content
ლექცია 2. ბიზნესმოდელები და გარე დაფინანსება შემოქმედებითი სტარტაპებისთვის
ამ ვიდეოში განვიხილავთ ორ მთავარ ეტაპს ახალი სახელოვნებო პროექტის წამოწყების პროცესში: ეს ეტაპებია ბიზნესმოდელის შემუშავება და გარე დაფინანსების მოძიება.

ხელოვნების სფეროში საწარმოო პროცესის ეტაპები განსხვავებულია – იმის მიხედვით, თუ ხელოვნების რა დარგთან გვაქვს საქმე, რაში მდგომარეობს ახალი წამოწყების არსი და სხვა ფაქტორების გავლენით, მაგრამ ჩვეულებრივ ისინი ხუთია:

  1. თავდაპირველი მომზადება და ინოვაციური იდეების გენერირება

  2. გამოხშირვის პროცესი: ამ იდეების შეფასება წინასწარ დადგენილი კონკრეტული კრიტერიუმების შესაბამისად

  3. იდეის დაცვა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მეთოდებით

  4. ბიზნესმოდელის და ბიზნესგეგმის შემუშავება

  5. თავდაპირველი დაფინანსების მოძიება და უზრუნველყოფა პარტნიორულ რეჟიმში და გადამკვეთი სტრატეგიული ჩარჩოს შემუშავება

რა არის ბიზნესმოდელი?

განსაზღვრების მიხედვით, ბიზნესმოდელი არის კომპანიის მიერ განხორციელებული გეგმა, შემოსავლის წარმოქმნის და მუშაობისგან სარგებლის მიღების მიზნით. ბიზნესმოდელი აგრეთვე განიხილება, როგორც ღირებულების შექმნაში მონაწილე ურთიერთობათა სერიები. ღირებულების შექმნა და კლიენტებსა და მყიდველებზე ზრუნვა გახლავთ ის, რაც განასხვავებს უპირველესად ბაზარზე ორიენტირებულ ბიზნესმოდელს იმათგან, რომლებიც ამავე დროს სოციალურ და კულტურულ მიზნებზე არიან ორიენტირებული.

საბზისო ბიზნესმოდელის ჩამოყალიბება საკვანძო ამოცანაა, რომელიც უნდა შესრულდეს, სანამ გარე დაფინანსების მოძიებას შევუდგებოდეთ. ის წერილობითი და/ან გრაფიკული ფორმით აღწერს:

  1. მომავალი სახელოვნებო საწარმო რა გზით გაყიდის საქონელს, მომსახურებას და შექმნის ღირებულებას?

  2. ვინ არიან მისი მყიდველები და კლიენტები?

  3. საიდან მიიღებს შემოსავალს? და

  4. რა გზით მიაღწევს თავის სტრატეგიულ მიზნებს?

სახელოვნებო წამოწყების შესაქმნელად ბიზნესმოდელების სხვადასხვა ტიპი არსებობს და მათგან ყოველი უნიკალურია. ზოგი ბიზნესმოდელი ტრადიციულ მოდელად მიიჩნევა, აქ ბიზნესს ფიზიკური წარმომადგენლობა გააჩნია (მაგ. ცეკვის ანსამბლი, თეატრალური სცენა ან კომერციული გალერეა). ამათ ზოგჯერ აგურს და დუღაბს უწოდებენ – ამით აღნიშნავენ ისეთი შენობის ან სხვა სტრუქტურის არსებობას, სადაც ბიზნესია განთავსებული და სადაც ხორციელდება ფიზიკური ურთიერთობა კლიენტთან ან მყიდველთან. „ოფლაინ“ მოდელები ასევე მოიცავს:

  1. კოლექტიურ ბიზნესმოდელებს, რომლებიც პოპულარულია იმ ხელოვანებს შორის, ვინც საერთო რესურსებს იყენებენ ზედნადები ხარჯების შესამცირებლად

  2. მოდელებს შუამავლის გარეშე, რომლებშიც ხელოვანები არ არიან დამოკიდებული ტრადიციულ სადისტრიბუციო არხებზე და არ ჰყავთ შუამავალი (აგენტი, პროდუსერი, ბითუმად მყიდველი, ბროკერი)

სხვები ონლაინ და მობილური ტექნოლოგიების გამოყენებას ეფუძნება. ესენია:

  1. ონლაინ პლატფორმა ხელოვნების ნამუშევართა გასაყიდად

  2. საწევრო შემოწირულობის მოდელი

  3. სასცენო წარმოდგენის ცოცხალი გადაცემა

  4. ფრიმიუმ-მოდელი (freemium model), რომელშიც საბაზისო ონლაინ სერვისი მიეწოდება უფასოდ, დამატებითი სერვისი კი – ანაზღაურების საფუძველზე.

გახსოვდეთ, რომ ონლაინ მოდელებში არ ხორციელდება ცოცხალი ურთიერთობა მეწარმესა და ონლაინ მომხმარებელს შორის, თუმცა ისინი უეჭველად ახდენენ გავლენას ზოგად მარკეტრინგულ და საკომუნიკაციო სტრატეგიებზე.

ბიზნესმოდელი შეიძლება იყოს მარტივი ან კომპლექსური, იმის მიხედვით, თუ რა იყო მეწარმის თავდაპირველი იდეა, რა რესურსებია ხელმისაწვდომი და როგორია სამომავლო ზრდის ხედვა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბიზნესმოდელსა და ბიზნესგეგმაში ორი ყურადღების გასამახვილებელი წერტილი გვაქვს: ესენია შემოსავლის დაგეგმვა და შემოსავლების და ხარჯების წონასწორობის წერტილი.

  • ბიზნესის შემოსავლების პროგნოზირება საკვანძო მნიშვნელობა აქვს. ბევრი მეწარმე ჩივის, რომ მეტ-ნაკლებად ზუსტ პროგნოზზე მუშაობა დიდ დროს მოითხოვს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს ერთი მნიშვნელოვანი რამ: ინვესტორები თქვენს ბიზნესში თანხას არ ჩადებენ, თუ არ შეგეძლებათ მისთვის კარგად გააზრებული პროგნოზების შეთავაზება. ამას გარდა, ჯეროვანი ფინანსური პროგნოზი დაგეხმარებათ სამუშაო და თანამშრომელთა დაქირავების გეგმების შემუშავებაში, რაც თქვენს ბიზნესს წარმატების მიღწევას გაუადვილებს.

  • მარტივად რომ ავხსნათ, შემოსავალ-გასავლის წონასწორობის წერტილი არის ის დონე, როცა საფასური ან ხარჯები და შემოსავალი თანაბარია. შემოსავალ-გასავლის წონასწორობის წერტილის დადგენა ბიზნესებს ეხმარება, შეადგინონ გეგმები წარმოების ისეთ მასშტაბამდე ასაყვანად, რომელიც მათ მომგებიანი დონის მისაღწევად სჭირდებათ.

გარე დაფინანსების ძიების დაწყებამდე საჭიროა, პასუხი გავცეთ შემდეგ საკვანძო კითხვებს:

  • რა თანხა გვჭირდება ბიზნესის წამოსაწყებად და რისთვის არის განკუთვნილი თავდაპირველი საინვესტიციო ღირებულება?

  • რა თანაფარდობაა დაგეგმილი მომავალ სახელოვნებო ბიზნესში ჩადებულ ჩვენს საკუთარ ინვესტიციასა და გარე დაფინანსებას შორის?

  • ზრდის რა პოტენციალი აქვს ჩვენს ახალ არტ-წამოწყებას?

  • საიდან იქნება უზრუნველყოფილი გარე დაფინანსება – ინდივიდუალური და/თუ ინსტიტუციური დაფინანსებით?

გარე დაფინანსება შეიძლება მიღებული იყოს პიროვნებებისგან (ოჯახის წევრები, მეგობრები, დონორები, ბიზნეს-ანგელოზები [ანგელოზი-ინვესტორი] ან სახალხო დაფინანსება) და ინსტიტუციებისგან (ბანკები, ფონდები, სახელმწიფო დაწესებულებები თუ სხვა ორგანიზაციები).

  • დამწყები საწარმოებისთვის არსებობს დაფინანსების ორი ძირითადი ტიპი – ვალი და აქციების გამოშვება.

  • ვალით დაფინანსება უკავშირდება ფულის ვალად აღებას (როგორც წესი, სესხის სახით) რომელიც უნდა დაიფაროს. ის მოითხოვს ყოველთვიურ გადახდებს, მაგრამ არ ამცირებს მფლობელის წილს.

  • აქციებით დაფინანსება ნიშნავს ფულის შოვნას გარე ინვესტორისთვის მომავალი კომპანიის ნაწილის მიყიდვის ან გადაცემის გზით. ის ამცირებს მფლობელის წილს და შეიძლება, შედეგად კონტროლის დაკარგვა მოჰყვეს.

ამის გამო დამწყებ მეწარმეებს აქციების გაყიდვით დაფინანსებას სესხით დაფინანსება ურჩევნიათ.

  • სახალხო დაფინანსება არის დამწყები პროექტისთვის ან წამოწყებისთვის კაპიტალის მოპოვება მრავალი პიროვნებისგან. ეს, ჩვეულებრივ, ონლაინ მეთოდებით ხორციელდება და საშუალებას აძლევს ცალკეულ პიროვნებებს და მთელ საზოგადოებას, და ასევე კომპანიებსაც, საკუთარი შეხედულებისამებრ გაიღონ თანხა ახალი ინიციატივის ხორცშესასხმელად. სახალხო დაფინანსების ზოგი გავრცელებული მეთოდი გახლავთ:

  • დონაციის მეთოდი - აღნიშნავს მოვლენას, როდესაც ადამიანების დიდი რაოდენობა შესწირავს მცირე თანხას ისეთი პროექტის ან წამოწყების დასახმარებლად, რომელსაც მნიშვნელოვანი სოციალური ღირებულება, მორალური ან ეთიკური გავლენა აქვს.

  • წინასწარი ყიდვის მეთოდი - კლიენტები ან მყიდველები წინასწარ იხდიან ჯერ დაუმზადებელი საქონლის საფასურს, რათა ხელი შეუწყონ მის წარმოებას.

  • აქციებზე დაფუძნებული მეთოდი - ბევრ ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა, ჩადოს მცირე თანხები, აქციების შეძენის გზით, პროდუქტის ადრეულ სტარტაპზე ან პროექტის შემუშავებისას.

  • ბიზნეს-ანგელოზების მიერ დაფინანსება გარე დაფინანსების მიღების ერთ-ერთი ვარიანტია. ესენი არიან პიროვნებები, რომლებიც გაიღებენ თანხებს აქციის მფლობელობის ინტერესის სანაცვლოდ. ჩვეულებრივ, ესენი არიან პენსიაზე გასული პროფესიონალები, რომლებსაც გრძელი სამეწარმეო ან აღმასრულებლის კარიერა აქვთ გავლილი და კარგად ცნობენ პერსპექტიულ ბიზნესს.

  • წამოწყების კაპიტალის თანხას გარე ინვესტორები სთავაზობენ ისეთ დამწყებ კომპანიებს, რომლებსაც ზრდის მაღალი პოტენციალი აქვთ. ამას ინვესტორისთვის მაღალი რისკი ახლავს, მაგრამ, მეორე მხრივ, ინვესტიციის ამოღების შანსები ძალიან მაღალია – ზოგჯერ 30-50%-მდე. ამგვარი ინვესტორები, როგორც წესი, მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიებსა და ზრდის მაღალი პოტენციალის მქონე სხვა ინდუსტრიებში დებენ ფულს, ასე რომ, სახელოვნებო სტარტაპები იშვიათად ახერხებს ამ ვარიანტით სარგებლობას.

 მას შემდეგ, რაც გავეცნობით ძირითად ბიზნესმოდელს და გარე ფინანსირების პოტენციურ წყაროებს, ჩვენ მომდევნო ვიდეოში ვიმსჯელებთ ბიზნესგეგმის შედგენაზე გადამკვეთ, თანამშრომლობით და სტრატეგიულ რეჟიმებში.

ვუამბოთ მეგობრებს