content
ლექცია 1. მეწარმეობა და ინოვაცია: ფინანსების წარმატებით მოძიების მიმართულებები
ეს კურსი ყურადღებას ამახვილებს ფინანსების მოძიების ალტერნატიულ მეთოდებზე, რომლებიც ხელოვნების სფეროს დამწყებ კომპანიებს პირველი ნაბიჯების გადადგმაში ეხმარება. ის ლოგიკურად შედგენილია იმგვარად, რომ მოიცავს ინოვაციის და მეწარმეობის საფუძვლებს, ძირითად ბიზნესმოდელებს, ხელოვნების თემატიკის ბიზნესგეგმების საბაზისო შინაარსსა და სტრუქტურას და ჩარჩოს ხელოვნებასა და ეკონომიკის სხვა სექტორებს შორის გადაკვეთებისთვის, რასაც შედეგად მოჰყვება შემოქმედებითი ქალაქების, შემოქმედებითი კლასტერების და თანამშრომლობის სხვა სტრატეგიული ფორმების განვითარება.

მეწარმეობის თეორიები: მოკლე მიმოხილვა

საუკუნეების განმავლობაში ადამიანებმა განავითარეს უამრავი სწავლება თუ თეორია, რომელთა მიზანიც იყო, ჩამოეყალიბებინათ, თუ რა არის მეწარმეობა და ვინ არიან მეწარმეები. სიტყვა entrepreneurship-ის (მეწარმეობა) ეტიმოლოგია ფრანგული და გერმანული ენებიდან მოდის და „წამოწყებას“, „კისრებას“ ნიშნავს. ამ კომპლექსური ფენომენის საყოველთაოდ მიღებული განსაზღვრება არ არსებობს. მე სხვადასხვა შეხედულების სკოლებს რამდენიმე ჯგუფად დავყოფ:

  • მეწარმეები, როგორც გამრისკველები: რიჩარდ კანტილონი (Richard Cantillon, 1680-1734) იყო პირველი ავტორი, რომელმაც „მეწარმეს“ ასეთი განსაზღვრება შეუსაბამა: ადამიანი, რომელიც მზადაა, გარისკოს მომავალი სარგებლის მისაღებად.

  • მეწარმეები: ეკონომიკური განვითარების ძირითადი ფაქტორი: Key Factor for Economic Development: ჟან- ბატისტ სეის (Jean-Baptiste Say, 1767-1832) განსაზღვრით, მეწარმეები არიან ისინი, ვისაც ეკონომიკური რესურსები გადააქვთ უფრო მაღალი პროდუქტიულობის მქონე სფეროებში და აგებენ წარმოების პროცესს, წარმოების სხვადასხვა ფაქტორის კომბინირებით ინფორმაციასა და გამოცდილებასთან.

  • მეწარმე: ინოვატორი და ცვლილების განმახორციელებელი: იოზეფ შუმპეტერმა (Joseph Shumpeter, 1883-1950) მეწარმე განსაზღვრა, როგორც „კრეატიული ნგრევის“ პროცესის ლიდერი და ხელისშემწყობი.

  • მეწარმეს ქმნის პირადი თვისებები და მახასიათებლები: მიღწევათა მოპოვების მაღალი მოთხოვნილება, მოტივაცია, იყოს წარმატებული, ძლიერი თავდაჯერებულობა, ოპტიმისტ, ინოვატორ, შემოქმედებით, წარმოსახვის უნარის მქონე, დაუღლელ და ინიციატორ პიროვნებად ყოფნა.

  • მეწარმეს ქმნის გარემო პირობები: გარე ფაქტორები მოიცავს ოჯახურ წარმომავლობას, მუშაობის ისტორიას, განათლებას, სოციალურ კავშირებს, კულტურას, ადრინდელ მენეჯერულ გამოცდილებას.

  • მეწარმე, როგორც ლიდერი და მენეჯერი. რადგან ყოველი წამოწყება დროთა განმავლობაში იზრდება, მეწარმე საორგანიზაციო ზრდის რომელიღაც ეტაპზე ლიდერი და მენეჯერი ხდება. ამიტომ მართვის უნარები და კომპეტენციები ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. 

მეწარმეობა ხელოვნების სფეროში: განსაზღვრება

მეწარმეობა ხელოვნების სფეროში არის როგორც ეკონომიკური, ასევე სოციო-კულტურული საქმიანობა. ის ეფუძნება:

  • ხელოვნების მიმართ ძლიერი მისწრაფების ქონას;

  • მდგრადი ბიზნესგანვითარების სტრატეგიული ხედვის ქონას; და

  • იმ თანამედროვე კონტექსტის ღრმა წვდომას, რომელშიც ხელოვნების სფეროს უწევს საქმიანობა.“

ხელოვნების სფეროს მეწარმეები იყენებენ კრეატიულ და ინოვაციურ მხატვრულ იდეას და გარდაქმნიან მათ მდგრად ბიზნესმოდელად. ამ მიზნით ისინი მოიძიებენ და ორგანიზებას უწევენ რესურსებს, რომელიც თავად ხელთ არ აქვთ, და ხორცს ასხამენ სხვადასხვა ინოვაციურ მიდგომას; ამ დროს ისინი მიდიან გარკვეულ რისკზე (არა მხოლოდ ფინანსურზე, არამედ – რეპუტაციასთან დაკავშირებულზეც). ისინი გრძნობენ და იყენებენ გარე შესაძლებლობებს და ტენდენციებს – არა მხოლოდ ბაზართან დაკავშირებულს, არამედ საზოგადოებრივი, ადამიანური და კულტურული სფეროებისას“. (წყარო: Varbanova, Lidia; 2016. International entrepreneurship in the arts, Routledge)

მეწარმეები ხელოვნებაში: ტიპები და სპეციფიკაციები

  • კულტმეწარმე ხელოვან მეწარმეზე უფრო ფართო ტერმინია და აღნიშნავს კულტურული სექტორის მეწარმეს, რომელიც მუშაობს მარტო ან ორგანიზაციულ გარემოში ხელოვნებისა და კულტურის სფეროს მიმართულებათა ფართო სპექტრში.

  • ხელოვანი მეწარმე არის ხელოვანი, რომელიც ხელოვნების სფეროში მოღვაწეობს, მაგრამ ამავე დროს ასრულებს ყველა იმ ფუნქციას, რაც უკავშირდება მის ბაზარზე გატანას. ეს ფუნქციებია: ფინანსების მოპოვება, კლიენტებთან დაკავშირება, პოპულარიზაცია, ფინანსური მენეჯმენტი და სხვა.

  • შემოქმედებითი მეწარმე: აღნიშნავს იმ მეწარმეებს, რომლებიც შემოქმედებითი ინდუსტრიების სხვადასხვა დარგში მუშაობენ. ეს მეწარმეები იწყებენ და უძღვებიან შემოქმედებით ელემენტების მქონე ბიზნესწამოწყებებს, არაკომერციულ ორგანიზაციებს და სოციალურ საწარმოებს.

  • ხელოვნების სფეროს ბიზნესმეწარმეები: ბიზნესორგანიზაციების დამაარსებლები და მფლობელები.

  • სოციალური მეწარმეები მონაწილეობას იღებენ სოციალური პრობლემის გადაჭრაში და ზემოქმედებენ საზოგადოებაზე ადამიანების, ჯგუფებისა და თემებისთვის შესაძლებლობათა მიცემით.

  • თემის მეწარმე წაახალისებს ეკონომიკურ საქმიანობას თემის შიგნით და ხელს უწყობს პრობლემათა გადაჭრას ცალკეულ რეგიონში ან ქალაქში, დასაქმების შესაძლებლობათა შექმნით ადგილობრივ დონეზე.

  • ხელოვნების სფეროს ციფრული მეწარმე იყენებს ახალი ტექნოლოგიების შესაძლებლობებს და ონლაინ ინსტრუმენტებს – საერთაშორისო შესაძლებლობათა მოსაძიებლად და გამოსაყენებლად, ახალი ბიზნესის შესაქმნელად, ინფორმაციის გასავრცელებლად, საქონლის და მომსახურების ონლაინ გასაყიდად და/ან კლიენტებთან და პარტნიორებთან სათანამშრომლოდ.

 ინოვაციები: წარმატებული გარე დაფინანსების ინსტრუმენტები

ინოვაციები მნიშვნელოვანი ფაქტორია გარე დაფინანსების მოძიების საქმეში, რადგან ისინი გამოკვეთენ ხელოვნების სფეროს ახალი კომპანიის განსხვავებულობას და უნიკალურობას. მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას, რომ ინოვაციები უკავშირდება არა მხოლოდ ტექნოლოგიას, არამედ იმ სოციალურ და ეკონომიკურ ღირებულებებსაც, რასაც ისინი ქმნიან.

ინოვაციის ტიპები

ლიტერატურაში ინოვაციის შესახებ გამოიყენება სხვადასხვა ტიპოლოგია, დაფუძნებული ისეთ კრიტერიუმებზე, როგორიცაა: ინოვაციის ხანგრძლივობა, ცვლილებათა სახეები, რომლებსაც შედეგად ვიღებთ, სექტორი, რომელშიც ის შემუშავდება, ინოვაციის გაჩენის გზა, ინოვაციის პროცესის უკან მდგარი მამოძრავებელი მოტივები და სხვა.

  • გამრღვევი ინოვაცია აღნიშნავს რადიკალურ ცვლილებებს მრავალ სფეროში, იქნება ეს პროდუქტი, პროცესი, თუ წარმოებისა და გავრცელების მეთოდი. ამგვარი ინოვაცია რისკიანია და მოითხოვს დიდ ინვესტიციებს, განსაკუთრებით – კვლევასა და განვითარებაში (R&D).

  • საფეხურებრივი ინოვაცია უკავშირდება არსებული პროდუქტის, მომსახურების, პროცესის თუ მეთოდის მუდმივ და თანდათანობით გაუმჯობესებას. ის მნიშვნელოვნად არ ცვლის ბიზნესმოდელს ან პროდუქტის წარმოების თუ მოხმარების ხერხს.

  • არსებობს ინოვაციის სხვა სახეებიც, დაფუძნებული სხვადასხვა კრიტერიუმზე, ესენია:

      • პროდუქტის და პროცესის ინოვაციები

      • სისტემური და სპორადული ინოვაციები

      • ბიზნეს- და სოციალური ინოვაციები

ხელოვნების სფეროში ინოვაციებს შემდეგი ასპექტები აქვს:

  • დარგთა შორის გადამკვეთი – სხვა დარგებთან (მეცნიერება, ტექნოლოგიები, სოციალური სფეროები, განათლება და სხვა) გადაკვეთა მხატვრულ პროექტს თუ ორგანიზაციას უნიკალურობას ანიჭებს.

  • ინკლუზიური და მონაწილეობითი – ეხმარება ხელოვნების გამოყენებას თემში სოციალური, ეკონომიკური თუ სხვა სახის საჭიროებათა მოგვარების საშუალებად.

  • ორმაგი ფუნქციის მქონე – უკავშირდება შემოქმედებით პროცესს, მაგრამ აგრეთვე სხვა საორგანიზაციო არეებსაც.

  • თანამშრომლობითიიძლევა იდეების გაცვლის საშუალებას ცალკეულ სახელოვნებო ორგანიზაციებსა და თემებს შორის.

  • ქვეყნის მიხედვით სპეციფიკური – ის, რაც შეიძლება, ინოვაცია იყოს რომელიმე ქვეყანაში, რეგიონში ან კონტექსტში, შეიძლება სხვაგან არ აღმოჩნდეს ინოვაცია.

მას მერე, რაც პირველ ვიდეოში გავარკვევთ, რას წარმოადგენს მეწარმეობა ხელოვნებაში, ვინ არიან ხელოვნების სფეროს მეწარმები და რატომ არის ინოვაცია ასე მნიშვნელოვანი, ჩვენ მომდევნო ვიდეოში განვიხილავთ ბიზნესმოდელების საფუძვლებს და გარე დაფინანსების წყაროებს ხელოვნების სფეროს დამწყები კომპანიებისთვის. შემდეგ, მესამე ვიდეოში გავეცნობით ბიზნესდაგეგმარების საფუძვლებს გადამკვეთ, თანამშრომლობით და სტრატეგიულ რეჟიმებში. 

ვუამბოთ მეგობრებს