content
კონკრეტული შემთხვევის შესწავლა
კონკრეტული შემთხვევის შესწავლა

„ერევანი - მსოფლიო წიგნის დედაქალაქი 2012“
რეზიუმე
მსოფლიო წიგნის დედაქალაქის წოდებას  UNESCO  ანიჭებს ქალაქს მისი პროგრამების ხარისხის აღიარების ნიშნად, რომლებიც გულისხმობს წიგნების კითხვის ხელშეწყობას და წიგნის ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანების თავდადებას. ერევანი დასახელდა მსოფლიო წიგნის დედაქალაქად 2012 წელს. ამავე წელს სომხეთი აღნიშნავდა სომხური ენის გამომცემლობის დაარსების მე-500 წლისთავს. კითხვის ადვოკატირების კამპანია „ერევანი - მსოფლიო წიგნის დედაქალაქი 2012“ თავდაპირველად გამოწვეული იყო მთელ ქვეყანაში კითხვის დონის დაცემით. შემდგომ, პროგრამა გადაიქცა კონცეფციად, რომელმაც გააშუქა სომხეთის ბოლო 500 წლის მიღწევები კულტურულ და სულიერ სფეროში. კამპანია მიზნად ისახავდა: კითხვის კულტურის აღდგენას, ლიტერატურის როლის აღორძინებას და მისი მნიშვნელობის გაზრდას საზოგადოებაში.

კამპანიის აღწერა
კამპანია დაიწყო 2012 წლის აპრილში და გრძელდებოდა რვა თვის განმავლობაში. კამპანია ამახვილებდა ყურადღებას ბავშვებზე და ახალგაზრდებზე. კამპანიამ „მსოფლიო წიგნის დედაქალაქი 2012“ გააერთიანა ბიბლიოთეკის თანამშრომლები, გამომცემლები, მწერლები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, მუნიციპალური და ცენტრალური სამთავრობო სტრუქტურები, პროფესიონალური გაერთიანებები (ჟურნალისტები, მხატვრები, ბიბლიოთეკის მუშაკები).
კამპანიის დევიზი იყო „დაჯავშნე (ინგლისურად “book”) შენი მომავალი“

კამპანია მოიცავდა რამდენიმე ურთიერთდაკავშირებულ კომპონენტს:
ღია ცის ქვეშ და შენობაში ჩატარებული ღონისძიებები ინტერნეტის გარეშე, რომლებიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა მკითხველის ცნობიერების ამაღლებას და მოქალაქეთა მობილიზებას კითხვის ჩვევის ხელშეწყობის და სოციალური აქციის იდეის ირგვლივ. მაგალითად - კითხვის ფესტივალი ღია ცის ქვეშ, სადაც ადამიანები საჩუქრად გადასცემენ წიგნებს ქვეყნის საზღვართან ახლოს განლაგებული სოფლებისა და ქალაქების ბიბლიოთეკებს.
ექსპერტების მიერ ჩატარებული ღონისძიებები - კონფერენციები, სემინარები და ასამბლეები, სადაც განიხილებოდა ისეთ თემებთან დაკავშირებული საკითხები, როგორიც არის საავტორო უფლება, თარგმანი, სიტყვის თავისუფლება, გენოციდი, რომლებიც მიზნად ისახავდა ცოდნის და ინფორმაციის გაცვლას, ინსტიტუციონალურ ცვლილებებს კანონმდებლობის სფეროში, სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავრობის დიალოგს. მაგალითად - მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) კულტურისა და განათლების საერთაშორისო კომიტეტის (CECA) 41-ე სამეცნიერო კონფერენცია; სომეხი მწერლების მე-6 ფორუმი, 22 ქვეყნიდან სომხური დიასპორის წარმომადგენლების მონაწილეობით.

სომხური ხელოვნებისა და კულტურის მხარდაჭერის საერთაშორისო კამპანია - საერთაშორისო ბაზრობები, ფესტივალები და გამოფენები, რომლებიც მიმართული იყო საერთაშორისო ცნობიერების ამაღლებაზე სომხური მემკვიდრეობის შესახებ და მიზნად ისახავდა სომხური ლიტერატურის გავრცელების ხელშეწყობას მსოფლიო მასშტაბით. მაგალითად - მონაწილეობა ბოლონიის ბავშვთა წიგნის საერთაშორისო ბაზრობაში. სომხეთმა წარმოადგინა ბავშვთა ეროვნული ლიტერატურა, მოაწყო სპეციალური ღონისძიებები, რომლებიც ეძღვნებოდა სომხური ტიპოგრაფიის დაარსების მე-500 წლისთავს.
კამპანიას აფინანსებდნენ გაერო, დიასპორის ფონდი და, ნაწილობრივ, ერევნის მუნიციპალიტეტი. უნდა აღინიშნოს, რომ სახსრების უმეტესობა (დიასპორა, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები) მოზიდული იქნა კამპანიის დაწყების შემდეგ.

კომუნიკაცია: გარე რეკლამა, სოციალური მედია და სოციალური რეკლამა. ბიბლიოთეკების ხელშეწყობის ძალისხმევა, ადგილობრივი საინფორმაციო საიტები და რეკლამები.
კამპანია ყურადღებას ამახვილებდა უფრო ღონისძიებებზე და აქტივობებზე, ვიდრე ცნობიერების ამაღლების პასიურ მეთოდებზე. ღონისძიების ორგანიზებაში ჩართული იყო ახალგაზრდობა; კულტურის სამინისტრო და ერევნის მუნიციპალიტეტი ხელს უწყობდნენ ახალგაზრდებს და საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლებს (მასწავლებლებს, ბიბლიოთეკის თანამშრომლებს) აეღოთ ინიციატივა საკუთარ ხელში და ემოქმედათ თავიანთი გემოვნებისა და შეხედულების მიხედვით. შედეგად - კამპანია გამოვიდა არაფორმალური, ინოვაციური და მიანიჭა ადამიანებს სიამაყის გრძნობა ეროვნულ პროექტში მონაწილეობის გამო.
საზოგადოების ყურადღების გამახვილებამ წიგნების კითხვაზე, ხელოვნებაზე და ლიტერატურაზე, ისევე როგორც თვითგანვითარების პროგრამებმა, მშობლების, მასწავლებლების და ბიბლიოთეკის თანამშრომლების მიერ ჩატარებულმა ღონისძიებებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით გადამწყვეტი როლი ითამაშეს წიგნის პოპულარობის გაზრდაში და კულტურული ცნობიერების ამაღლებაში.

ვუამბოთ მეგობრებს