content
 მნიშვნელოვანი საკითხების ჩამონათვალი
მნიშვნელოვანი საკითხების ჩამონათვალი
აპლიკაციის კონკრეტულ თავებში სახსენებელი/გასაანალიზებელი უმნიშვნელოვანესი საკითხების ჩამონათვალი
  1. წინაპირობების ანალიზი

დარწმუნდით,რომ გულდასმით გააანალიზეთ:

  • პრობლემა და მისი კონტექსტი: მასშტაბები, სიხშირე, გავლენა

  • მიზეზები და შედეგები

  • პოტენციური სინერგია

  • დასაბუთება: რატომ აირჩიეთ ეს პრობლემა, რატომ აპირებთ ამ გარემოში მუშაობას, რატომ გადაწყვიტეთ ამ პარტნიორებთან/ადამიანებთან მუშაობა, რატომ არის ახლა საუკეთესო მომენტი ამის გასაკეთებლად?

ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ:

  • საერთაშორისო თუ ეროვნული სტრატეგიული დოკუმენტების დამოწმება, როგორიცაა: ანგარიშები, თეთრი და მწვანე წიგნები, განვითარების გეგმები

  • ციტატები პუბლიკაციებიდან, მიმოხილვები

  • საუკეთესო პრაქტიკები და ინსპირაციები

  1. ორგანიზაციის აღწერა

თქვენი ორგანიზაციის აღწერის მზადებისას არ დაგავიწყდეთ, განმარტოთ:

  • ვინ ხართ? მოქმედების რა საფუძველი/მანდატი გაქვთ?

  • როგორია ორგანიზაციის სტრუქტურა, ზომები და თქვენი მუშაობის მასშტაბები (თანამშრომლების რაოდენობა, დაფინანსების წყაროები) ?

  • როგორია თქვენი წარსული მიღწევები (გამოცდილების დონე, ნოუ-ჰაუ, წარმატებული პროექტები)?

  • რომელია თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნე ჯგუფები, რომლებთანაც გიმუშავიათ, და გრძელვადიანი შედეგები?

  • რამდენად ფართო კონტაქტების ქსელი გაქვთ?

  1. პარტნიორობის ხარისხი/პარტნიორთა კონსორციუმი

თუ გსურთ, დაარწმუნოთ ექსპერტები, რომ მოცემულ კონსორციუმში თანამშრომლობას კარგი პოტენცია აქვს, ყურადღება გაამახვილეთ შემდეგ ფაქტებზე:

  • როგორ იპოვეთ თქვენი პარტნიორები და შეგიყვარდათ ერთმანეთი (საერთო ფასეულობათა, პრიორიტეტების თუ საერთო მიზნის გამო, განსხვავებული რესურსების ქონის გამო)?

  • რა სახის იყო იდეის ჩამოყალიბების და მომზადების პროცესი (კონტაქტები, ყველა პარტნიორის მონაწილეობა)?

  • რეალურად შეძლებთ პროექტის დამოუკიდებლად გაგრძელებას? რის წყალობით?

  1. მენეჯმენტი

კარგი მენეჯმენტი წარმატებული აპლიკაციის თუ პროექტის შეუფერხებელი განხორციელების ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია. ამ ნაწილის დაგეგმვისას გახსოვდეთ:

  • პასუხისმგებელი პირები, მათი ფუნქციები და ორმხრივი დამოკიდებულებები თუ იერარქია გადაწყვეტილების მიღების პროცესთან მიმართებაში

  • კომუნიკაცია და კოორდინაცია გუნდში: ინსტრუმენტები, შეხვედრების სიხშირე

  • დაგეგმვის და განხორციელების გადაწყვეტილებები, ვალდებულებების და პასუხისმგებლობის განაწილების თვალსაზრისით

  • სამართლებრივი და ფინანსური პროცედურები: ფულის ბრუნვა და საჭირო დოკუმენტაცია

  • მონიტორინგი: სააპლიკაციო ფორმასთან, ბიუჯეტთან და განრიგთან შესაბამისობის შემოწმება

  1. გავრცელება

საჭიროა, პროექტის შედეგები და მისი გავლენა სათანადო ფორმით და გონივრულად გავაცნოთ სამყაროს. გავრცელების ნაწილი, რომელშიც ჩართულია პოპულარიზაციის ელემენტები და (საკმაოდ ხშირად) მდგრადობის გარკვეული ელემენტები, უნდა მოიცავდეს:

  • გავრცელების მიზნებს და სამიზნე აუდიტორიას

  • სამიზნე ჯგუფების/დაინტერესებული მხარეების/აუდიტორიის ანალიზს (ქცევა, ჩვევები, გემოვნება, უნარი, პრესტიჟი)

  • პოპულარიზაციის არხების შერჩევას; ყოველ არჩეულ აუდიტორიასთან შესაფერისი იარაღის და აქტივობების გამოყენებას

  • თანამიმდევრულ მესიჯს როგორც ვიზუალურ, ასევე იდეის დონეზე

  • პროექტის შედეგების გაზრდის პოტენციას

  1. განხორციელება

გრძელი და ძნელი გზის გავლის მერე, ბოლოს და ბოლოს, მივედით იქამდე, რომ შეგვიძლია ავხსნათ, რეალურად ამ პროექტში რის გაკეთება გვინდა. ყურადღება მიაქციეთ, რომ მკაფიოდ წარმოაჩინოთ ორი მიდგომა:

მეთოდოლოგიური აღწერა: რა სახის სტრატეგია აირჩიეთ და რატომ?

და მისი კავშირი სხვადასხვა კუთხით დაინტერესებულ მხარეებთან (ვინ არის ჩართული და რატომ?)

  • კონკრეტული კონტექსტი, ვარაუდები და მოსალოდნელი რისკები

  • საჭირო რესურსები (ადამიანური, ტექნიკური)

საქმიანობის აღწერა:

  • რა გაკეთდება (ღონისძიებათა/აქტივობების ფორმები) და რა იქნება მათი შინაარსი?

  • როგორ და ვის მიერ? (ორგანიზაციები, სპეციალისტები)

  • ვინ დაესწრება და ვინ იქნება უშუალოდ/ირიბად ჩართული?

  • სად ჩატარდება?

  • რა დრო დასჭირდება ღონისძიებების მომზადება/ორგანიზება/შეჯამება/შეფასებას?

რამდენიმე რჩევა ბიუჯეტის და განრიგის შედგენის შესახებ:

  1. ყოველთვის გადაამოწმეთ კონკრეტული პროექტის მითითებებში:

  • რა ხარჯებია დასაშვები და რა არის დაფინანსების პერიოდი (დაწყება-დამთავრების თარიღები)

  • აქვს თუ არა დაწესებული ლიმიტები რომელიმე კონკრეტულ განყოფილებას (მაგ. მენეჯმენტს, პოპულარიზაციას, სხვა)

  • როგორია ბიუჯეტის მოქნილობა (ხარჯების რა პროცენტის გადატანა შეიძლება ერთი განყოფილებიდან მეორეში შესაბამისი სააგენტოს/უფლებამოსილი პირის ნებართვის გარეშე)

  • რა ტიპის დეტალების მიწოდება დაგჭირდებათ (ძალიან ხშირად ბიუჯეტის დამაჯერებლობა ფასდება მოწოდებული დეტალების და ხარჯების დონის მიხედვით)

  1. შეეცადეთ, რეალისტურად განსაზღვროთ ჩამოთვლილ სფეროებში იმ ადამიანების მიერ გასაწევი სამუშაო, რომლებიც პროექტის ხარისხს უზრუნველყოფენ:

  • მენეჯერები

  • სხვა სპეციალისტები

  • მდივნები

  • ბუღალტრები

  • ადვოკატები

  • აუდიტორები

  • IT მხარდაჭერა

  • PR მენეჯერები

  1. შეამოწმეთ ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიებში ბაზარზე არსებული საშუალო ანაზღაურების განაკვეთები. ძალიან ხშირად მოგთხოვენ მათ დასაბუთებას (სარგებელი ფულის სანაცვლოდ).

  1. მაშინაც კი, თუ თქვენთვის ცნობილია კარგი და იაფი საცხოვრებელი/სამოგზაურო ვარიანტები, ყოველთვის გქონდეთ გათვალისწინებული გარკვეული რეზერვი ამ ტიპის ხარჯებისთვის. თქვენ შეიძლება აწარმოოთ მოლაპარაკება სპეციალისტებთან ამა თუ იმ ანაზღაურების თაობაზე, მაგრამ თვითმფრინავის ბილეთს სავარაუდოდ ვერ იშოვით დადგენილზე ნაკლებ ფასად.

  1. სასარგებლო იქნება, პროექტისთვის განკუთვნილი დროიდან 2-3 თვე მხოლოდ მომზადებისთვის გამოყოთ:

  • თუ თქვენ არ გყავთ კარგი და გამოცდილი გუნდი – შეგეძლებათ, იპოვოთ და აიყვანოთ მაქსიმალურად შესაფერისი ადამიანები და მისცეთ მათ ერთმანეთთან შეჩვევის შესაძლებლობა;

  • თუ თქვენი პროექტი საკმაოდ დიდია და სპეციალური პროცედურების ჩატარებას მოითხოვს (მაგ. ოფიციალურ ტენდერს) სუბკონტრაქტორების/სერვისების გაწევის შემთხვევაში – თქვენ შეგეძლებათ, ყველაფერი საგულდაგულოდ დაგეგმოთ და გადაამოწმოთ, რომ ყველაფერი გამართულად მუშაობდეს.

  • თუ თქვენ მუშაობთ რომელიმე საერთაშორისო პარტნიორთან – შეგეძლებათ, ხელი მოაწეროთ კონტრაქტს, სადაც განსაზღვრული იქნება თქვენი ორმხრივი მოვალეობები და მოაწყოთ საწყისი შეხვედრა, რომელზეც განიხილავთ პროექტის რეალიზაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობათა განსხვავებებს და პოტენციურ დაბრკოლებებს.

  1. ასევე მნიშვნელოვანია, 2-3 თვე პროექტის შეჯამებისთვის დაგეგმოთ:

  • თქვენ შეგეძლებათ, შეადგინოთ დასკვნები და წარუდგინოთ ისინი ფართო აუდიტორიას (ასე თქვენი პროექტის საბოლოო შეფასება უფრო მაღალი იქნება);

  • თქვენ შეგეძლებათ. კვლავ გადაათვალიეროთ ყველა საბუთი და შეამოწმოთ, რომ ყველაფერი წესრიგში იყოს. თუ საჭირო გახდება რაიმეს შესწორება, პროექტის ოფიციალურად დასრულების შემდეგ ამის გაკეთება უბრალოდ უკვე გვიანი იქნება.

ვუამბოთ მეგობრებს