content
ლექცია 2. სტრატეგიული კომუნიკაციის სტადიები
გამარჯობა, ძვირფასო მეგობრებო! განვაგრძობთ ჩვენს კომუნიკაციის მოკლე კურსს. წინა ჯერზე განვიხილეთ კომუნიკაციის განსაზღვრება და საბოლოო მიზანი. ახლა გავეცნოთ მის სხვადასხვა სტადიებს.

ის, თუ კომუნიკაცია როგორ აღწევს მიზაბს, შეიძლება განვმარტოთ ე.წ. საკომუნიკაციო ისრის მეშვეობით. მოდით, ამ ისარს შევხედოთ იმ მენეჯერის თვალით, რომელიც ორგანიზებას უწევს, მაგალითად, ჯაზ-ფესტივალს. ამ შემთხვევაში მენეჯერის მთავარი ამოცანაა, მოიზიდოს, ერთი მხრივ, მონაწილეები და, მეორე მხრივ, ვიზიტორები. მოკლედ რომ ვთქვათ, მოიზიდოს მუშტარი.

განვიხილოთ შემთხვევა, როდესაც ეს თემა ნულოვანი ცნობადობისაა – ანუ, ჩვენს სამიზნე აუდიტორიას არასოდეს სმენია ჩვენი ფესტივალის შესახებ. ეს პირველი სტადიაა. მას „არ ვიცი“ ჰქვია. ჩვენ კომუნიკაციას ამ მდგომარეობიდან ვიწყებთ. ამგვარად, ამ სტადიაზე ჩვენთვის მთავარია, უზრუნველვყოთ, რომ ჩვენთვის საინტერესო ადამიანებმა შეიტყონ ფესტივალის არსებობის შესახებ. აქ ყურადღების მოხვეჭისთვის ვიბრძვით. ჩვენ უნდა გავარღვიოთ ინფორმაციული გადატვირთულობის და ხმაურის ქვის კედელი  და მივაღწიოთ ჩვენს პოტენციურ აუდიტორიამდე. მოდით, მივიჩნოით, რომ ეს მოვახერხეთ. ადამიანებმა უკვე იციან, რომ ასეთი ფესტივალი არსებობს. ჩვენმა აუდიტორიამ გადაინაცვლა მომდევნო სტადიაზე: „ვიცი“. მაგრამ ჩვენ გვესმის,რომ ადამიანებმა მრავალი სხვა ფაქტის შესახებაც იციან: რომ ორჯერ ორი ოთხია, რომ ამერიკის პრეზიდენტია დონალდ ტრამპი, რომ მსოფლიო ებრძვის კლიმატის ცვლილებას და რომ ამქვეყნად ყველა ადამიანი მოკვდავია. და ასე შემდეგ. ამქვეყნად ბევრი რამაა, რაც ადამიანებმა იციან. მაგრამ ჩვენ რაღაც სხვა გვჭირდება. შემდეგი ნაბიჯია ჩვენი აუდიტორიის ინტერესის აღძვრა. ამ ინტერესის გარეშე ცოდნა ჩვენი ფესტივალის შესახებ უბრალოდ ნეიტრალური ინფორმაციაა და ადამიანებს ის არაფრად ენაღვლებათ. ის მათთვის სულერთია. ნამდვილი ინტერესის გარეშე გინდ ფესტივალის შესახებ ჰქონიათ ინფორმაცია, გინდ – მიზიდულობის კანონზე (კაცმა რომ თქვას, მთელი ცხოვრება შეგვიძლია გავატაროთ ისე, რომ ამ კანონზე არც დავფიქრდეთ, თუმცა მხოლოდ ამ კანონის წყალობით ვახერხებთ, დედამიწაზე ვიაროთ და კოსმოსის წყვდიადში არ გავფრინდეთ). ჩვენ ინფორმაცია ფესტივალის შესახებ ადამიანებს ისე უნდა მივაწოდოთ, რომ მოვიზიდოთ ისინი, რომ ადამიანებს მოუნდეთ, მეტი გაიგონ მასზე. ადამიანებისთვის ის სულერთი არ უნდა იყოს. უნდა შედიოდნენ ფესტივალის ვებგვერდზე, იგებდნენ თარიღებს, განრიგებს, ბილეთის ფასებს. ეს სტადიაა „მაინტერესებს“. აქ საჭიროა მაქსიმალური შემოქმედებითობის გამოჩენა, ყველაფრის გაკეთება იმისათვის, რომ მივწვდეთ არა გონებას, არამედ – ემოციებსა და გრძნობებს, და ვუბიძგოთ ჩვენს აუდიტორიას, გამოიკვლიოს, რაღაც გააკეთოს მეტის შესატყობად და პირველი ნაბიჯი გადადგას. ამ ნაბიჯს ჰქვია „მოსინჯვა“. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, უზრუნველვყოთ, რომ ამ მოსინჯვამ გაამართლოს და ის რეალურად განხორციელდეს – მაგალითად, საიტი გახსნილი იყოს და გამართულად მუშაობდეს, სალაროში ბილეთები იშოვებოდეს. ან, მაგალითად, მუსიკოსებთან მიმართებაში, პროდიუსერი ყოველთვის პასუხობდეს სატელეფონო ზარებს და ამომწურავად განმარტავდეს შეკითხვებს. თუ „მოსინჯვის“ სტადიას წარმატებით გავართმევთ თავს, შემდეგ ნაბიჯად უნდა უზრუნველვყოთ, რომ ეს მოსინჯვა განვითარდება და გადაიქცევა, ასე ვთქვათ, მუდმივ გამოყენებად. მაგალითად, მუსიკოსები უნდა გამოთვამდნენ სურვილს, ჩვენი ფესტვალის პროგრამაში ყოველწლიურად იყვნენ ჩართული. მსმენელებსაც უნდა სურდეთ, ყოველ წელს დაესწრონ ჩვენს ფესტივალს და საკუთარ კალენდარში შესაბამისი დღეები ამ ღონისძიებაზე დასასწრებად გამოყონ.

საჭიროა, ჩამოვაყალიბოთ ეგრეთ წოდებული „ბირთვი-აუდიტორია“ და ადამიანი, ვინც პირველად მოსინჯავს დასწრებას, „ერთგულ მუშტრად“ იქცეს. თუ ამას არ ვიზამთ, თუ არ შევინარჩუნებთ ჩვენს აუდიტორიას, მაშინ ყოველწლიურად მოგვიხდება უამრავი რესურსის დახარჯვა იმისათვის, რომ სულ თავიდან გავიაროთ ყველა სტადია და ვეცადოთ ჩვენი მომხმარებლის პოვნას ადამიანთა უკიდეგანო ოკეანეში.

ბოლო სტადიას უმაღლესი მიღწევის სტადიას დავარქმევდი. ამ დროს ჩვენი მუშტარი ჩვენი ფანი ხდება. ის არა მხოლოდ ყოველწლიურად ესწრება ჩვენს ფესტივალს, არამედ თან მოჰყავს ოჯახიც, მეგობრები, ყველას ეუბნება, რომ მათ ცხოვრებას აზრი არ აქვს, თუ ერთხელ მაინც არ იგემებენ ასე გემრიელ მუსიკალურ საკვებს. ამ სტადიაზე მხოლოდ ჩვენ კი აღარ ვხარჯავთ რესურსებს ყველა სტადიის გასავლელად, არამედ ამ საქმიანობაში ჩვენი ფანებიც ერთვებიან. და კომუნიკაციის პროცესი ფერდობზე დაგორებული თოვლის გუნდასავით კრეფს სიჩქარეს და სულ უფრო დიდ აუდიტორიას იკრებს გარშემო.

რასაკვირველია, ყველა ეს სტადია საკმაოდ პირობითია და რეალური ცხოვრებაც უფრო რთული ელემენტებისგან შედგება. მაგალითად, იშვიათად თუ შევხვდებით ნულოვანი ცნობადობის შემთხვევას. აუდიტორიას შეიძლება უკვე ჰქონდეს გარკვეული დამოკიდებულება, რომელიც შესაძლოა ჩვენთვის ყოველთვის ხელსაყრელი არ იყოს. მაგალითად, შეიძლება, ვინმეს ჯაზი საერთოდ არ უყვარდეს. სხვას შეიძლება, კიდევაც უყვარდეს ჯაზი, მაგრამ მისთვის გადამწყვეტი იყოს, თუ რომელი მუსიკოსები მონაწილეობენ ფესტივალში. ან შესაძლოა, ვინმეს პიროვნულად არ მოსწონდეს ორგანიზატორი ან მთავარი სპონსორი. ამგვარად, კონკრეტული სტადიებისას ჩვენ იმდენად ინტერესის გაღვივებაზე არ ვმუშაობთ, რამდენადაც აღქმის შეცვლაზე, სტერეოტიპების დამსხვრევასა და ახალი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე.

ასეც და ისეც, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი საბოლოო მიზანია „მუშტარი/ფანი“. როგორ მიმდინარეობს ეს ტრანსფორმაცია და როგორ შეიძლება მისი მიღწევა? ეს ჩვენი მომდევნო ეპიზოდის თემაა.

ამჯერად დავიმახსოვროთ, რომ:

· კომუნიკაციის პროცესი რამდენიმე სტადიისგან შედგება: თავდაპირველად აუდიტორიამ უნდა შეიძინოს ცოდნა იმაზე, რაზეც ჩვენ ველაპარაკებით, შემდეგ დაინტერესდეს მისით, შემდეგ იქცეს ერთგულ მომხმარებლად და ბოლოს, გახდეს ფანი.

შეხვედრამდე!

ვუამბოთ მეგობრებს