content
ლექცია 1. “პროცესის შესახებ“
რისთვის გვჭირდება კულტურის სტრატეგია? მთავრობის როლი (ეროვნულ, რეგიონალურ ან ადგილობრივ დონეზე) არ მდგომარეობს იმაში, რომ შეიმუშაოს კულტურის შინაარსი ან მიუთითოს შემოქმედებით ადამიანებს რა უნდა გააკეთონ მათ, არამედ მდგომარეობს იმაში, რომ შექმნას ხელსაყრელი გარემო და პირობები, სადაც განვითარდება კულტურა და პროფესიონალები შეძლებენ თავიანთი პოტენციალის რეალიზებას. იმის გამო, რომ კულტურისთვის გამოყოფილი სახსრები ყოველთვის შეზღუდულია, კულტურის სტრატეგიამ უნდა მკაფიოდ დასახოს პრიორიტეტები, მიზნები და ამ მიზნების მისაღწევად საჭირო გზები. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ კულტურის სტრატეგია არა მხოლოდ გვეუბნება „რა“ უნდა გავაკეთოთ, არამედ იმასაც თუ „როგორ“ უნდა გავაკეთოთ ეს - ის განსაზღვრავს თამაშის წესებს, მართვის მოდელს.

ვის სჭირდება კულტურის სტრატეგიები? კულტურის სტრატეგიები შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა დონეზე. უფრო ხშირად ეს არის ინსტრუმენტი მთავრობისთვის, კულტურის სამინისტროსთვის, სხვა სამინისტროებისთვის, რეგიონალური ხელმძღვანელობისთვის და ქალაქის მთავრობისთვის. მათი მიზანია შექმნან ხელსაყრელი პირობები ხელოვნებისა და კულტურის განვითარებისთვის, რათა შემოქმედებამ შემატოს ფასეულობა ცხოვრების სხვა სფეროებს.

კულტურის სტრატეგიები შეიძლება ასევე შემუშავდეს კულტურული დაწესებულებებისთვის - მუზეუმებისთვის, თეატრებისთვის, სამუსიკო ინსტიტუტებისთვის, უნივერსიტეტებისთვის - და კერძო კულტურული ორგანიზაციებისთვის, რათა უკეთ გავიგოთ როგორი წვლილი შეაქვს მათ მუშაობას ეროვნულ ან ადგილობრივ სტრატეგიაში.

ეროვნული, რეგიონალური ან ადგილობრივი სტრატეგიის შემუშავების ძირითადი მიზნები მდგომარეობს შემდეგში:

  • ულტურის გადმოტანა პერიფერიიდან (საქმე ეხება კულტურის სამინისტროს და მის დეპარტამენტებს) ცენტრში, იმის ჩვენება თუ რა როლს თამაშობს კულტურა ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში, კულტურის და შემოქმედების წინა პლანზე წამოწევა და სხვა სამინისტროებისა და დაინტერესებული მხარეების დღის წესრიგში შეტანა;
  • კულტურის როლის შესახებ შეთანხმების ფორმულირება მთავრობის სხვადასხვა დონეებს შორის, ეროვნული, რეგიონალური და ადგილობრივი ხელმძღვანელობის ჩათვლით;
  • კულტურის და შემოქმედების დარგში გრძელვადიანი ხედვის შემუშავება, კულტურის პოტენციალის გამოვლენა, რომელიც მას გააჩნია ეკონომიკის განვითარებაში, იდენტურობის ამაღლებაში და სოციალური ერთობის გაძლიერებაში;
  • შეთანხმება ეფექტური კულტურული მართვის წესებთან დაკავშირებით, პრინციპების დადგენა, რომლის მიხედვითაც მიიღება და ფორმულირდება კულტურის პოლიტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები გამჭვირვალე, ინკლუზიური და ერთობლივი გზით;
  • მოკლევადიანი პრიორიტეტებისა და ძირითადი აქტივობების დადგენა, რომლებიც საჭიროა კულტურული და შემოქმედებითი სექტორების აღსადგენად და ერთიანი საზოგადოების შექმნისთვის საჭირო პოტენციალის გამოსავლენად კონკრეტული და აუცილებელი კულტურული პოლიტიკის რეფორმების შეთავაზების გზით.

ისევე, როგორც სხვა სტრატეგიების შემთხვევაში, კულტურული სტრატეგიის შემუშავების პროცესი ხშირად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შედეგი, ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია ისეთი პროცესის დაგეგმვა, რომელიც:

  • მოიზიდავს ძირითად დაინტერესებულ მხარეებს და პარტნიორებს;
  • არის ღია და გამჭვირვალე;
  • იძლევა კონსულტაციების და აზრების გაზიარების შესაძლებლობას;
  • ხელს შეუწყობს კულტურისა და შემოქმედების შესახებ ცნობიერების ამაღლებას;
  • შეეხება სხვადასხვა პოზიციის და დისციპლინის მქონე ადამიანებს სხვადასხვა რეგიონებიდან.
  • ადამიანები უნდა გრძნობდნენ ჩართულობას პროცესში და მის საბოლოო შედეგში.

პროცესის კარგად და ხარისხიანად წარმართვა არ არის ადვილი, ამას საკმაოდ დიდი დრო და ძალისხმევა ესაჭიროება. თუმცა ამად ღირს. ამგვარად, საჭიროა მკაფიო მართვის სტრუქტურა:

  • სპეციალური ან სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შედიან როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორების წარმომადგენლები, 
  • უწყებათაშორისო საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც აერთიანებს კულტურის, განათლების, ეკონომიკის, ტურიზმის, საგარო საქმეთა და სხვა სამინისტროებს,
  • საკონსულტაციო სესიები უფრო ფართო აუდიტორიისთვის საშუალო ვადიანი შედეგების წარდგენისა და საჯარო განხილვების მიზნით.

პროცესის გამჭვირვალობისა და ძირითადი დაინტერესებული მხარეების ჩართულობის უზრუნველსაყოფად სტრატეგიის ფორმულირების პროცესს უნდა გააჩნდეს კომუნიკაციის სტრატეგია ვებგვერდთან და სოციალურ მედია გვერდთან ერთად. ის უნდა შეიცავდეს განახლებულ ინფორმაციას მთლიანი პროცესის შესახებ, სამუშაო დოკუმენტებს, მონაცემებს ძირითადი პარტნიორების შესახებ  და საჯარო კონსულტაციების პროცესის დროს კონტრიბუციების ინტერნეტით გაგზავნის საშუალებას.   

და ბოლოს, ვინ უნდა იყოს ჩართული კულტურის სტრატეგიის პროცესში? ხშირად ამბობენ, რომ ამ პროცესში აუცილებლად ჩართული უნდა იყოს ადამიანების ორი ჯგუფი - ისინი,  ვისაც სჭირდება ჩართულობა და ისინი, ვისაც უნდა ჩართულობა. რაც უფრო მეტი ადამიანია ჩართული პროცესში, მით უფრო მეტი ლეგიტიმურობა გააჩნია მას. დაინტერესებული მხარეების ძლიერი მხარდაჭერით ახალი მთავრობა და ადმინისტრაცია უბრალოდ ვერ შეძლებს აღნიშნული სტრატეგიის უგულებელყოფას, რომელიც ხელს შეუწყობს მდგრად და სტაბილურ განვითარებას კულტურულ და შემოქმედებით სექტორებში.

  

ვუამბოთ მეგობრებს