content
სააპლიკაციო პაკეტი
„კრეატიული ევროპის“ სააპლიკაციო პაკეტი შეიძლება ორ კომპონენტად დავყოთ. ერთი ბლოკი იძლევა ინფორმაციას კონსორციუმისა და მონაწილე ორგანიზაციების შესახებ, მეორე ბლოკი თავად პროექტს შეეხება.

ამ სისტემაზე დაყრდნობით იოლია, სამუშაო სხვადასხვა შემსრულებლებს შორის განაწილდეს. უნდა აღვნიშნო, რომ აპლიკაციის მომზადებაც ერთგვარი მინი-პროექტი გახლავთ და მასაც წარმართვა სჭირდება. გრანტის მაძიებელ ორგანიზაციებს ან კონსორციუმებს სხვადასხვა სახის ანკეტური მონაცემების მოწოდება დასჭირდებათ. საკონტაქტო ინფორმაცია ავტომატურად გამოჩნდება ელექტრონულ ფორმაზე, როცა მონაწილის საიდენტიფიკაციო კოდი (PIC) იქნება შეყვანილი. მხოლოდ გადაამოწ­მეთ, რომ ინფორმაცია არ იყოს მოძველებული. თქვენ აგრეთვე უნდა აღწეროთ ორგანიზაციის აქტივობები და როლი,რომლის შესრულებასაც აპირებთ მოცემულ პროექტში. ასევე, უნდა ჩამოთვალოთ ევროკავში­რიდან ადრე მიღებული ყველა გრანტი ან მიმდინარე აპლიკაციები, რომლებიც დამტკიცებას ელის. ხშირად ხდება, რომ ყველა ამ ინფორმაციის შეგროვებას სჭირდება დრო, თუ თქვენს ორგანიზაციას ერთი საერთო მონაცემთა ბაზა არ გააჩნია, ამიტომ გირჩევდით, რომ ამ ინფორმაციის მოკრებას დროულად შეუდგეთ. ასევე, მოგეთხოვებათ, აღწეროთ თქვენი ორგანიზაციის ფინანსური და ოპერაციული შესაძლებლობები, რათა დანამდვილებით ჩანდეს, რომ შეგიძლიათ იმ როლის შესრულება, რომელსაც თქვენგან მოელიან მოცემულ პროექტში. მონაცემები გადმოეცით მოკლედ და კონკრეტულად. თუ შეიძლება, დარწმუნდით, რომ თქვენი ამჟამინდელი გამოცდილება შეესაბამება იმ როლს, რომლის შესრულებასაც აპირებთ პროექტისთვის. ჩვენი თხოვნა იქნება, შეამოწმოთ, რომ სააპლიკაციო ფორმაში ყველა გრაფა შევსებული გქონდეთ. თუკი რომელიმე მოთხოვნილი ინფორმაცია არ არის რელევანტური თქვენი ორგანიზაციის ან მოცემულ პროექტისთვის, გთხოვთ, აღნიშნოთ ეს ან ჩაწეროთ გრაფაში ტირე („–“) ან ნული (0), ნუ დატოვებთ გრაფას უბრალოდ ცარიელს. ამ ხერხით თავიდან ავიცილებთ გაუგებრობას: ეს ინფორმაცია უადგილოა თუ უბრალოდ, თქვენ გამოგრჩათ მისი მოწოდება. რაც შეეხება სააპლიკაციო ფორმასთან ერთად მოსაწოდებელ დამატებით დოკუმენტაციას, წინასწარ გაეცანით, თუ რა საბუთები მოგეთხოვებათ და დროულად დაიწყეთ მისი შეგროვება პარტნიორებისგან, განსაკუთრებით – იმ დოკუმენტების, რომლებიც ხელმოწერას საჭიროებენ. მათგან უმრავლესობისთვის წინასწარ მოცემული ფორმები არსებობს.

მეორე ძირითადი ბლოკისთვის თქვენ გთხოვენ თავად პროექტის აღწერას, მაგრამ მანამდე, სანამ აპლიკაციის ფორმის შევსებას შეუდგებოდეთ, გირჩევ­დით, პარტნიორებთან მთავარი შეთანხმებებისთვის მიგეღწიათ. მთავარ შეთანხმებებში ვგულისხმობ, თუ ვინ უნდა გააკეთოს „რა?“, „როდის?“ და „რომელი ბიუჯეტით?“. პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებების დასაწყებად საკმარისია ერთგვერდიანი მოკლე რეზიუმე საკითხებზე: „რის გაკეთება გსურთ?“, „როგორია სავარაუდო ბიუჯეტი?“, „რას მოელით პარტნიორებისგან?“ და „რას მიიღებენ ისინი პროექტისგან?“. ამის მერე პროექტის აღწერა ყველა პარტნიორთან ერთად უნდა შემუშავდეს. უპირველეს ყოვლისა, ეს გაგაგებინებთ, რანი არიან თქვენი პარტნიორები და რის მოლოდინი უნდა გქონდეთ მათგან თქვენი პროექტის განხორციელების პერიოდში. მეორეც, ამგვარად ყველა გაიაზრებს თავის მომავალ შესაძლებლობებს და დანიშნულებებს. ამ მთავარი კომპონენტების გარეშე უსარგებლოა სააპლიკაციო ფორმის შევსების დაწყება. წერის პროცესში უეჭველად დაიხვეწება სხვა დეტალებიც. პროექტის აღწერის წერისას თავს უფლება მიეცით, ის სახალისო საკითხავი გახადოთ, რადგან აქ წინასწარ განსაზღვრული ფორმა არ არსებობს. ეს ის ეტაპია, რომელზეც თქვენ თქვენს იდეას შემფასებლებს ჰყიდით. ტექსტის სისტემატიზაციისთვის გამოიყენეთ Word-ის შესაძლებლობები, ააწყვეთ ის პარაგრაფებად, გაავლეთ ხაზი საგულისხმო ფრაზების ქვეშ, ილუსტრაციებად გამოიყენეთ გრაფიკები თუ სურათები – ერთი სიტყვით, გაუიოლეთ შემფასებელს ამოცანა, წაიკითხოს და გაიგოს, თუ რას შეეხება თქვენი პროექტი, თუნდაც რომ არ სურდეს მთელი აღწერილობის წაკითხვა. მუდამ გააზრებული გქონდეთ, რომ შემფასებელმა არაფერი იცის არც თქვენს ორგანიზაციაზე, არც ამ პროექტზე. შესაბამისად, არ მოგერიდოთ ან არ შეუშინდეთ თუნდაც უიოლესი რამეების განმარტებას, რომლებიც თქვენ შეიძლება თავისთავად ცხადი გეჩვენებოდეთ. გამოიყენეთ მტკიცებულებები და გადმოეცით საკმარისი ინფორმაცია წანამძღვრების შესახებ. საკითხი გადმოეცით იმდენად ვრცლად, რამდენადაც აუცილებლობა მოითხოვს, მაგრამ ამავე დროს იყავით რაც შეიძლება ლაკონური და კონკრეტული. და ბოლოს, თუ საამისო დრო დარჩა, იქნებ ისურვოთ, ვინმემ უცხო თვალით წაიკითხოს თქვენი აპლიკაცია, რათა შეაფასოს, ხომ არ აჯობებდა რაიმეს დახვეწა ან უფრო დეტალურად განხილვა. აქტივობებისა და ბიუჯეტის დასაგეგმად გთავაზობთ, დასაწყისში გამოიყენოთ სამუშაო დოკუმენტი, რათა თავად გაერკვეთ აქტივობებში, მათთან დაკავშირებულ თანხებსა და საჭირო დროებში. ამ სამუშაო დოკუმენტს თუ დაეყრდნობით, ბევრად გაგიადვილდებათ პროგრამის მიერ მოწოდებული სააპლიკაციო და საბიუჯეტო ფორმების შევსება. გირჩევდით, აპლიკაციის მზადების პერიოდში დროდადრო გადახედოთ შეფასების კრიტერიუმებს და კრიტიკული თვალით შეაფასოთ, რა მიმართებაშია მათთან პროექტი და თუ შეგიძლიათ მისი გაუმჯობესება. დასასრულს ვიტყვი, რომ აპლიკაციის შევსება არც ისე ძნელია, როგორც შეიძლება თავიდან გვეჩვენოს. ამ საქმისთვის საჭიროა მხოლოდ დრო და ყველა პარტნიორის ერთსულოვანი მონდომება. გახსოვდეთ, რომ ის წარმოაჩენს თქვენს კონსორციუმს, თქვენს პროექტს და ის თქვენ მიერ გაცემული დაპირებაა.

წარმატებებს გისურვებთ.

ვუამბოთ მეგობრებს