაცია, კომუნიკაცია, ასპარეზი და მობილიზაცია.

საკმაოდ ფართო განსაზღვრის მიუხედავად, ადვოკატირების ირგვლივ მუდმივად არსებობს მითები და მცდარი შეხედულებები. ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი მათგანი:

  • ადვოკატირება მხოლოდ პროფესიონალი ლობისტების საქმიანობაა - სინამდვილეში, ადვოკატირება საზოგადოებრივი საქმიანობაა, იმ დროს როცა ლობირება, თავისი არსით, მოითხოვს კულუარულ საქმიანობას.

  • ადვოკატირება ქუჩაში მეგაფონით სიარულია ან მასობრივ დემონსტრაციებში და საპროტესტო მიტინგებში მონაწილეობაა - აღნიშნული მითი აერთიანებს რამდენიმე კონცეპციას - მასობრივი მიტინგები ეს აქტივიზმია, რომელსაც თავისი ადგილი უკავია, მაგრამ ის ყოველთვის არ წარმოადგენს ეფექტურ ადვოკატირებას.

  • ადვოკატირება იგივეა რაც საქველმოქმედო სახსრების მოზიდვა ან გაღება - როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ადვოკატირება ნიშნავს სოციალური ცვლილების ინიცირებას, რომელიც არ მიიღწევა მხოლოდ თანხების შეგროვებით. სოციალური ცვლილება ხშირად მიიღწევა მცირე თანხით ან თითქმის მის გარეშე.

  • ადვოკატირებას მიაქვს დიდი დრო, მე ზედმეტად დაკავებული ვარ იმისთვის, რომ ჩავერთო ადვოკატირებაში - არ არის აუცილებელი, რომ ადვოკატირება იყოს გართულებული პროცესი და მოითხოვდეს დიდ დროს - სწორად დაგეგმილი და ორგანიზებული კამპანია მოითხოვს ბევრი ადამიანის მცირე აქტივობას, ვიდრე რამდენიმე ადამიანის დიდ აქტივობას.

  • ადვოკატირება ეხება „პოლიტიკას“ (უარყოფითი მნიშვნელობით) - ადვოკატირება შეიძლება იყოს პოლიტიკური (მაგ., კანონმდებლობის გარკვეული ნაწილის ლობირება), მაგრამ უფრო ხშირად სოციალური და ინტელექტუალურია, გულისხმობს იმათი აზრების გახმოვანებას, ვისაც ხმის უფლება არ გააჩნია. 

პირველ გაკვეთილზე ჩვენ განვიხილეთ ადვოკატირების მნიშვნელობა, მისი ფილოსოფია და მიზანი, ასევე გავაქარწყლეთ ზოგიერთი გავრცელებული მითი მის შესახებ.

ახლა ჩვენ ვიცით, რომ ადვოკატირება ასახავს მეთოდს ან მიდგომას, რომელიც გამოიყენება პოლიტიკის და პრაქტიკის შესაცვლელად, ინსტიტუციების რეფორმირებისთვის, სხვადასხვა ძალების ურთიერთობის შესაცვლელად, მიდგომის და ქცევის შესაცვლელად, ამის გარდა, ის გავლენას ახდენს საპროექტო სამუშაოებზე. შემდეგ ვიდეოში და აღნიშნული კურსის ბოლომდე ჩვენ გავივლით ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვის პროცესს, საფუძვლიანად შევისწავლით ადვოკატირების პროცესის სხვადასხვა ეტაპებს.

 

ვუამბოთ მეგობრებს